ჟიჟიაშვილი ლევან
ჟიჟიაშვილი ლევან

ჟიჟიაშვილი ლევან ვლადიმერის ძე (12.III.1934, სოფ. ხორხი, დუშეთის რაიონი-XI.2006 ქ. თბილისი, დაკრძალულია სოფ. არანისში, დუშეთის რაიონი). მათემატიკოსი. თსუ-ის პროფესორი, საქ. მეცნ. აკად. ნამდილი წევრი (1993), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1967 მოსკოვის სახემწ. უნ-ტში). დაამთავრა: დუშეთის  საშ. სკოლა, თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1956), ასპირანტურა, პროფ. ვლ. ჭელიძის ხელმძღვანელობით(1960). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1961). საქ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1974). ის იყო: თსუ-ის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური  ანალიზის კათედრის გამგე (1978- 2006), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის დეკანი (1972-1978), სამეცნ. ხარისხის მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს თავ-რე. ის დაჯილდოვებული იყო ღირსების ორდენითა და შრომის წითელი დროშის ორდენით. იყო თვალსაჩინო მკვლევარი ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის დარგში. მისმა პირველხარისხოვანმა 65-ზე მეტმა სამეცნ. ნაშრომმა და 4-მა მონოგრაფიამ გაამდიდრა მათ. მეცნიერება. მსოფლიოში ცნობილმა გამომცემლობამ „კლუვერმა“  გამოაქვეყნა მისი მონოგრაფია ფურიეს ტრიგონომეტრიული მწკრივების აქტუალურ პრობლემებზე. მან გადაწყვიტა: ა) მრავალი ცვლადის ფუნქციებისთვის ზიგმუნდისა და  ულიანოვის პრობლემა შეუღლებული ფუნქციებისა და ჰილბერტის გარდაქმნების თითქმის ყველგან არსებობის შესახებ; ბ)მენშოვის ამოცანა ჯერადი შეუღლებული მწკრივები ჩეზაროსა და აბელ-პუასონის საშუალოების ზომით კრებადობის შესახებ. მან დაამტკიცა: ა) ზოგადი შეფასებები (ერთ და მრავალგანზომილებიან შემთხვევებში) უწყვეტი ფუნქციების და ლებეგის აზრით ინტეგრებადი (1-ზე მეტი ან ტოლი ხარისხით) ფუნქციებისთვის; ბ) კავშირი ზემოთ ნახსენებ  საშუალოებსა და ჰარდი-ლიტლვუდი-ნიკოლსკის ჩართვის თეორემებს შორის. მან დაასაბუთა, რომ: ა) მრავალგანზომილებიანი ჰილბერტის  ოპერატორისთვის არ  სრულდება სუსტი ტიპის უტოლობა ყველა 1-ზე მეტი ან ტოლი  ხარისხის ლებეგის კლასთა თანაკვეთაზე. ბ) (მრავალგანზომილებიანი კომპლექსური ანალიზი) განზომილებაზე ერთით ნაკლები ხარისხისთვის ლოგარითმის სკალით ლებეგის სივრცის მკვრივი სიმრავლისთვის შვარცის ჯერად ინტეგრალს შეიძლება არ ჰქონდეს სასაზღვრო მნიშვნელობა თითქმის ყველგან.  ის იყო მეცნ.  და უმაღლ. სკოლის თვალსაჩინო ორგანიზატორი. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი დაუღალავი და მაღალნაყოფიერი პედ. მოღვაწეობა თსუ-ში. მან შექმნა ამ დარგის შესანიშნავი სკოლა, მის მიერ აღზრდილი მრავალი მეცნ. დოქტორი და კანდიდატი წარმატებით იკვლევს თანამედროვე მათ. პრობლემებს, დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობს სპეციალისტთა ფართო წრეებში როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისი  ხელმძღვანელობით დაცულ იქნა 7 სადოქტორო და 20 საკანდიდატო დისერტაცია. იყო სხვადასხვა სამეცნ. საზ-ების, სააკადემიო თუ საუნივერსიტეტო სამეცნ. ჟურნ. რედკოლეგიის წევრი.

თხზ.: Zhizhiashvili, L. (1973). Some problems  in the theory of simple and  multiple trigonometric and orthogonal series (Russian), Uspekhi Mat. Nauk, 28, №2, pp.65-119; (1992). English translation: Soviet Math. Dokl., 44, №2, pp.471-473; Zhizhiashvili, L. (1991). On almost everywhere summation  of  multiple conjugate trigonometric series (Russian), Dokl. Akad. Nauk SSSR, 320, №3, pp.529-530; (1992). English translation:Soviet Math. Dokl., 44, №2, pp.471-473; Zhizhiashvili, L. (1996). Trigonometric Fourier series and their conjugates.: Kluwer Academic Publishers, New York.