ჟურნალისტიკის კათედრა
ჟურნალისტიკის კათედრა

ჟურნალისტიკის კათედრა (1949). თსუ-ში ჟურნალისტიკის სპეციალობაზე მოსწავლეების მიღება დაიწყო (1949). ამავე წელს შეიქმნა ჟურნალისტიკის განყ–ბა ფილოლ. ფაკ-ტზე, რომელსაც  პირველ ხანებში ხელმძღვანელობდა ახ. ქართ. ლიტ. კათედრა. მოგვიანებით, დაარსდა ფილოლ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის კათედრა, რომლის გამგედ აირჩიეს პროფესორი გ. ჯიბლაძე; მოადგილედ–პროფესორი ი. ბოცვაძე (1954). კათედრის გამგედ დაინიშნა პროფესორი დ. გამეზარდაშვილი (1959). სპეც. დისციპლინების წასაკითხად კათედრამ მოიწვია გამოცდილი პრაქტიკოსი ჟურნალისტები: დ. მჭედლიშვილი, ტ. კვანჭილაშვილი, ი. ნატროშვილი, ი. ბოცვაძე, ლ. ასათიანი, ნ. ჩხეიძე და სხვ. ჟურნალისტიკის განყ–ბას ჰქონდა მხოლოდ ქართ. სექტორი (1960) თუმცა, მალევე  (1961) ჟურნალისტთა მომზადებისათვის თსუ-ში ფუნქციონირება დაიწყო  ქართულმა და რუსულმა სექტორებმა დღისა და საღამოს განყ–ბებით. მომავალ ჟურნალისტთა პროფ. დახელოვნებისათვის შეიქმნა სასწ.–პოლიგრ. ლაბორატორია (გამგე: ივ. მჭედლიშვილი). ახალგაზრდების დახელოვნებისათვის მნიშვნელოვანი იყო კინო (გამგე თ. ქვარიანი) და ფოტოლაბორატორიების (გამგე ს. მამასახლისი) შექმნა. შესაბამისად, გაიზარდა და გაფართოვდა ჟურნალისტიკის განყ–ბის სასწ. და სამეცნ. მუშაობის პართ.; მომზადდა საფუძველი ჟურნალისტიკის ფაკ-ტის ჩამოყალიბებისთვის. ჟურნალისტიკის სფეროში მეცნ. კვლევა–ძიებისა და სათანადო ტრადიციების შექმნა დაკავშირებულია პროფესორ ს. ხუნდაძისა და პ. გუგუშვილის სახელებთან. პროფესორ ს. ხუნდაძემ საფუძვლიანად შეისწავლა დიდი ქართვ. პუბლიცისტების ი. ჭავჭავაძის, ნ. ნიკოლაძის, გ. წერეთლის, ს. მესხის, ა. ფურცელაძის და სხვათა მემკვიდრეობა და თავის ნაშრომებში, მე–19 ს-ის ქართ. პრესის ვითარება–ხასიათის გაშუქებასთან ერთად, გამოკვეთა მათი ადგილი ქართ. აზროვნების ისტორიაში. ს. ხუნდაძემ წამოიწყო ნ. ნიკოლაძის და გ. წერეთლის რჩეული ნაწერების გამოცემა, რამაც საფუძველი ჩაუყარა გამოჩენილ ქართ. პუბლიცისტთა ნაშრომების შესწავლას. ქართ. ჟურნალისტიკის მეცნ. შესწავლას დიდი ამაგი დასდო პროფესორმა მ. გოცაძემ. გარდა „ქართული პრესის ისტორიისა“, მის კალამს ეკუთვნის მრავალი საინტერესო გამოკვლევა ქართ. ჟურნალისტიკის ისტორიიდან. ჟურნალისტიკის მცოდნეობის დარგში მნიშვნელოვანი ნაშრომები შექმნეს ჟურნალისტიკის ფაკ-ტის პროფესორ–მასწავლებლებმა: ი. ბოცვაძემ, დ. გამეზარდაშვილმა, შ. გაგოშიძემ, ე. იბერმა, ნ. ლეონიძემ, რ. მიშველაძემ, ნ. მახარაძემ, ივ. მჭედლიშვილმა, ტ. კვანჭილაშვილმა, მ. კანდელაკმა, ი. ნატროშვილმა, ნ. ტაბიძემ, დ. ტყებუჩავამ, დ. ჩიკვილაძემ, კ. მიძიგურმა, გ. ჯიბლაძემ, გ. ჯავახიშვილმა, თ. ჯოლოგუამ და სხვ. ჟურნალისტიკის სხვადასხვა პრობლემაზე აქტიურად მუშაობენ: მ. ებრალიძე, მ. ვეკუა, ნ. თათარაშვილი, მ. თავამაიშვილი, ა. იოსელიანი, მ. მიქაძე, მ. მონიავა, მ. ნადარეიშვილი, ლ. ფერაძე და სხვ.