ზირაქაშვილი თეიმურაზ გიორგის ძე (28. VIII. 1938, თბილისი-11. XI. 2021), გეოგრაფი, გეოლოგი. გეოგრ. მეცნ. კანდ., დოცენტი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ფიზ. გეოგრ. სპეციალობით (1962). მუშაობდა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის მარტყოფის ფიზ.-გეოგრ. სტაციონარში გამგის მოადგილედ (1964-დან). გაიარა ასპირანტურის კურსი (1967-1971). მუშაობდა თსუ-ის ფიზ. გეოგრ. და გარემოს დაცვის კათედრის დოცენტად, შეთავსებით მუშაობდა თსუ-ის სოხუმის ფილიალში გეოგრ. კათედრაზე. მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კომპლექსურ-გეოგრ. საველე სტუდენტურ პრაქტიკებს მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარზე, საგურამო-იალნოს ქედზე, ყაზბეგის მიდამოებში, ხოხის ქედზე და სხვაგან. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე „ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ლანდშაფტურ-გეოფიზიკური თავისებურებანი და წლიური მდგომარეობები: (მარტყოფის სტაციონარის მაგალითზე)“ (1985). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომი, რ-იც შეეხება რეგიონების ლანდშაფტურ კვლევებს: „კახეთის კავკასიონის ბუნებრივი პოტენციალი: მდგომარეობა, პრობლემები, პერსპექტივები“ (კავკასიის გეოგრ. ჟურნ., N 3); „Результаты исследований на Марткопском Стационаре“ (Стационарные исследования – что они дали?: [Сборник статей, 1987]).
ლიტ.: ხარაძე, კ. (თანაავტორი). (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება, ISBN 9992806982.