თვდგირიძე ნიკოლოზ ყარამანის ძე (16.XII.1871, სოფ. აკეთი, ლანჩხუთის რ–ნი – –), ფსევდონიმები: ნიკოპოლი, ნიკო გურული, თავდგირიძე ნიკოლ., ნ. თ.-ძე; პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზ. მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია; ოდესის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1889); დაჯილდოვდა ოქროს მედლით თხზულებისთვის „ბიზანტიის უფლების გავლენა რუსეთის კანონმდებლობაზე“; უნ-ტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში (1889). იყო ოზურგეთის მაზრის მოურავი (1890-1905); ქუთაისის გუბ. მარშლი; სოხუმის ქალაქის თავი (1905); მისი ინციატივით აფხაზეთში გაიხსნა ქართ. სკოლა. დაიცვა რუსეთის მთავრობისაგან დევნილი ეპიკოპოსები, კირიონი და ლეონიდე, რის გამოც კ. აბაშიძესა და დ. მიქელაძესთან ერთად დააპატიმრეს (1906). რეგულარულად აქვეყნებდა კრიტ. პუბლიც. წერილებს აფხ. საკითხის გარშემო, ამიტომაც აფხზეთის კომისარიატმა დაატოვებინა მას სოხუმი (1919); რესპ. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება გააუქმა, რის შემდეგაც თ. ნ. აფხ. მომრიგებელ-მსაჯულთა კრებ. თავ-რედ აირჩიეს. იგი იყო საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტ. წევრი; “ქართველტა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ნამდვილი წევრი (1900-); “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” სოხუმის განყ-ების გამგეობის წევრი (1909-); “ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” სოხუმის განყ-ბის დამფუძნებელი წევრი (1909-); ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ების წევრი (1917-1918); სიცოცხლის ბოლო წლებში კი საბანკო-საფინანსო ასპარეზზე დაიწყო მუშაობა. საქართვ. საბჭ. რუს. მიერ ოკუპაციის შემდეგ დააპატიმრეს (1922), როგორც საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრი, გენუის კონფერენციისადმი მემორანდუმის გაგზავნაში მონაწილეობის ბრალდებით. საქართვ. სსრ უმაღლესმა სამამართლომ მიუსაჯა 3 წლით და ცხრა თვით პატიმრობა, ქონების კონფისკაციით (1924). მისი შემდგომი ბედი და გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია.
ლიტ.: "ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი" : იოსებ იმედაშვილი // II ტომი. - თბილისი, ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა, 2021. - გვ. 252; საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 2.