- კატეგორიები: კურსდამთავრებული პროზაიკოსი პოეტი
დუმბაძე ნოდარ ვლადიმერის ძე (14.VII.1928 ქ. თბილისი- 14.IX.1984). 1950 წელს დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტი, ამავე წლიდან მისი ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში. პარალელურად მუშაობდა ასისტენტად უნივერსიტეტის ლაბორატორიაში. 1956—1957 წლებში გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალებთან, წერდა კინოსცენარებს. 1967—1972 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი. 1981-1984 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. ნოდარ დუმბაძეს პირველივე რომანმა მოუტანა პოპულარობა, შეიძლება ითქვას, რომ ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი’’ მისი მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია (1960). ამას მოჰყვა ,,მე ვხედავ მზეს’’ (1962), ორივე რომანი 1966 წელს საკავშირო ლენინური კომკავშირის პრემიით აღინიშნა. მწერლის მნიშვნელოვან ნაწარმოებთა რიცხვს ეკუთვნის აგრეთვე რომანები: ,,მზიანი ღამე’’ (1967), ,,ნუ გეშინია დედა’’ (1971), ,,თეთრი ბაირაღები’’ (1979) და მოთხრობების მთელი ციკლი - ,,დიდრო’’, ,,კორიდა’’, ,,ძაღლი’’, ,,უმადური’’, ,,კუკარაჩა’’. ერთის მხრივ თხრობის ლირიზმა და მეორე მხრივ ცოცხალმა ხალხურმა იუმორმა მოხიბლა მკითხველი და ხელი შეუწყო ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებთა პოპულარობას, როგორც სამშობლოში, ასევე მსოფლიოს არაერთ ქვეყყანაში. მწერლის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. გადაკეთებულია პიესებად და სცენარებად, დადგმულია სპექტაკლები და გადაღებულია ფილმები საქართველოსა და უცხოეთში. 1980 წელს რომანისათვის ,,მარადისობის კანონი’’ მწერალს ლენინური პრემია მიენიჭა. 1975 წელს ნოდარ დუმბაძეს, 1973-1974 წლებში გამოქვეყნებული რომანისათვის ,,თეთრი ბაირაღები’’ და მოთხრობებისასთვის - ,,დიდრო’’, ,,კორიდა’’, ძაღლი’’, ,,უმადური’’ –შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. გარდაიცვალა 1984 წელს. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.