უროტაძე სპარტაკ ლევანის ძე
უროტაძე სპარტაკ ლევანის ძე

უროტაძე სპარტაკ ლევანის ძე (25.VI.1943, ქარელი - 28.IX.2016, თბილისი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1967). ამავე წელს დაიწყო მუშაობა საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტში. მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ბუნებრივი კლინოპტილოლიტების ადსორბციული თვისებების კვლევა“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1978), ხოლო შემდეგ სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს ბუნებრივი ცეოლითების სკოლეციტისა და ლომონტიტის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესწავლა და პრაქტიკული რეკომენდაციები“ და მიენიჭა ქიმ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (2003). წლების მანძილზე წარმატებით განაგრძობდა მუშაობას სხვადასხვა სამეცნ. მიმართულებებით. აწარმოებდა ბუნებრივი და სინთეზური ცეოლითების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების კვლევას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მონაწილეობა საქართვ. ბუნებრივი ცეოლითების სკოლეციტის და ლომონტიტის იონმიმოცვლითი თვისებების კვლევაში, რისთვისაც წარმატებით გამოიყენა იონური ქრომატოგრაფიის და სხვა თანამედროვე ფიზ.-ქიმ. მეთოდები. მიიღო ორიგინ. შედეგები და შექმნა მიმდინარე პროცესების მარტივი მათ. მოდელი, რის საფუძველზეც შეიმუშავა რეკომენდაციები სორბენტებისა და იონმიმომცვლელების სახით ცეოლითების პრაქტიკული გამოყენებისთვის. განსაკუთრებით საინტერესოა მისი სამუშაოები საქართვ. ბუნებრივი ცეოლითების გამოყენების შესახებ მიწათმოქმედებასა და მეცხოველოებაში. სინთეზირებული ბიოკოორდინაციული ნაერთების ფიზ.-ქიმ. და ბიოლ. აქტივობის კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგები ასახულია სამეცნ. პუბლიკაციებში, რ-ებიც მოხსენებული და გამოქვეყნებულია როგორც ადგილ. ისე საერთაშ. კონფერენციებსა და ჟურნალებში: „Ion exchange properties of Georgian natural zeolite“ (Chemistry Journal of MoldovaOpen source preview, 2017, 12(1)); „IR spectra of Georgia's scolecite“ (Ukrainskij Khimicheskij ZhurnalOpen source preview, 2003, 69(7-8)). უ. ს. ავტორია 150-მდე სამეცნ. ნაშრომის, ავტორი და თანაავტორია 4 საავტორო გამოგონების და 7 პატენტის, მათ შორის: „ცხოველთა ლითონდეფიციტური ანემიის კომპოზიციური პროფილაქტიკურ - სამკურნალო საშუალება“; „ხელატური თუთიის გამოყენება ვერმიკულტივირებაში“; „ასკან - თიხის საფუძველზე სამკურნალო საშუალების მიღების ხერხი“; „მიკროელემენტების შემცველი ხელატური სასუქი“ და სხვ. დიდი ინტერესი და გამოხმაურება დაიმსახურა მისმა მოხსენებებმა მსოფლიო კონგრესებში ცეოლითების კვლევა-მოპოვება-გამოყენების დარგში (სალონიკი, საბერძნეთი, 2002; სოფია ბულგარეთი, 2010). მისი ხელმძღვანელობით წარმატებით შესრულდა პროექტები: STCU „ბიოლითონების და ბუნებრივი ცეოლითების შემცველი ახალი თაობის პრემიქსები“ (2011-2014) და GEX „კონტროლირებადი პროლონგირებული სასუქები“ (2006–2007). აქტიურად იყო ჩაბმული საზ-ებრივ საქმიანობაში, იყო სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზირებული სამეცნ. საბჭოს წევრი. ქიმიის დარგში სამეცნ. მიღწევებისათვის დაჯილდოვებულია საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საპატიო სიგელით (2014).