-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე ირანისტი დოცენტი
თუშიშვილი ლეილა ნიკოლოზის ასული (9.X.1924, თბილისი - 22.VIII.2018, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, ფილოლოგიურ მეცნ. კანდ. (1951), თსუ-ის დოცენტი (1955-2006). ჩაირიცხა სტალინის სახ. უნ-ტის ფილოლოგიის ფაკ-ტის სპარს. ენისა და ლიტერატურის განყ-ებაზე (1942), შემდეგ სწავლა განაგრძო ახლად დაარსებულ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ზე სპარს. ენისა და ლიტერატურის განხრით (1945). სწავლის დასრულების შემდეგ (1947), ჩააბარა თსუ–ის ასპირანტურაში (1947-1950) და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „არაბული ლექსიკური ელემენტები ფირდოუსის „შაჰ-ნამეში“ (1951). მუშაობდა თსუ–ის ფილოლოგიის კათედრაზე ასისტენტად (1950-52), უფრ. მასწავლებლად (1952-1955) და დოცენტად (1955-2006). სხვადასხვა დროს იგი თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: სპარს. ენა; სპარს. კლასიკური ლიტერატურა; ირან. ენების დიალექტები. არის არაერთი სახელმძღვანელოს ავტორი. თ.ლ.-ს კვლევის სფერო მოიცავს სპარს. ენის გრამატიკის, სპარს. კლასიკური ლიტერატურისა და ირან. დიალექტოლოგიის საკითხებს. იგი ოცდაათამდე სამეცნ. ნაშრომის ავტორია. ქართვ. ირანისტების მრავალი თაობა სპარს. ენის შესწავლას იწყებდა მისი სახელმძღვანელოთი „სპარსული ქრესტომათია ლექსიკონით“ (1970), რ-იც განკუთვნილი იყო პირველი კურსის სტუდენტებისთვის და შეიცავდა სავარჯიშო მასალას მცირე ზომის ტექსტებს (ანდაზებს, არაკებსა და ზღაპრებს) და სპარსულ-ქართულ-რუსულ ლექსიკონს. მისი ნაშრომი „კლასიკური სპარსული ენის ელემენტარული გრამატიკა“ (2000; 2012) კი დღესაც შეუცვლელი წიგნია სპარს. ენის გრამატიკით დაინტერესებულ პირთათვის. თ.ლ. ქართულ ირანისტიკაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით.
თხზ.: თუშიშვილი, ლ. (1970). სპარსული ქრესტომათია ლექსიკონით. თბ., უნ-ტის გამ-ბა; თუშიშვილი ლ. (2000, 2012). კლასიკური სპარსული ენის ელემენტარული გრამატიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN9789941132322.