-
ავტორი
- კატეგორიები: გეოფიზიკოსი
ზახაშვილი მიხეილ (7.X.1917, ყვარელი - 14.X.1992, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი მექანიკის სპეციალობით (1939). იმავე წელს ჩაირიცხა საკავშ. ცენტრალურ ინ-ტთან არსებულ უმაღლ. კვალიფიკაციის სინოპტიკოსთა მოსამზადებელ კურსებზე და მიიღო ინჟინერ-მეტეოროლოგის წოდება. მუშაობა დაიწყო საქართვ. ჰიდრომეტეოროლ. სამსახურის სამმართველოს თბილ. ამინდის ბუროში (1940); იყო მოქმედ არმიაში მოძრავი რადიომეტეოროლოგიის ცენტრში (1941-1945) და ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურის ხაზით მოკავშირეთა სამსახურში (რუმინეთი, 1945-1947). არმიიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ თბილ. ამინდის ბიუროში მუშაობს და ჰიდრომეტეოროლოგიურ სამეცნ.-კვლევით ინ-ტში (1952-დან). სწავლობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე გეოფიზიკის სპეციალობით (1949-1952). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ატმოსფერული პროცესების დინამიკა, რომლებიც აპირობებენ სამხრეთის ციკლონების გამოსვლას ამიერკავკასიის ტერიტორიაზე". მის სადისერტაციო ნაშრომში განხილულია ხმელთაშუა და შავი ზღვების ციკლონების ჩასახვა, ევოლუცია და მათი ამიერკავკასიისაკენ გადმონაცვლების და მათ მიერ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ამინდის პირობების ცვლილების პროგნოსტიკული მეთოდები. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნ. ნაშრომი, რ–ებშიც ძირითადად განხილულია ამიერკავკასიის რთულ რეგიონზე სინოპტიკური ობიექტების გადმონაცვლების ევოლუცია და ამინდის პირობების პროგნოზირების საკითხები. მუშაობდა ჯერ საათობრივ, ხოლო შემდეგ სრულ საშტატო ერთეულზე. მუშაობდა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტზე მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია და ოკეანოლოგიის კათედრაზე (1969-დან). დოცენტი (1970).