ზექალაშვილი (შამელაშვილი) რუსუდან რაფიელის ასული
ზექალაშვილი (შამელაშვილი) რუსუდან რაფიელის ასული

ზექალაშვილი (შამელაშვილი) რუსუდან რაფიელის ასული (29. XI. 1954, ქუთაისი-25.VI.2026, თბ.). ენათმეცნიერი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006). დაამთავრა  ქუთ. ალ. წულუკიძის სახ. პედ. ინ-ტი (1978) და თბილ. ა. ს. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტის ასპირანტურა (1981); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "იოსებ გრიშაშვილის თხზულებების ლექსიკა" და მიენიჭა ფილოლ. მეცნ. კანდ. ხარისხი (1981), შემდეგ -დისერტაცა სადოქტორო თემაზე "ქართული დიალოგური მეტყველება" და გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი (2006); ქუთ. ალ. წულუკიძის სახ. პედ. ინ-ტის ლექტორი (1978-1988); თსსუ-ის დოცენტი (1989-2005), თსუ-ის დოცენტი (1990-2005), თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006 წლიდან), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2016-2021). ზ. რ. თანამშრომლობდა ქართ. ენის სახელმწ. ენის დეპარტ. ექსპერტთა კომისიასთან (2017-იდან), იყო ვუკოლ ბერიძის სახ. ტერმინოლოგიის ასოციაციისა (2017 წლიდან) და სსტ ისო-ს ტექ. კომიტეტის („ტერმინოლოგია“) წევრი.  დაჯილდოებულია თსუ-ის ოქროს მედლით (2024). ზ. რ. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ქართ. ენის მორფოლ. და სინტაქსს, ქართ. მეტყველების კულტურას, ქართ. დიალექტოლოგიას, ქართ. ლექსიკოლოგიას, ქართ., როგორც უცხო ენას, თანამედროვე სალიტ. ქართ. ენის ნორმალიზაციას,  ქართ. სამეტყველო ეტიკეტსა და სხვ. ზ. რ.-ის კვლევის სფეროები იყო: მწერლის ენა, ქართ. ენის გრამატიკა, ლექსიკა-ლექსიკოლოგია,  ქართ. ენის ნორმალიზაცია და მართლწერა, მეტყველების კულტურა, სამეტყველო ეტიკეტის საკითხები, დიალოგური მეტყველება, სამეცნ. ტერმინოლოგიის სემანტიკა, დერივაცია და ნორმალიზაცია და სხვ. საინტერესოა ზ. რ.-ის გამოკვლევა „ქართული დიალოგური მეტყველება: „ძირითადი ლინგვისტური და ექსტრალინგვისტური მახასიათებლები“ (2012). ნაშრომში შესწავლილია ქართ. კომუნიკაციის ენობრივი და არაენობრივი მახასიათებლები, სამეტყველო ეტიკეტის როლი და თავაზიანობის გამოხატვის საშუალებები. ზ.რ-ის „ქართული ენა და სამედიცინო ტერმინოლოგიის საკითხები“ წლების განმავლობაში იყო დამხმარე სახელმძღვანელო სამედიც. უმაღლ. სასწ. (2000; 2005; 2009). მასში განხილულია ქართ. და ნასესხები სამედ. ტერმინოლოგიის სემანტიკის, დერივაციისა და მართლწერის საკითხები. აღსანიშნავია ზ.რ.-ის წვლილი ქართულ-გერმანული ლექსიკოგრაფიაში; იგი შემდგენელია რამდენიმე ლექსიკონისა: „ქართულ-გერმანული ლექსიკონი“ (2024), რ-იც  წინა ორი გამოცემის (2009, 2015) გადამუშავებული და შევსებული ვარიანტია. მასში მოცემულია 45.000-მდე ქართ. ლექსიკური ერთეულის ეკვივალენტი გერმ. ენაზე, ახლავს გრამატიკული დახასიათება, მითითებულია სიტყვის გამოყენების სფერო და  სტილისტური შეფერილობა.  ამ ლექსიკონის ბაზაზე შეიქმნა „გერმანულ-ქართული ონლაინლექსიკონი“ საქართვ. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მთარგმნელობით ვებგვერდზე. ზ. რ-მა შეადგინა რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელო და სავარჯიშოები ქართ. ენის მართლწერის საკითხებზე „ქართული ენა: ტესტები, სავარჯიშოები და მართლწერის წესები“ (2009), „ქართული ენა და ლიტერატურა აბიტურიენტებისათვის: ტესტები და სავარჯიშო მასალა“ (2011), „ქართული ენა აბიტურიენტებისათვის: ტესტები და სავარჯიშო მასალა, ტესტური კითხვები“ (2014). ზ. რ-ის ახალგამოცემული დამხმარე სახელმძღვანელო „თანამედროვე ქართული სალიტე­რა­ტურო ენის  მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხები“ (2025) განკუთვნილია ფილოლ. ფაკ-ის სტუდენტებისთვის, მასში შესულია ქართ. სალიტ. ენის მართლწერის განახლებული წესები, კითხვები და სავარჯიშოები ქართულ ენაზე წერისა და მეტყველების დასახვეწად, სალიტ. ენის ნორმების დასაუფლებლად. ზ. რ-მა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე  სასწ. ვებგვერდის შექმნაში (თანაავტორებთან ერთად): „ენობრივ შეცდომათა ლექსიკონი“, რ-იც მისი შედგენილია ორთოგრაფიულ-მორფოლ. ხასიათის ონლაინ სავარჯიშოები. ზ. რ. აქტიურად იღებდა მონაწილეობას ვებგვერდის შექმნაში საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს ქართ., როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა „ირბახის“ ფარგლებში (პროგრამის ავტორი და ხელმძღვ. პროფ. მარიკა ოძელი, 2017-2023) ზ.რ-ის უშუალო მონაწილეობით შეიქმნა: „ფუნქციური გრამატიკა სისტემურთან მიმართებით“, „საკითხავი ლიტერატურა“ (A1, A2, A2+ დონეები), სასწ. ლექსიკონები „აღმართი“ და „თოლია“, ქართული ენის ონლაინსავარჯიშოები A1 და A2 დონეებისათვის (2021-2023). ზ. რ. თანაავტორია „ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსისა“ (2022), რ-იც დახმარებას უწევს სკოლის მოსწავლეებს ქართ. ენის გრამატიკისა და მართლწერის შესწავლაში. ზ. რ-ის წიგნში „რაფიელ შამელაშვილი – მეცნიერი და ადამიანი:[დაბადებიდან მე-100 წლისთავის აღსანიშნავად]“ (2022) შესწავლილია ფილოლ. მეცნ. დოქტორ, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახ-ის სახელმწ. უნ-ტის პროფ. რაფიელ შამელაშვილის სამეცნ. მოღვაწეობა, შედგენილია მისი სამეცნ. და სამეცნ.-პოპულ. პუბლიკაციების სრული ბიბლიოგრაფია.

თხზ.: ზექალაშვილი, რ. (2003). ქართული მეტყველების კულტურის საკითხები. თბ., უნივერსალი, ISBN: 999400042X; ზექალაშვილი, რ. (2004). ქართული მართლწერის საკითხები. უნივერსალი. თბ., ISBN: 9994000438; ზექალაშვილი, რ. (თანაავტორი). (2006). გერმანულ-ქართული მოკლე ლექსიკონი: 22. 000 სიტყვა. თბ., დეგი; ზექალაშვილი, რ. (2006). მოკლე გერმანულ-ქართული სასაუბრო და თემატური ლექსიკონი. თბ., უნივერსალი. ISBN: 99940008633; ზექალაშვილი, რ. (2016). ქართული გრამატიკის მოკლე კურსი მასწავლებლებისთვის. თბ.,; ზექალაშვილი, რ. (2018). ქართული ენა – მოკლე პრაქტიკული კურსი: (ბრუნებისა და უღლების ტაბულებით). თბ., ლოგოსი,ISBN:9789941468452.

ლიტ.: ჯაფარიძე, ი. (2012). საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები: 1992-2006. თბ., საქ-ს მეცნ. ეროვნ. აკად., ISBN: 9789992820414.