-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული პოეტი
გელოვანი მირზა (რევაზ) გედეონის ძე (2.III.1917, სოფ. ნაქალაქარი, თიანეთის რ-ნი - 26.VI.1944, ბელარუსი, ვიტებსკის ოლქი, ბერენკოვიჩის რ-ნი, სოფ. სანიკი, ძმათა სასაფლაო), ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა თსუ-ში(1936-1939). მუშაობდა გამომც. "ფედერაციაში" და "საბჭოთა აფხაზეთის" რედაქციაში. მისი ლექსები იბეჭდებოდა "ჩვენს თაობაში" და სხვა ჟურნალ გაზეთებში (1935-დან). გაიწვიეს წითელ არმიაში (1939). დაიღუპა სსრკ–გერმანიის ომის მიწურულს. მან შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. აღიარება მოუტანეს ლექსებმა: "თუშის ქალი წყაროზე"; "ცხრაკარა"; "შავლეგო"; "მელოდე"; "მთაწმინდიდან სმოლენსკამდე"; "იჯექი წყნარად"; "მთვარე"; "შემოღამება საბადურზე"; "მახსოვს"; "ხრეშად დაცვივდა სიტყვები". ასევე აღსანიშნავია ბალადა "აონი", პოემა "შავნაბადა" და სხვ. გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: "ლექსები" (1954), "შავნაბადა" (1956), "ცხრაკარა" (1960), "უბის წიგნაკიდან" (1964), "თეთრი მიწა" (1972), "ფრონტული ლექსები" (1975). მიენიჭა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია (1975) და საქართვ. კომკავშირის პრემია (1973)
თხზ.: გელოვანი, მ. (1964). უბის წიგნიდან : ლექსები, ბალადები, პოემა, მოთხრობები, წერილები. თბ., საბჭ.საქართველო; გელოვანი, მ. (1979). რჩეული ლექსები. თბ., მერანი.