კაჭახიძე გიორგი ვარლამის ძე
კაჭახიძე გიორგი ვარლამის ძე

კაჭახიძე გიორგი ვარლამის ძე (3.II.1907, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპ. – 2.XII.1979, თბილისი), ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1930). სტუდენტობიდანვე დაუკავშირდა გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტის“ გარშემო არსებულ ლიტ. წრეს, აქვე გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსებიც (1927). ლექსების პირველი წიგნი იყო „ჩემი პირველი უჯრედი" (1932). კ. გ. ავტორია ლირ. კრებულებისა: „ის უბანი და ის კარმიდამო" (1934); „ახა­ლი ლექსები" (1950); „რჩეული" (1958); „მადლი მიწისა" (1962); „მეც ჩემებური გუთნისდედა ვარ" (1964); „ერთტომეული" (1970); „იმ ვარსკვლავების შუქი" (1976). განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი როგორც საბავშვო მწერლისა და ჟურნალების „ოქტომბრელისა“ და „პიონერის“ რედაქტორის ღვაწლი. მან არა ერთი პოეტური კრებულით გაამდიდრა ჩვენი საბავშვო ლიტ-რა: „ალუბლები ჰყვავიან" (1940); „სწავლასა და სიხარულში" (1955); „მალხაზებისთვის რაც მიმღერია" (1959); „გაზაფხული მოგვილოცეს" (1963); „გამარჯობა, ნატვრის ჩიტო" (1973); „ის ურჩევნია მამულსა" (1977) და სხვ. გამოცემული აქვს მონოგრაფია „შიო მღვიმელის ცხოვრება და პოეზია" (1966). კ. გ.-ს ლექსები თარგმნი­ლია სხვა­და­სხვა ენაზე. პოეტს მინიჭებული ჰქონდა ი. გოგებაშვილის მედალი მისი მრავალწლიანი ლიტ. და პედ. საქმიანობისთვის, განსაკუთრებით საბავშვო ლიტერატურისა და საგანმან. მიმართულებით გაწეული ღვაწლის გამო (1960); დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.