ზურაბიშვილი ილია ელეფთერის ძე
ზურაბიშვილი ილია ელეფთერის ძე

ზურაბიშვილი ილია ელეფთერის ძე (18.III.1872, ყვარელი – 29.III.1955, თბილისი), მწერალი, ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა სოფ. საცხენისის ორკლასიანი სასწავლებელი.  საფუძვლიანად შეისწავლა ქართ. ლიტერატურა, თეატრ. ხელოვნება. დაწერა  პირველი ავტობიოგრაფიული ხასიათის მოთხრ. „გაროზგილი” (1894), რ-იც მოგვიანებით დაიბეჭდა „ივერიის ბიბლიოთეკაში” (1905); ამავე წელს „კვალში” დაიბეჭდა მისი ვრცელი მოთხრ. „სამშობლოს მსხვერპლი”. იყო თბილ. საოლქო სასამართლოს თარჯიმანი (1896); თბილ. გუბერნიის საკრებულოს მდივნი (1903);  ი. ჭავჭავაძე  სისტემატურად უბეჭდავდა მოთხრობებს, ესკიზებს, ფილოს. ნოველებსა და თეატრ. რეცენზიებს.  მისი 39 მოთხრ. დაიბეჭდა „ივერიაში”: „შენმა სულმა ზღოს” (1894); „დიდება ხელოვნებას” (1895); „ღუღუნი” (1895); „განთიადი, განთიადი!” (1902); „ტალღა” (1905) და სხვ.. ხშირად სარგებლობდა ფსევდონიმებით: ი. ელეფთერიძე, ინზენი და ილო.  მოთხრ. „ტურიკო, მგელია და თოლიას” (1905) საფუძველზე გადაღებულია კინოფილმი. შექმნა ქართვ. მსახიობთა საინტერესხო სახეები, დაგვიტოვა მოგონებები  ქართვ. მწერლებზე, ასე მაგ.: „მოგონება ილია ჭავჭავაძეზე” (1939), „მოგონება აკაკი წერეთელზე” (1942), ნ. ლორთქიფანიძეზე – „რაინდი უშიშარი და უმწიკვლო” (1945) და სხვ. აღსანიშნავია ზ. ი.-ს მოღვაწეობა მუსიკათმცოდნეობის დარგში. მას ეკუთვნის გამოკვლევები: „კახური „მრავალჟამიერის”, „ურმულის”, „ცეკვა ქართულის” (წიგნში-„ხალხის შემოქმედი გენია”, 1949); მონოგრაფიული ნაშრომები: „ვანო სარაჯიშვილი” (1939), „ნიკო ქუმსიაშვილი” (1940), ,,ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი” (1941). ამ ნაშრომებით ზ. ი.-მ ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა ქართ. სამუსიკო კრიტიკას, როგორც ქართ. მუსიკათმცოდნეობის დარგს. მან, როგორც კრიტიკოსმა, განსაკუთრებული როლი შეასრულა ზ. ფალიაშვილის შემოქმედებით ცხოვრებაში. ესწრებოდა  „აბესალომ და ეთერის“ რეპეტიციებს და მუშაობდა ამ ნაწარმოების შესახებ წინასწარი შთაბეჭდილების შესაქმნელად, რათა საზ-ება მოეზიდა. იყო ამავე დროს რეცენზენტი, სწორედ „ინენის“ ფსევდონიმით გამოაქვეყნა მან წერილები ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერის შემდეგ. რეცენზიებში მიცემული რჩევების უმეტესობა გაითვალისწინა კომპოზიტორმა. ი. თარგმნიდა რუს. და ევრ. კლასიკოსებს. იყო ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის წევრი (1897-1917).

თხზ.: ზურაბიშვილი, ი. (1972). თეატრალური პორტრეტები, ნარკვევები მუსიკაზე. თბ., ხელოვნება; ზურაბიშვილი, ი. (1977). მოთხრობები, მოგონებები. თბ., საბჭ. საქართველო.

ბიბლ.: სიგუა, ა. (1985). ქართული ხელოვნების მოღვაწენი. თბ.;  სიგუა, ა. (1989). ილია ზურაბიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. თბ.; ქართ. ენციკლოპ. ნ. ალანია; საქართვ.  ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი;  თსუ-ის ფონდი -  471-1-16, გვ. 2.