-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი ასტროფიზიკოსი
ვაშაკიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე (28.VIII.1909, სოფ. დიდი ჯიხაიში, სამტრედიის მუნიციპლიტეტი-27.XII.1956, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1932). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (1936-1956). წამოაყენა ვარსკვლავთა სივრცული განაწილების შესწავლის ახ. მოხერხებული მეთოდი, რ-იც ცნობილია ვაშაკიძე-ოორტის მეთოდის სახელწოდებით. შეადგინა გარეგალაქტიკური ნისლეულებისა და გრძელპერიოდიანი ცეფეიდების ფერის მაჩვენებელთა კატალოგი, რის საფუძველზეც გამოიკვლია სინათლის ვარსკვლავთშორისი შთანთქმა. შეისწავლა მზის გვირგვინისა და ნისლეულების გამოსხივების პოლარიზაცია, აღმოაჩინა კიბორჩხალას ნისლეულის გამოსხივების ძლიერი არასითბური ბუნება. მან რამდენიმე შრომა მიუძღვნა ახ. ტელესკოპების გამოკვლევას. მისი უშუალო ხელმძღვანელობით აბასთუმნის ობსერვატორიის სამეცნ. ექსპედიციების მიერ ტარდებოდა დაკვირვებები მზის სრულ დაბნელებებზე: ურალში (1941); კარელიაში (1945); ბრაზილიაში (1947); შუა აზიაში (1952) და ლაგოდეხში (1954). ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თსუ-ში და ქუთ. პედაგოგიურ ინ-ტში. შეყვანილია მსოფლიოს 400 გამოჩენილი ასტრონომის ბიოგრაფიულ ლექსიკონში. ქ. ბრაიტონში (დიდი ბრიტანეთი), აშშ-ს დელეგაციის წარდგინებით, ასტრონომთა XIV გენერალურ ასამბლეაზე, ასტრონ. მეცნ. წინაშე დამსახურებისათვის, მთვარის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უკანა მხარის ერთ-ერთ კრატერს "ვაშაკიძის" სახელი ეწოდა (1970). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. არის ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი, სადისერტაციო თემაა: „სინათლის გალაქტიკური შთანთქმის შესწავლა ექსტრაგალაქტიკური ნისლეულების ფერის სიჭარბითა და გრძელპერიოდიანი ცეფეიდებით, ასევე სხვა მეთოდებით“ (1951); პროფესორი (1954); ასტროფიზიკოსთა ორგანიზაციის, ასოციაციის ჯგუფის წევრი; საერთაშ. ასტრონ. კავშირის დარგობრივი კომისიის წევრი; სსრკ მეცნ. აკადემიის ასტრონ. საბჭოს წევრი. არის მავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მათ შორის: ’’ახალი ჰერკულესის ტემპერატურის განსაზღვრა სალსტრის მეთოდით’’ (აბასთ. ასტროფიზ. ობსერვ. ბიულეტენი, 1940, N4); ’’რძის გზის ნათელ და ბნელ ნაწილებში ვარსკვლავების განაწილება სპექტრული კლასების მიხედვით’’ (აბასთ. ასტროფიზ. ობსერვ. ბიულეტენი, 1942, N6); ’’ახლო ექსტრაგალაქტიკური ნისლეულების პოლარიზაციის ხარისხის განსაზღვრა’’ (აბასთ. ასტროფიზ. ობსერვ. ბიულეტენი, 1955, N18).
თხზ.: ვაშაკიძე, მ. (1952). ვარსკვლავები და ნისლეულები. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა.