-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული მსახიობი
ზაქარიაძე სერგო ალექსანდრეს ძე (18.VI (1.VII). 1909, ბაქო–13.IV.1971, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1929). მუშაობდა თბილ. რუსთაველის სახ. თეატრში (1926), იყო კ. მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრი) მსახიობი (1928-დან), შემდეგ გადავიდა შ. რუსთაველის სახ. თეატრში (1956). ზ. ს.-ს შემოქმედება გამოირჩეოდა ღრმა ინტელექტუალობით, გაბედულებით, ჩანაფიქრის ხორცშესხმისას აზრის სიცხადით და ემოციურობით, გმირის ხასიათის გახსნის სიზუსტით და სულიერი სითბოთი. იგი სცენური ხასიათების დამუშავების დიდოსტატი იყო და ფაქიზი ფსიქოლ. ნიუანსებით ძერწავდა სახეებს. ზ. ს.-ს გმირთა ბუნებაში ვაჟკაცობა და ნებისყოფის სიმტკიცე ეხამებოდა ლირიზმს. მსახიობი თამაშობდა გმირულ, სახასიათო და კომედიურ როლებს. კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: რევოლუციონერი დომენტი (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან”, 1937); ჯიბილო (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება”, 1938); კაპიტანი რატიანი (ლ. გოთუას „უძლეველნი”, 1945); გიგაური (ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი”; სტალინური პრემია, 1952); გიორგი (რ. თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი”, 1954). რომანტ. ელფერით გამოირჩეოდა ზ. ს.-ს მიერ შესრულებული როლები: ბაგრატიონი (ა. სამსონიას „ბაგრატიონი”, 1944); ბახა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი”, 1945); მეფე დავითი (ლ. გოთუას „დავით აღმაშენებელი”, 1946); ბესიკ გაბაშვილი (ლ. გოთუას „მეფე ერეკლე”, 1942). ზ. ს. დიდი ოსტატობით განასახიერებდა უარყოფით გმირებს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა თინიბეგი მ. მრევლიშვილის „ზვავში” (1956). მახვილი კომედიური ნიუანსებით ძერწავდა მსახიობი სახასიათო როლებს (კავალერი რიპაფრატა, კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი”, 1952). შემოქმედებითი აზრის სიმწიფე, რომანტ. მგზნებარება ახასიათებდა ზ. ს.-ს მიერ შ. რუსთაველის სახ. თეატრის სცენაზე შესრულებულ როლებს: ქადაგი („ბახტრიონი” ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 1960); ფიროსმანი (გ. ნახუცრიშვილის „ფიროსმანი”, 1961); დევი („ჭინჭრაქა”, 1964). მან ნატიფი ფსიქოლ. ნიუანსებით გამოსახა ოიდიპოს მეფის სახე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე”, 1956); სატირული სიმძაფრით იყო აღბეჭდილი მისი შუისკი (ა. პუშკინის „ბორის გოდუნოვი”, 1957). ზ. ს. პარალელურად მოღვაწეობდა კინოში (1934-დან). შეასრულა როლები: თორღვაი („უკანასკნელი ჯვაროსნები”, 1934); შადიმან ბარათაშვილი („გიორგი სააკაძე”, 1942–43; სტალინური პრემია, 1946); ფოსტალიონი გიორგი („დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, 1960), ხოლო გიორგი მახარაშვილის როლის შესრულებით („ჯარისკაცის მამა”, 1965; ლენინური პრემია, 1966) ზ. ს.-მ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართ. კინოს. მისი ბოლო კინოსახე იყო ლევან ცინცაძე, ფილმში „არ იდარდო” (1969). იყო საქართვ. (1951) და სსრკ სახ. არტისტი (1958). მიენიჭა შ. რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის მფლობელი (1971, გარდაცვალების შემდეგ).
ლიტ.: გუგუშვილი, ე. (1966). თეატრალური პორტრეტები. თბ.; Твалчрелидзе, Т., Церетели, К. (1967). Серго Закаариадзе. კრებ.: Актеры цоветского кино, б.3. М.; ლევინი, მ. (1975). სერგო ზაქარიაძე. თბ.; ნინიკაშვილი, კ. (2010). სერგო ზაქარიაძე. თბ.