ურუშაძე თენგიზ (გიზო) თედორეს ძე
ურუშაძე თენგიზ (გიზო) თედორეს ძე

ურუშაძე თენგიზ (გიზო) თედორეს ძე (14. I. 1940, თბილისი – 12. X. 2021), ნიადაგმცოდნე, ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1981), საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1988), საქართველოს დამს. მეტყევე, საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი. წარჩინებით დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის (ამჟამად აგრ. უნ-ტი) სატყეო-სამ. ფაკ-ტი მეტყევე-ინჟინრის სპეციალობით (1963). გაიარა ასპირანტურის კურსი ამავე ინ-ტში (1964-1967); დაამთავრა თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტის ინგლ. ენის ფაკ-ტი (1990). მუშაობდა თბილ. სატყეო ინ-ტში (1967-1982). უ. თ. იყო საქართვ. სახელმწ. აგრ. უნ-ტის ნიადაგთმცოდნეობის კათედრის გამგე (1982-დან), პრორექტორი სამეცნ. მუშაობის დარგში (1995-დან), შემდეგ რექტორი (2005-2006). მუშაობდა აგრეთვე თსუ-ის პროფესორად (1991-2006), შემდეგ ნიადაგმცოდნეობისა და ნიადაგების გეოგრ. კათედრის გამგედ (2004-2006), თსუ-ის ნიადაგმცოდნეობის და ნიადაგების გეოგრაფიის ლაბორატორიის გამგედ (2006-დან), აგრეთვე იყო პრეზიდენტის მრჩეველი ეკოლოგიის საკითხებში (1992-დან). უ.თ.-მა დაიცვა ჯერ საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს ტყის რუხი ნიადაგების ძირითადი ქვეტიპების გენეტიკური დახასიათება“ (1967, მოსკოვის გეოგრ. ინს-ტი), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია:  „საქართველოს მთა-ტყის ნიადაგები“ (1980, მოსკ. მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტი). ლექციებს კითხულობდა თსუ-ის, დრეზდენის ტექნიკურ, ბუნებრივი რესურსების და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნ. და ბრატისლავის კომენსკის უნ-ტებში. უ. თ.-ს გამოქვეყნებული აქვს 400-მდე სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 50 მონოგრაფია და სახელმძღვანელო. აკად. ვ. გულისაშვილთან ერთად საქართვ. ბუნების დაცვის პირველი სახელმძღვანელოს ავტორია. მისი კვლევის ობიექტია ნიადაგთმცოდნეობა, ეკოლოგია, გარემოს დაცვა. მის მიერ გამოყოფილია რამდენიმე ახალი ნიადაგური ტიპი, რაც შეტანილია ნიადაგთმცოდნეობის სახელმძღვანელოში (საქართვ., რუსეთი, პოლონეთი). უ. თ.-ს რედაქტორობით, მომზადდა და გამოიცა საქართვ. ნიადაგების  რუკა (1999, 2019, მასშტაბი 1 : 500,000), რითაც გასაგები და აღქმადი გახდა ნიადაგების ტაქსონომიური იერარქიის საერთაშ. სტანდარტი – WRB (The World Reference Base) ყველა შესაბამისი დარგის სპეციალისტისათვის (1999). უ.თ.-ის ხელმძღვანელობით დაცულია 23 საკანდიდატო დისერტაცია. იყო საქართვ. ნიადაგთმცოდნეთა საზ-ბის პრეზიდენტი, საინჟინრო და საერთაშ. ეკოლ. აკად.-ების ნამდვილი წევრი, „სოროსის“ პროფესორი, არჩეული იყო ნიადაგთმცოდნეთა საერთაშ. კავშირის მე-5 კომისიის (ნიადაგების გენეზისის, გეოგრ. და კლასიფიკაციის) პირველ ვიცე-პრეზიდენტად (1998, ქ. მონპელიე, საფრანგეთი), მსოფლიო ნიადაგმცოდნეობის საერთაშ. საზ-ის საპატიო წევრი (2023). უ. თ.-ს მინიჭებული აქვს ვ. ვილიამსის სახ. პრემია (1991), ღირსების ორდენით (1999), საქართვ. სახელმწ. პრემია. დაჯილდოებულია აჭარის ავტონ. რესპ. უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელით (2000), მსოფლიო ნიადაგმცოდნეთა კავშირის საპატიო წევრი (2018).

თხზ.: ურუშაძე, თ. (1972). საქართველოს ტყის ნიადაგები. თბ.; ურუშაძე, თ. (1977). საქართველოს მთა-ტყის ნიადაგები. თბ.; ურუშაძე, თ. (1978). ტყის გაშენებისას საქართველოს ნიადაგების გამოყენების შესახებ. თბ.; ურუშაძე, თ. (თანაავტორი). (1984). საქართველოს ნიადაგების ატლასი. თბ.; ურუშაძე, თ. (თანაავტორი). (1984). ნიადაგის ეროზია და მასთან ბრძოლა: სახელმძღვანელო. თბ.; ურუშაძე, თ. (1988). ტყის ნიადაგები: გენეზისი, დაცვა და გამოყენება. თბ.; ურუშაძე, თ. (თანაავტორი). (1990). საველე ნიადაგთმცოდნეობა: სახელმძღვანელო. თბ.; ურუშაძე, თ. (2001). ეკოლოგიური სამართალი: სახელმძღანელო. თბ.; Урушадзе, Т. (თანაავტორი). (1979). Генетические типы почв субтропиков Закавказья. М.; ურუშაძე, თ. (2018). საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნი. თბ., თავისუფალი და აგრარული უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941806841; ურუშაძე, თ. (2020). აგრონიადაგმცოდნეობა. თბ., თავისუფალი და აგრარული უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941824500

ლიტ.: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები: 1993-2004. თბ.: უნივერსალი, 2012; ხარაძე კ. (თანაავტორი). (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება, ISBN 9992806982.