-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ვალფიში არნოლდ ზელმანის ძე (02.VII.1892, ვარშავა, პოლონეთი-29.V. 1962, თბილისი), ებრაული წარმოშობის პოლონელი მათემატიკოსი. გეტინგენის უნ-ტის მათ. დოქტორი (1921, გერმანია), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1947), თსუ-ის პროფესორი (1948). სწავლობდა მიუნხენის, ბერლინის, ჰაიდელბერგის, გეტინგენის უნ-ტებში (გერმანია). მუშაობდა ვარშავაში სადაზღვევო საზ-ბის მათემატიკოსად (1927-1936), შეთავსებით - დოცენტის თანამდებობაზე ვარშავის უნ-ტში (1930-1936). მიიწვიეს სსრკ მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალის მათ. ინ-ტში, სადაც მუშაობდა გარდაცვალებამდე (1936-1962). იყო თეორ. მათ. განყ-ების გამგე (1940-1943), ალგებრისა და გეომეტრიის განყ-ების გამგე (1948-1962). კითხულობდა ლექციებს თსუ-ში და ქუთაისის პედ. ინ-ტში. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში რიცხვთა თეორიის დარგში მეცნ. კვლევის მიღწევები. მისი შრომები ეძღვნება მრავალგანზომილებიან ელიფსოიდებში მთელ წერტილთა რაოდენობის განსაზღვრას, მარტივ რიცხვთა ადიციურ თეორიას, დიოფანტურ მიახლოებებს, კვადრატული ფორმებით რიცხვთა წარმოდგენას და სხვ. ბერლინში გერმანულ ენაზე გამოიცა ვალფიშის მონოგრაფია, რ-იც გადმოცემულია როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე, მათ შორის თვით ავტორის, გამოკვლევები გამყოფთა პრობლემის, ეილერისა და მებიუსის ფუნქციების, რიმანის ძეტა-ფუნქციისა და მარტივ რიცხვთა განრიგების შესახებ. ვ. ა. იყო საერთაშ. მათ. ჟურნ. „Acta Arithmetica"-ს ერთ-ერთი დამაარსებელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი.
თხზ.: ვალფიში, არნ. (1947). რიცხვთა თეორიის კურსი. თბ.; (1960). Уолфиш, Арн. (1960). Целые точки в многомерных шарах. Тб.; Walfisch, Arn. (1963). Weylsche Exponentialsummen in der neueren Zahlentheorie. VEB Deutscher Verlag der Wissenschaften, Berlin.