-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ვეკუა ილია ნესტორის ძე (23.IV.1907 სოფ. შეშელეთი, სოხუმის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი -2.XII.1977 თბილისი. დაკრძალულია მთაწმინდის ქარ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონში). მათემატიკოსი და მექანიკოსი, სახელმწ. და საზოგადო მოღვაწე , თსუ-ის პროფესორი. სსრკ მეცნ. აკად. მანდვილი წევრი (1958) და საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1946). დაამთავრა ზუგდიდის სკოლა ექსტერნად. იყო თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტის სტუდენტი (1925 - 1930), ხოლო ასპირანტურა სანკტ-პეტერბურგში (აკად. კრილოვთან). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1937) და დოქტორი (1940). იყო საქართვ. გეოფიზიკურ ობსერვ. დაკვირვებელი (1929-1933), თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის ახალგაზრდა მკვლევარი (1930-1937), დოცენტი (1937-1940), გეომ. კათედრის გამგე (1940-1947) და ამავე ფაკ-ტის დეკანი (1940–44), თსუ-ის პრორექტორი (1944–47) და ორჯერ რექტორი (1953 VII-IX და 1966–72), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (1941-1944), დირექტორის მოადგილე (1940-1941), განყ-ბის გამგე (1943-1951); გამოყენებითი მათ. ინ-ტის მეცნ.-ხელმძღვ. და დირექტორი (1968–1977). იყო საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოს-მდივანი (1947–1951), პრეზიდიუმის წევრი (1964-1977), პრეზიდენტი (1972–77), საქართვ. (1966) და აფხ. (1967) მეცნ. დამს. მოღვაწე, სოც. შრომის გმირი (1969), სსრკ მეცნ. აკად. ფიზ.-მათ. განყ-ების ბიუროს წევრი (1954-1959) და პრეზიდიუმის წევრი (1973–1977). ის იყო : საქართვ. გეოფიზიკის ინ-ტის თეორ. გეოფიზიკის განყ-ების გამგე (1936-1938); სსრკ ჟუკოვსკის სახ. ცენტრ. აეროჰიდროდინამიკის ინს-ტის ფრთის განყ-ების გამგე (1951-1952); სსრკ მეცნ. აკად. ზუსტი მექან. და გამოთვლითი ტექნ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე (1952-1953); მოსკოვის ფიზ.-ტექნ. ინს-ტის თეორ. მექან. კათედრის გამგე (1951-1954); სსრკ მეცნ. აკად. ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტის (მოსკოვი) დირექტორის მოადგილე (1955–59), სსრკ მეცნ. აკად. ციმბირის განყ-ების პრეზიდიუმის წევრი (1958–64), ქ. ნოვოსიბირსკის უნ-ტის დამაარსებელი და პირველი რექტორი (1959–64). მისი სამეცნ. შრომები ეხება თეორ. და გამოყენებითი მათემატიკის მრავალ საკითხს. განსაკუთრებული ადგილი უკავია კერძოწარმოებულიანი განტ-ბების თეორიას. ელიფსური განტოლებებისათვის მან დაამუშავა ამონახსნთა ზოგადი წარმოდგენების თეორია და გამოიყენა იგი სასაზღვრო ამოცანების შესასწავლად; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერთ-განზომილებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიაში; განიხილა ფუნქციათა თეორიის ერთობ ზოგადი სასაზღვრო ამოცანა, შენიშნა მისი ახლებური ბუნება, ბოლომდე გამოიკვლია ამოხსნადობის საკითხი და მოგვცა ინდექსის გამოსახულება. ეს გამოკვლევა საფუძვლად დაედო ღრმა განზოგადებებს ელიფსური დიფერენციალური ოპერატორების ინდექსის პრობლემასთან დაკავშირებით; ამ მიმართულებით შექმნილი წიგნი “ელიფსურ განტოლებათა ამოხსნები ახალი მეთოდები”[1] მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი და მრავალი სპეციალისტის სამაგიდო წიგნია ის დაჯილდოებულია სტალინის პრემიით (1950). ვ. ი.-მ დაამუშავა განზოგადებულ ანალიზურ ფუნქციათა თეორია, რ-იც კლასიკურ ანალიზურ ფუნქციათა თეორიის არსებითი გაფართოებაა. მათემატიკის კლასიფიკატორში (Mathematics Subject Classification 2000) ეს დარგი 30G20 ლიპმან ბერსის (აშშ) და ილია ვეკუას და სახელითაცაა ცნობილი. ამ მიმართულებით შექმნილი წიგნი “ განზოგადებული ანალიზური ფუნქციები” [2] მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი და მას ლენინის პრემია (ქვეყნის უმაღლესი ჯილდო) მიენიჭა (1963). ვ. ეკუთვნის დრეკად გარსთა თეორიის ახალი ვარიანტი, რომელიც გამოირჩევა მექანიკური სურათისადმი ზუსტი შესაბამისობით. ამ მიმართულებით შექმნილი წიგნი “გარსთა თეორიის სხვადასხვა ვარიანტის აგების ზოგიერთი ზოგადი მეთოდი” [3], რ-იც მან სიკვდილის წინ დაასრულა, გამოიცა რუსულად და ინგლისურად მისი სიკვდილის შემდეგ და სახელმწიფო (სსრკ) პრემიით დაჯილდოვდა (1984). ვეკუა იყო სსრკ თეორ. და გამოყენებითი მექან. ნაციონალური კომიტეტის წევრი (1956-იდან), ედინბურგის (1958), სტოკჰოლმის (1962), მოსკოვის (1966), ნიცის (1970) მათ. საერთაშ. კონგრესების მონაწილე, გდრ-ის მეცნ. აკად. (1968), გერმ. საბუნებისმეტყველო მეცნ. აკად. „ლეოპოლდინას” (1969, ჰალე), მეცნიერების, ლიტ. და ხელოვნ. აკად. (1976, პალერმო,იტალია) უცხოელი წევრი, რამდენიმე საერთაშ. სამეცნ. ორგანიზაციის წევრი, ჰალეს უნ-ტის საპატიო დოქტორი (1969), იენის უნ-ტის საპატიო სენატორი (1969). სსრკ VII–IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ის დაჯილდოებულია 6 ლენინის ორდენით. გამოქვეყნებული აქვს 120 სამეცნ. ნაშრომი და ის არის მრავალი საერთაშ. სამეცნ. ფორუმის მონაწილე და ორგანიზატორი., მისი გარდაცვალების შემდეგ საქ. მეცნ. აკად.-მ დააწესა ი. ვეკუას სახ. პრემია მათ., მექან. და ფიზ. დარგში (1980) , თსუ-ის გამოყენებითი მათემატიკის ინ-ტს ილია ვეკუას სახელი მიენიჭა. ასევე, ვ. ი.-ს სახელს ატარებს სოხუმის ფიზიკო-ტექ. ინს-ტი და ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილ. N42 საჯარო სკოლა. თბილისში არის ვ. ი.-ს სახ. ქუჩა.
თხზ.: Векуа, И.(1948). Новые методы решения эллиптических уравнений, М.-Л; Векуа, И. (1959). Об общенные аналитические функции, М.; Векуа, И. (1982). Некоторые общие методы построения различных вариантов теории оболочек, М.
ლიტ.: მანია, გ.,ხვედელიძე, ბ. (1967). ილია ვეკუა, თბ.; ობოლაშვილი, ე. (1982). აკადემიკოსი ილია ვეკუა, თბ.; ბაღათურია, ნ., დოლიძე, ე. (1987). ილია ვეკუა: ბიობიბლიოგრაფია, თბ.; Бицадзе, А. В. (1967). Илья Несторович Векуа, Тб.