-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი პროფესორი
ვეკუა გიორგი (12.VII.1925, სოფ. ბარღები, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი – 2012, თბილისი), ფილოსოფოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1951) და ამავე უნ-ტის ასპირანტურა (1954). ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1979). იყო თსსი-ის ფილოსოფიის კათედრის გამგე (1962–94), თსსუ-ის საზ–ებრივ მეცნ. კათედრის პროფესორი. საქართვ. ფილოს. და სამედ.-ბიოლ. მეცნ. აკადემიების აკადემიკოსი (1995). II მსოფლიო ომის მონაწილე (1943–1945). ვ.გ.-ს სამეცნ. კვლევის სფეროა მეცნიერების ფილოს., კერძოდ, მედ. ფილოსოფიის პრობლემები. მან ფუნდამენტურად შეისწავლა ბიოლ. და სოციალ. ფაქტორების თანაფარდობა მედიცინაში; გამოააშკარავა იმ დროს გაბატონებული შეხედულების მცდარობა ავადმყოფობის მხოლოდ სოციალურ ბუნებაზე და დაასაბუთა, რომ დაავადება, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ არსებას (ადამიანს) ეკუთვნის, თავისი არსით ბიოლოგიურ კანონზომიერებას ექვემდებარება. ვ.გ.-მ ახლებურად განსაზღვრა მიზეზის ცნება ფილოსოფიასა და მედიცინაში, დაადგინა დაავადებათა მიზეზებისა და პირობების გამმიჯნავი ნიშნები და უარყო დაავადებათა პოლიეტიოლოგიურობის (მრავალმიზეზიანობის) თეორია. იკვლევდა საძიებო აქტივობისა და სტრესის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, იყო ბიოეთიკის სწავლების ერთ-ერთი პიონერი საქართველოში.
თხზ.: ვეკუა, გ. (1972). თანამედროვე მედიცინის ფილოსოფიური პრობლემები. თბ., საბჭ. საქართველო; ვეკუა, გ. (1975). სტრესი და ჯანმრთელობა; ვეკუა, გ. (1977). მიზეზობრიობის პრობლემა ფილოსოფიასა და მედიცინაში. თბ., საბჭ. საქართველო; ვეკუა, გ. (1997). მედიცინის ფილოსოფია; ვეკუა, გ. (თანაავტორი). (2000). ბიოეთიკა. ISBN: 9992884002.