ზაზანაშვილი ნუგზარ ირაკლის ძე (11. III. 1957, თბილისი - 10 . V. 2021), გეოგრაფ-გეოლოგიმ ბიოლოგი, პოეტი. ბიოლ. მეცნ. კანდ. დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი, ფიზ. გეოგრაფიის სპეციალობით (1980). პარალელურად სწავლობდა ხელოვნებათმცოდნეობის მეორეულ ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა მწერალთა წრის მუშაობაში. სტუდენტობის წლებშივე მუშაობდა ბოტანიკის ინ-ტში; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „კავკასიის მაღალმთის მსხვილმასშტაბიანი ეკოლოგიურ-გეობოტანიკური კარტოგრაფირება“ (1986). დაინიშნა ინ-ტის ახლად შექმნილი მცენარეული რესურსების კარტოგრაფირების ლაბორ. გამგედ (1986-დან). მჭიდროდ თანამშრომლობდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF), სადაც იყო კავკასიის წარმომადგენლობის (ოფისის) დირექტორის მოადგილე და კონსერვაციის პროგრამის დირექტორი (1992-დან). კოორდინაციას უწევდა WWF-ის სამუშაოებს კავკასიის ეკორეგიონის ფარგლებში. ბოტანიკის ინ-ტსა და WWF-ში ხელმძღვანელობდა პროექტებს: ყიზლარის ზამთრის საძოვრების გეობოტანიკური შესწავლა (1987-1988), საქართვ. მცენარეულობის რუკის შედგენა კოსმოსური ფოტოინფორმაციის გამოყენებით (1989- 2001), კავკასიის ბიომრავალფეროვნების თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი და გადაუდებელი ღონისძიებების შემუშავება ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მიზნით (1998-2000) და სხვ. მონაწილეობდა აღმ. ევროპის (1983-1989) და ევროპის (1992-2000) მცენარეულობის რუკების შედგენაში. გამოქვეყნებული აქვს 35 სამეცნ. ნაშრომი, აგრეთვე სამეცნ.-პოპულ. წერილები ჟურნალ-გაზეთებში. არის მცენარეულობის შემსწავლელი საერთაშ. ასოციაციის წევრი.
თხზ.: ზაზანაშვილი, ნ. (1997). საქართველოს დაცული ტერიტორიების აწმყო და მომავალი. თბ.; ზაზანაშვილი, ნ. (1997). ეროზირებული მიწების აღდგენა ყაზბეგის რაიონში. თბ.; ზაზანაშვილი, ნ. (1997). ეკოლოგიის კარიბჭე. თბ.; ზაზანაშვილი, ნ. (1998). ასეთი დროა; ZaZanashvili, N. (თანაავტორი). (2001). Biodiversity of the Caucasus Ecoregion: An Analysis of Biodiversity: Current Threats and Initial Investment Portfolio. Moscow.
ლიტ.: ხარაძე, კ. (თანაავტორი). (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება, ISBN 9992806982.