ვირსალაძე სპირიდონ სიმონის ძე
ვირსალაძე სპირიდონ სიმონის ძე

ვირსალაძე სპირიდონ სიმონის ძე (17(29).III.1868, სოფ. ნახშირღელე, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპ. – 30.III.1930, თბილისი),  თერაპევტი, თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში;  მედ. მეცნ. დოქტორი (1910), პროფესორი (1919). დაამთავრა ტომსკის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი (1896); მოსკოვში დაიცვა სადოქტ. დისერტაცია თემაზე „К вопросу о преждевременном уплотнении периферических сосудов и его связи с т. н. гипоплазией аорты“ (1910). დახელოვნდა ჰამბურგის, ბერლინის, რომის შინაგან და ტროპიკულ სნეულებათა სამკურნ. დაწესებულებებში;  მუშაობდა პეტერბურგში ი. პავლოვის, ა. ნეჩაევისა და ვ. ბეხტერევის ხელმძღვანელობით(1898–1909);  სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა მიხეილის საავადმყოფოს მთ. ექიმის მოადგილედ და თერაპიული განყ-ბის გამგედ (1909). იყო თსუ-ის პროფესორი, პათოლ. და თერაპიის კათედრის გამგე (1919), სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას (1921-დან). ვ. ს. საქართველოში უმაღლ. სამედ. განათლების ერთ-ერთი ორგანიზატორია. მისი თაოსნობით თბილისში დაარსდა ქართვ. ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზ-ბა (1916–1917), რ-მაც დიდი როლი ითამაშა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის დაარსებაში. იგი იყო პირველი ქართ. სამედ. ჟურ. „ექიმის” რედ. შ. მიქელაძესთან ერთად. შეიმუშავა კავკასიაში  ტროპ. სნეულებებთან ბრძოლის მეცნ. გეგმა და შექმნა ტროპ. სნეულებათა ცენტრ. სადგური (1924), რ-იც მისივე ინიციატივით ტროპ. სნეულებათა ინ-ტად გადაკეთდა (ამჟამად ს. ვირსალაძის სახ. სამედ. პარაზიტოლოგიისა და ტროპ. მედიცინის სამეცნ.-კვლევითი ინ-ტი). იგი საზ-ბაში ცნობილი იყო, როგორც „სიკვდილთან მებრძოლი ჯადოქარი“. მან შეისწავლა მალარიის, ლეიშმანიოზისა და სხვა დაავადებების  ეტიმოლოგია და დანერგა მკურნალობის ახ. მეთოდები. სამეცნ. დასკვნების საფუძველზე დაადგინა თავის ტვინის ქერქის გავლენა ნაღვლის გამოყოფაზე. იკვლევდა აგრეთვე აორტის ჰიპოპლაზიისა და წყლულოვანი დაავადების პათოგენეზში მემკვიდრეობითი ფაქტორების როლს. მას ეკუთვნის გამოკვლევები კარდიოლოგიის, პულმონოლოგიის, გასტროენტეროლოგიისა და ტროპ. მედიცინის დარგებში. დაგვიტოვა ქართ., რუს., გერმ. და ფრანგ.  ენებზე გამოქვეყნებული 70-მდე მეცნ. ნაშრომი. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის წევრი (1901-1917);  ქართ. უნ-ტის  დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); საქართვ. ექიმთა კონგრესების მოწვევის ინიციატორი.

თხზ.: Вирсаладзе, С. (1910). К вопросу о преждевременной плотности периферических артерий и об ее отношении к так называемой аортальной гипоплазии. СПб., Типография; ვირსალაძე, ს. (1929). კუჭის წყლულის კლინიკა. - ტფ., პოლ. 1-ლი სტ.

ლიტ.: მარუაშვილი, გ. (თანაავტორი). (1969). სპირიდონ ვირსალაძე. თბ.;  ქართ.  ენციკლოპ.,  ა. არაბული; საქართვ.  ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი;  თსუ-ის ფონდი -  471-1-16, გვ. 3.