-
ავტორი
- კატეგორიები: ხელოვნებათმცოდნე
ზაქარაია პარმენ ფარნაოზის ძე (24.VIII.1914, სოფ. ნაჯახავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპ. - 20.IV.2003, ქ. თბილისი), ხელოვნებათმცოდნე. სწავლობდა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის სამშ. ფაკ-ტზე არქიტექტურის სპეციალობით (1934-1940). მუშაობდა ხელოვნების მუზეუმ „მეტეხში“ (1941). ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმში ჩამოაყალიბა მეცნიერთა ჯგუფი და დაიწყო ქართ. საფორტიფიკაციო და საერო არქიტექტურის შესწავლა, აქვე ხელმძღვანელობდა შუასაუკუნეების საქართვ. ისტორიის განყ-ებას (1948-1975). თსუ-ში დაიცვა დისერტაციის თემაზე: „შიდა ქართლის ციხე-სიმაგრეები“ (1959). ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1960), პროფესორი (1962), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1973). თსუ–ის ხელოვნების ისტ. და თეორიის კათედრის გამგე (1975). საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1988). თსუ-ის სამეცნ. პრემიის (1991), ივანე ჯავახიშვილის პრემიის (1993), წლის საუკეთესო წიგნის პრემიის (2002) ლაურეატი. საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე.
ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა, აქედან 44 წიგნადაა გამოცემული. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1994). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სამხატვრო აკად., საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრალურ ინ-ტში, საქართვ. ტექნიკურ უნ-ტში. მისი კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენდა საქართვ. შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრება. დიდი წვლილი მიუძღვის ძვ. საკულტო, საერო და საფორტიფიკაციო არქიტექტურის შესწავლის საქმეში. აღსანიშავია მისი კვლევა ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტექტურული ტიპის წარმომავლობის პრობლემის გადაწყვეტაში, რასაც განიხილავს ნაშრომში „XI-XVIII საუკუნეების ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა“ (3 ტ., 1975-1981). მან შუასაუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში გამოყო კიდევ ერთი ტიპი, ცნტრალურ-გუმბათოვანი. გამოვალინა განვითრების ოთხი ეტაპი: პირველი ეტაპი XI-XII ს; მეორე - XII ს.-ის ბოლო; მესამე - XIII-XIV ს.: მეოთხე-XIV ს.-ს ბოლოდან-XVIII ს.-ს ბოლომდე გაგრძელდა. ცენტრალურ-გუმბათოვან ძეგლთა ახალი ტიპის შექმნის პერიოდში ეკლესიათა შიდა კედლების ფრესკებით მოხატვა აუცილებელი იყო, ამიტომაც მის წიგნში წარმოდეგენილი ყველა ეკლესია მდიდარია მხატვრობით. რვაასი წლის მანძილზე აგებული ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრებიდან საკვლევ თემად წიგნში წარმოდგენილია ძირითადი, მთავარი ძეგლები. ამავდროულად ძეგლები ისეა შერჩეული, რომ ქვეყნის ყველა რეგიონი ყოფილიყო წარმოდგენილი. მის სახელთანაა დაკავშირებული კვლევა კახეთის საერო არიქტეტურის შესახებ, რასაც განიხილვას წიგნში ”კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი” (1962). ნაშრომი მიძღვნილია კახეთის XVI-XVIII სს. ციხე-სიმაგრეებისადმი, რ-ებიც აქამდე სპეციალურად შესწავლილი არ ყოფილა. შესავალში მიმოხილულია სოციალურ-პოლიტ. ვითარება გვიანი შუასაუკუნეების კახეთში. საფორტიფიკაციო ნაგებობათა განხილვისას ავტორი ძირითადად ეყრდნობა ფაქტობრივ მასალას, შეკრებილს, ფიქსირებულსა და შესწავლილს მის მიერ ადგილზე. ნაგებობათა ანალიზის დროს გამოყენებულია ისტორიულ წყაროთა ცნობები. ავტორი ვრცლად განიხილავს ციხეებს, ციხე-დარბაზებს, სასახლეებს, კოშკებსა და მათთან დაკავშირებულ სხვა ნაგებობებს. ხუროთმოძღვრების სხვა დარგთა - სათავდაცვო ნაგებობებისა და სასახლეთა-ძეგლებთან ერთად, საფუძვლიანად შეისწავლა არაერთი მნიშვნელოვანი ქართ. ტაძარი. მის კვლევათა სფეროში შედის შუასაუკუნეების საკულტო არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშები, მათ შორის ცაიშის, წუღრულაშენის, ანანურისა და ლარგვისის ტაძრები, აგრეთვე მრავალი სხვა ეკლესია-მონასტერი, რ-ებიც ქართ. ხუროთმოძღვრების ისტორიის შესწავლისათვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ხელმძღვანელობდა ნაქალაქარების, ურბნისის (1953-1965) და გრემის გათხრებს (1963-1967). მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა ამ ძეგლთა აზომვა და რესტავრაცია. რის შედეგადაც გამოსცა მონოგაფიები „ნაქალაქარ ურბნისის ხუროთმოძღვრება“ (1965), “ნაქალაქარ გრემის არქიტექტურა” (1975) და “ციხეგოჯი-არქეოპოლისი-ნოქალაქევი ხუროთმოძღვრება” (1991). მისი მეთაურობით გაითხარა და რესტავრაცია ჩაუტარდა გ. სააკაძის რეზიდენციას სოფ. ნოსტეში. არქეოლოგ ვ. ლექვინაძესთან ერთად მუშაობდა ჭაქვინჯას, შუხუთისა და გუდავას ძეგლებზე. შეიწავლა „ნოქალაქევის ქვეყანა” (1973-2003). აბედათში, კოტიანეთში, შხეფში, ნოჯიხევში, ნაჯახავოში გაითხარა და შესწავლილ იქნა არაერთი საფორტიფიკაციო, საცხოვრ. და საკულტო ძეგლი. ნოქალაქევის გათხრების მიუძღვნა სამტომეული და „ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს-ის ბოლომდე“ (2002). საველე სამუშაოების პარალელურად ყურადღება მიექცა ძეგლების ფუნდამენტურ გამოკვლევას. ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმის ნოქალაქევის ფონდში შემონახულია მის მიერ შექმნილი ფოტოარქივი და სხვადასხვა ძეგლის ანაზომები. ზოგიერთი ძეგლი დღეს აღარ არსებობს და მხოლოდ მათი საშუალებითაა შემორჩენილი. ავტორია ვრცელი რუსულენოვანი წიგნისა ტაო-კლარჯეთის ეკლესიებზე (1992). ასევე ავტორია სახელმძღვანელოსი “ქართული ციხე-ქალაქები, ციხესიმაგრეები, ციხე-დარბაზები, ციხე გალავნები, კოშკები“ (2001). სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსს ქართ. არქიტექტურის ისტორიის შესახებ. ავტორია 200-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა და 47 მონოგრაფიის. მისი პირადი არქივი დაცულია საქართვ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
თხზ.: ზაქარაია, პ. (1953). ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი. თბ., ტექნიკა და შრომა; ზაქარაია, პ. (1953). ბოლნისები და წუღრუღაშენი. თბ., ხელოვნება; ზაქარაია, პ. (1988). საქართველოს ძველი ქალაქები და ციხესიმაგრეები. თბ., საბჭ. საქართველო. ზაქარაია, პ. (1990). ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს. თბ., განათლება. ზაქარაია, პ. (თანაავტორი). (2000). ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია. უნ–ტის გამ–ბა, ISBN:9992856521. ზაქარაია, პ. (2001). ნაქალაქარი: ციხეგოჯი - ნოქალაქევის არქიტექტურა. ხელოვნებათმცოდნეობა:სამეცნ. შრომების კრებ. N 2. გვ. 74-89. თსუ ხელოვნების ისტ. და თეორიის კათედრა.
ლიტ.: კომახიძე, დ. (1999). პარმენ ზაქარაია:მეცნიერი, მოღვაწე, მამულიშვილი. გამ-ბა აჭარა; ციციშვილი, ე. (2004). პარმენ (ნაპო) ზაქარაია:მოგონებები. საქ. მეცნ. აკად., თსუ ქართ. ხელოვნების ინ-ტი, საქ. ეროვნ. აკად. გამ-ბა, ISBN:9992869119; ციციშვილი, ე. (2006). საქართველოს სიყვარულით…პარმენი (ნაპო) ზაქარაია. თბ., გვ.100-182; ზამთარაძე, მ. (თანაავტორი). (2014). პარმენ (ნაპო) ზაქარაია: 100. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე = Bulletin of the Georgian National Museum. თბ. ტ. 5 (50 B). გვ. 513-516.