უკლება დავით ბახვას ძე (27.XII.1919, სოფ. სიმონეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი - 26.VII.1999, თბილისი), გეოგრაფი. თსუ-ის პროფესორი (1985), მეცნიერების დამსახ. მოღვაწე (1984).1937 ჩაირიცხა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ზე (1937-1941). უ. დ. მობილიზებულ იქნა საბჭ. არმიის რიგებში (1941) და ჩაირიცხა კურსანტად ქ. თელავის სამხ. სასწავლებელში, რ-იც ლეიტენანტის წოდებით დაამთავრა (1942). მუშაობდა 406-ე დივიზიის ოცმეთაურად (1942-1944), I ბატალიონის მეთაურის მოადგილედ (1944-1946). დემობილიზაციის შემდეგ აღდგენილ იქნა თსუ-ის უკანასკნელ კურსზე, რ-იც დაამთავრა გეოგრაფის სპეციალობით (1947). იქვე მუშაობდა ლაბორანტად ქვეყანათმცოდნეობის კათ-ზე (1946-1947). წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ზემო სვანეთის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“ (1951). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში (1950-დან). უ. დ.-მა საფუძველი ჩაუყარა ინ-ტში ლანდშაფტმცოდნეობის განყ-ბას. იყო გეოგრაფიის ინ-ტის სწავლ. მდივანიც (1953). ამასთან, პროფ. უ. დ. შეთავსებით მუშაობდა ქართ. საბჭ. ენციკლოპედიაში უფრ. სამეცნ. რედ., კითხულობდა ლექციებს თსუ-სა და გორის პედაგოგ. ინ-ტში. იყო არაერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვ., ოპონენტი. უ. დ.-ს მოღვაწეობის ძირითად სფეროს შეადგენდა ლანდშაფტმც. წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: „აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის“ (1971). ფართო დიაპაზონის მეცნიერ-გეოგრაფის მოღვაწეობა მიმართული იყო ლანდშაფტმცოდნეობის მნიშვნელოვანი პრობლემების შესწავლისა და საქართვ., სამხრ. კავკასიის და მთლიანად კავკასიის ფიზ.-გეოგრ. დარაიონებისადმი. ბუნ. პირობებისა და რესურსების რაციონ. გამოყენების მეცნ. დასაბუთებისა და ბუნ. დაცვის პრობლემებისადმი. ამ საკითხებს მიუძღვნა მან 200-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია, რ-თა დიდი ნაწილი დაბეჭდილია ქართ., რუს., ინგლ., პოლ. და ჩეხ. ენებზე. უ. დ.-ს მიერ შესრულებულია ცალკეული რეგიონების ბუნ. პირობებისა და რესურსების დახასიათება, ფიზ.-გეოგრ. აღწერილობანი. უ. დ. იყო გეოგრაფიის ინ-ტის ფიზ.-გეოგრაფიის განყ-ბის ხელმძღვ. (1981-1989). მის მიერ დადგინდა სხვადასხვა რანგის ანთროპოგენური ლანდშაფტები, რ-თა კლასიფიკაცია და ზოგადი სამეურნეო შეფასება მთიანი ქვეყნებისათვის პირველად შესრულდა საქართვ. მაგალითზე. უ. დ.-ს მეთოდიკითა და ხელმძღვანელობით პირველად შეიქმნა საქართვ. ლანდშაფტების რუკა ქართ. და რუს. ენებზე (1970). მის მიერ დამუშავებული ლანდშაფტური კვლევის მეთოდების საფუძველზე, საქართვ, სომხ. და აზერბაიჯანის წამყვანი გეოგრაფების ერთობლივი მუშაობის შედეგად, შედგენილ იქნა ამიერკავკასიის პირველი საშუალომასშტაბიანი ლანდშაფტური რუკა (მოსკოვი, 1983). ცალკე გამოცემული კარტოგრაფიული ნაშრომის გარდა, უ. დ.-ს სხვადასხვა კრებულში გამოქვეყნებულ სტატიებს თან ერთვის მის მიერ შედგენილი კარტოგრაფიული მსხვილმასშტაბიანი რუკები. ასეთებია, მაგ. „აღმოსავლეთ საქართველოს ბუნებრივი ლანდშაფტების და ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების რუკა“, „საქართველოს ისტორიული წარსული (XVIII ს.) ბუნებრივი კომპლექსები“, „საქართველოს ლანდშაფტების რუკა ვახუშტის მიხედვით“, „იაღლუჯას მაღლობის ლანდშაფტური რუკა“, „თბილისის და მისი მიდამოების ლანდშაფტების რუკა“, „კოლხეთის დაჭაობებული ვაკის ლანდშაფტების რუკა“ და სხვა. უ. დ.-ს დიდი მცდელობით პირველად შეიქმნა ქართ. ჟურნ. „გეოგრაფია“ და გამოიცა ჟურნალის პირველი ნომერი (1998, სულ გამოიცა 2 ნომერი). უ. დ.-ს ნაშრომებიდან აღსანიშნავია: „გეოგრაფიის ტერმინოლოგია“ (1967), „აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის“ (1968), „აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები“ (1974), „საქართველოს ანთროპოგენური ლანდშაფტები“ რუსულ ენაზე (1983), „კოლხეთის დაბლობი“ (თანაავტ., 1990) და სხვა. იგი ერთ-ერთი ავტორია საქართვ. სასწ.-გეოგრ. ატლასისა, რ-იც სახელმწ. პრემიით დაჯილდოვდა (1992). უ. დ.-ს ინიციატივითა და მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა „ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი“ (2014). უ. დ.-ს მიენიჭა საქართვ. მეცნიერების დამს. მოღვაწის წოდება, იყო საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1994), ვახუშტი ბაგრატიონის სახ. პრემიის ორგზის ლაურეატი (1987, 1993). პროფ. უ. დ. შეყვანილია ამერიკის ბიოგრ. ინ-ტის მიერ გამოცემულ ცნობარში „მსოფლიოს 5 ათასი გამოჩენილი პიროვნება“ (1998).
თხზ.: უკლება, დ. (1966). ჩვენი სამშობლოს ცისფერ გზებზე: [საქართველოს მდინარეები]. თბ., ნაკადული; უკლება, დ. (1967). გეოგრაფიის ტერმინოლოგია. თბ., მეცნიერება; Уклеба, Д. (1983). Антропогенные ландшафты Грузии. Тб., Мецниереба; Уклеба, Д. (1983). Ландшафтная карта Закавказья. М., უკლება, დ. (1988). კავკასიის ლანდშაფტების სიმაღლებრივი ზონალურობის სპექტრების ტიპები. კრებ.: საქართველოს ბუნება და რაციონალური ბუნებათსარგებლობის პრობლემები. თბ., მეცნიერება; უკლება, დ. (1989). თბილისის და მისი მიდამოების ბუნება, წიგნ.: თბ. (ეკონომიკურ-გეოგრაფიული მიმოხილვა). თბ., მეცნიერება; უკლება, დ. (2000). ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტები. წიგნ.: საქართველოს გეოგრაფია, ნაწ. 1. ფიზიკური გეოგრაფია. თბ., მეცნიერება.
ლიტ: სალუქვაძე, ე. (2019). დავით უკლება (1919-1999): ბიობიბლიოგრაფია. თბ..; იგი მსოფლიოს 5 ათას გამოჩენილ პირთა შორისაა დასახელებული, დავით უკლება-100. გაზ.: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 30 ოქტომბერი,№ 10; ხარაძე, კ., (თანაავტორი). (2003). უკლება დავით ბახვას ძე. ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება.