ზურაბიშვილი ზურაბ (01. IX. 1973, თბილისი). ქართვ. მომღერალი. ზ. ზ. ბავშვობიდანვე ეუფლებოდა ქართ. ხალხ. სიმღერას. მისი პედაგოგები იყვნენ - თემურ ქევხიშვილი და კოტე მშვიდობაძე. მოგვიანებით, უკვე 14 წლისა კონსერვ. არსებულ სამუსიკო ექსპერ. სკოლაში შევიდა, სადაც ასწავლიდა პროფ. ანი ჩიხრაძე. გარდატეხის ასაკში, ხმა რომ არ გაფუჭებოდა, მან ცოტა ხნით თავი დაანება სიმღერას. ზ. ზ. სწავლობდა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტზე (1986-1989). მეოთხე კურსიდან კი სწავლას თბილ. სახელმწ. კონსერვ. აგრძელებს (1990-1993) ანი ჩიხრაძის ხელმძღვ. ზ. მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან მუს. სასწავლებელში, ზალცბურგის მოცარტერიუმში იწყებს სწავლას (1994 -2002, ავსტრია), რ-საც წარჩინებით ამთავრებს და იღებს ხელოვნების მაგისტრის დიპლომს. მისი პედაგოგი იყო: პროფ. მარტა შარპი. მას გავლილი აქვს მასტერკლასები-ბერნდ ბეიკლთან, შერილ მილნესთან, ლორენ ნუბართან, პაატა ბურჭულაძესთან და სხვა. ავსტრიის კულტ. მინისტრმა მომღერალი ღირსების ორდენით დააჯილდოვა (2003), რ-იც მთელი ავსტრიის მასშტაბით წელიწადში მხოლოდ ერთ ხელოვანზე გაიცემა. ახალგაზრდა მომღერალი 83 ტენორს შორის გამოარჩიეს და მიიწვიეს აუგსბურგის (გერმანია) ოპერაში, ასე დაიწყო მისი საოპერო კარიერა. ზ-ს მიერ აუგსბურგში ნამღერი პირველი ოპერა იყო დე ალბერტის „შავი ორქიდეა“. პერსის პარტიას მოჰყვა დონ ხოსე-„კარმენიდან“, ჰერცოგი-„რიგოლეტოდან“, მაკდუფი „მაკბეტიდან“, იდომენეო მოცარტის ამავე სახელწოდების ოპერიდან და კავარადოსი -„ტოსკადან“. მომღერალმა მოწვევები მიიღო გერმ., ავსტრიისა და იტალ. ოპერებიდან, რომელთა სცენებზეც წარმატებით იმღერა. იგი (2006) გადადის დარმშტადტის სახელმწიფო თეატრში, აქ ასრულებს ისეთი პარტიებს, როგორებიცაა: მანრიკო — „ტრუბადურში“, რადამესი — „აიდაში“, კალაფი — „ტურანდოტში“ და მაურიციო „ადრიანა ლეკუვერში“. მან გრაცში ტალიავინის სახ. საერთაშ. კონკურსზე (Ferruccio Tagliavini) ორმაგი ჯილდო აიღო (ავსტრია, 2005). ჟიურიში იყვნენ საოპერო ხელოვნებაში ისეთი ცნობილი წარმომადგენლები, რ-იც არიან — კატია რიჩარელი, ვიტორია ტერანოვა და სხვები. ზ. ზ. ესენის ოპერის თეატრ. მთ. ტენორია (2010). ესენში მისი პირველი სპექტაკლი იყო — პუჩინის „ბოჰემა“. სპექტაკლის შემდეგ გამოსულ ინტერნაციონალურ საოპერო ჟურნ., მომღერლის შესრულებას უმაღლესი შეფასება მისცეს. ზ. ბევრს მოგზაურობს, მონაწილეობს სპექტაკლებში გერმ., ავსტრიისა და სამხრეთ ამერიკის თეატრებში. მის რეპერტუარშია ოპერები: „ლუიზა მილერი“, „ანდრე შენიე“, „ბოჰემა“, „აიდა“, „ტოსკა“, „მადამ ბატერფლაი“, „ ოტელო“, „ნორმა“, „ტრავიატა“, „ნაბუკო“, „რიგოლეტო“, ანა კარენინა“. ზ. ეწევა პედ. მოღვაწეობას, გერმ. მუსიკის კურსი მიჰყავს პეზაროს საერთაშ. საოპერო აკადემიაში, რ-საც ქართვ. სოპრანო ნინო ლეჟავა ხელმძღვანელობდა.