ზანგურაშვილი დალი ტარიელის ასული
ზანგურაშვილი დალი ტარიელის ასული

ზანგურაშვილი დალი ტარიელის ასული (24.I.1968, თბილისი),  ქართვ. მათემატიკოსი. ორჯერ გაიმარჯვა სსრკ მოსწავლეთა რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე მათემატიკაში (1982, 1983). დაამთავრა აკად. ი. ვეკუას სახ. ფიზ.-მათ. ქ. თბილ. # 42 საშ. სკოლა სიგელით „განსაკუთრებული წარმატებებისათვის მათემატიკის შესწავლაში“ (1984). იმავე წელს წარჩინებით დაამთავრა მოსკ. მ. ლომონოსოვის სახ. უნ-ტის უმაღლ. დაუსწრებელი მათ. სკოლა. დაიკავა მე-2 ადგილი თბილისის სახ. უნ-ტის სპარტაკიადაზე ჭადრაკში (1985). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი, სადაც სწავლის პერიოდში დაჯილდოებული იყო ი. ვეკუას სახ. სტიპენდიით (1989). დაამთავრა საქ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1992). მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. ხარისხი (ამჟამად გათანაბრებულია დოქტორის ხარისხთან, 1993). გაიარა პოსტ-დისერტაციული სტაჟირება კოიმბრის უნ-ტში (პორტუგალია, (1997-1998). მუშაობდა სტუ-ის „იმიტაციური მოდელირების და სისტემების“ ლაბორ. უფ. მეცნიერ-თანამშრომლად (1992-2005). მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ალგებრის განყ-ბაში (თავიდან მეცნიერ-თანამშრომლად 2003-დან; უფ. მეცნიერ-თანამშრომლად, 2022-დან). იყო/არის მოწვეული ლექტორი არისტოტელეს სახ. ბერძნულ-ქართულ უნ-ტში (1994-1997), თსუ (1994-1996, 2000-2003), საქართველოს უნ-ტში (2021-დღემდე). იყო მოწვეული პროფესორი ნორსისტერნ უნ-ტში (აშშ, 2015). მუშაობდა საგანმან.  კომპანია Wyzant-ში (აშშ) აბსტრაქტული ალგებრის, ტოპოლოგიის და მათ. ანალიზის ონლაინ კონსულტანტად (2011-2023). მონაწილეობდა ოთხ უცხოურ სამეცნ. საგრანტო პროექტში. იყო/არის შოთა რუსთაველის სახ. ეროვნული სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული სამი საგრანტო პროექტის კოორდინატორი. მეცნიერ ქალთა საერთაშ. დღის აღსანიშნავად საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიამ დააჯილდოვა საპატიო სიგელით “მათემატიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის“ (2025). ზ. დ.-ის ძირითადი შრომები უკავშირდება კატეგორიათა თეორიის, უნივერს. ალგებრის, რგოლებისა და მოდულების თეორიის, ჯგუფთა თეორიის და ტოპოლოგიური ალგებრის ზოგიერთ საკითხს. კატეგორიათა თეორიის გამოყენებით მან დაამტკიცა სტრუქტურული თეორემა მოდულებისთვის გარკვეული ტიპის რგოლებზე, რ-იც წარმოადგენენ ინტერესის საგანს რგოლებისა და მოდულების თეორიაში გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან. ზ. დ.-მ გროთენდიკის დაწევის ამოცანა აბსტრაქტულ კატეგორიებში დაიყვანა უფრო მარტივ სახეზე. ამის გამოყენებით მან დაახასიათა ეფექტური დაწევის მორფიზმები ალგებრის, ტოპოლოგიისა და ფუნქციონალური ანალიზის ზოგიერთი კონკრეტული კატეგორიის ორადულში (Effective codescent morphisms, amalgamations and factorization system, J. Pure. Applied Algebra 209 (2007), no. 1,  255-267, 255-267; ISSN: 0022-4049; 1873-1376/e). მან შექმნა გროთენდიკის დაწევის თეორიაში გამოთვლითი მეთოდების გამოყენებისთვის თეორ. საფუძველი. მან იპოვა უნივერს. ალგებრების მრავალნაირობებში ჯგუფური ტერმის არსებობის ცნობილი კრიტერიუმის პროტომოდულარული ანალოგები (Right-cancellable protomodular algebras, Algebra Universalis 83 (2022), Paper no. 10, 20 pp.; ISSN: 0002-5240; 1420-8911/e). ზ. დ.-მ იპოვა ბარიკული ალგებრის წონის ჰომომორფიზმის ერთადერთობის კრიტერიუმები, რითაც პასუხი გასცა ინგლისელი მათემატიკოსის ი. ეტერინგტონის მიერ დასმულ კითხვას (1939). დ. ზ.-მა და ა. მარცინკოვსკისკიმ (ამერ. მათემატიკოსი) შეისწავლეს მოდულების სტაბილური კატეგორია და იპოვეს მისი აბელურობის კრიტერიუმი (The stable category of a left hereditary ring, J. Pure Appl. Algebra 219 (2015), no. 9, 4061-4089; ISSN: 0022-4049; 1873-1376/e).