-
ავტორი
- კატეგორიები: არქეოლოგი ისტორიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
თუშაბრამიშვილი დავით მიხეილის ძე (01. VI. 1922, სოფ. შრომა, ახლანდ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი – 20. VII. 1992, თბილისი), არქეოლოგი, საქართვ. და კავკასიის ძვ. ქვის ხანის მკვლევარი, ისტორიის მეცნ. კანდ., აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი (1955–1970), არქეოლ. განყ-ბის ხელმძღვ. (1973–1989) და წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი (1987–1992), საქართვ. არქეოლ. კვლევის ცენტრის ქვის ხანის სექტორის ხელმძღვ. (1984–1987) და უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (1989–1992). დაამთავრა სახელმ. უნ-ტის ისტორიის ფაკ-ტი (1951) და ისტორიის ინ-ტის ასპირანტურა არქეოლოგიის განხრით (1954). მუშაობდა ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის არქეოლოგიის განყ-ებაში (1955-დან). იგი სათავეში ედგა მუზეუმის არქეოლოგიის განყ-ებას (1973-1989). პარალელურად თ. დ. მუშაობდა სახელმწ. უნ-ტის არქეოლოგიის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე (1961-1970), აგრეთვე, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლ. და ეთნოგრაფიის ინ-ტის არქეოლ. ცენტრის ქვის ხანის განყ-ების ხელმძღვ. (1984-1987). დაიცვა დისერტაცია თემაზე „გვარჯილას კლდის პალეოლითური ნაშთები“ (1956). თ. დ. კითხულობდა ლექციებს თსუ-ში კერძოდ, კურსს - პირველყოფილი საზ-ების ისტორიაში. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტში შეიქმნა რგანის მიზნობრივი არქეოლ. ექსპედიცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ალ. კალანდაძე (1953). საველე სამუშაოებს უძღვებოდა ასპირანტი დავით თუშაბრამიშვილი. ექსპედიციას დაევალა ჭიათურის რაიონის სოფ. რგანში სტ. კრუკოვსკის მიერ მიკვლეული მღვიმე „გვარჯილას კლდეში„ ფენათა რაოდენობისა და თანმიმდევრობის დაზუსტება და დამატებითი ნივთიერი მასალის მოპოვება (1916). ექსპედიციამ შეასრულა დასახული ამოცანა და მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით იგი ალექსანდრე კალანდაძესთან ერთად აქვეყნებს პირველ სამეცნ. ნაშრომს, ხოლო მოგვიანებით გამოსცემს მნიშვნელოვან მონოგრაფიას „გვარჯილას კლდის პალეოლითური ნაშთები“ (1960). თ. დ.-ს დიდი წვლილი მიუძღვის დმანისის კვლევებში (1991). თანამშრომელ არქეოლოგებთან, ზაალ ქიქოძესა და თენგიზ მეშველიანთან ერთად ეწვია დმანისის ნაქალაქარს და დაადასტურა დმანისის სადგომის, როგორც არქეოლ. და პალეოლითური ძეგლის არსებობა, გამოთქვა პირველი ვარაუდი დმანისთან დაკავშირებით ევრაზიის ტერიტორიაზე პალეოლითური ყველაზე ძველი სადგომის აღმოჩენის შესახებ და იქვე განსაზღვრა ის როგორც „მსოფლიო მნიშვნელობის უძველესი ძეგლი“ (1998). თ. დ. სახელთანაა დაკავშირებული მუზეუმის არქეოლოგიის განყ-ებაში ქვის ხანის უმდიდრესი ფონდის შექმნა (1953). სოფ. რგანის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში მან მოიძია არქაული იერის რამდენიმე ნივთი. იგი აფუძნებს რიონ-ყვირილის აუზის სტაციონალურ ექსპედიციას (1957), რ-იც მისი ხელმძღვანელობით იწყებს გეგმაზომიერ კვლევა-ძიებით სამუშაოებს ჭიათურა-საჩხერის რაიონებში. ამ რეგიონში აღმოჩნდა 70-ზე მეტი პალეოლითურ და ნეოლითურ ხანთა ძეგლი. პალეონტოლოგიური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი ძეგლი აღმოჩნდა შვალიეთის მღვიმე. თ. დ.-ის მიერაა აღმოჩენილი და ნაწილობრივ გათხრილი ორთვალა კლდე, ჯრუჭულა, ცუცხვათის მღვიმეები, ძუძუანას მღვიმე, კოტიას კლდე და სხვ. თ. დ.-ის ხელმძღვანელობით რიონ-ყვირილას არქეოლოგიურმა ექსპედიციამ განაგრძო ისტორიის ინ-ტის ექსპედიციის მიერ დაწყებული გათხრები წონას მრავალფენიან მღვიმეში (1958). ეს მღვიმე ცნობილია, როგორც ევროპაში ჰიფსომეტრიულად ყველაზე მაღლა მდებარე (2150მ.) მღვიმე. თ. დ. მონაწილეობს ლენინგრადელთა მიერ ორგანიზებულ არქეოლოგიურ ექსპედიციაში დღევანდელი სამხრ. ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე კუდაროსის მღვიმეში (1957). თ. დ. ხელმძღვანელობდა ქვის ხანის შემსწავლელ ექსპედიციას ცუცხვათის (ტყიბულის მუნიც.) მრავალსართულიანი მღვიმური კომპლექსის შესწავლას (1979). აღნიშნული კომპლექსის ხუთ მღვიმეში დადასტურდა პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების კვალი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბრინჯაოს მღვიმე, ორმაგი ეხი და ზედა მღვიმე. თ. დ.-ს ადგილობრივ და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. მონოგრაფია და სტატიები. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „საქართველოს სსრ წითელი წიგნის" მომზადებასა და გამოქვეყნებაში. თ-ის აღმოჩენებსა და ნაშრომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართვ. და კავკასიაში პირველყოფილი ადამიანის საზ-ბის განვითარებისა და განსახლების შესწავლაში. მიღებული აქვს არაერთი სახელმწ. ჯილდო. დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის მედლით.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): თუშაბრამიშვილი, დ. (1960). გვარჯილას-კლდის პალეოლითური ნაშთები. თბილ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა; თუშაბრამიშვილი, დ. (2018). ყვირილის ხეობის პალეოლითური ექსპედიცია. არქეოსპექტრი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. თბილ., N 1. გვ. 254-288.
ლიტ: მოგონებები - დავით თუშაბრამიშვილი. (2013). საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე : ტომი IV :49-B. თბილ. 595-601.