თუმანიშვილი გრიგორ (გივი) დიმიტრის ძე
თუმანიშვილი გრიგორ (გივი) დიმიტრის ძე

თუმანიშვილი გრიგოლ (გივი) დიმიტრის ძე (10. VIII. 1925, თბილისი-17. VII. 2007), ბიოლოგი, საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1983), საქართვ. სამედ.-ბიოლ. და ეკოლ. აკადემიების ნამდვ. წევრი (1994). ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1969), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979). დაამთავრა თბილ. მე-18 საშ. სკოლა (1933-1943); თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტი (1944-1949); თსუ-ის ადამიანისა და  ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტურა, აკად. ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვ. (1949-1952); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „კინესტეტური და ლაბირინთული გაღიზიანებათა მნიშვნელობა ძილისა და ღვიძილის მდგომარეობათა ურთიერთ შენაცვლისათვის“ (1953); შემდეგ - სადოქტორო დიცერტაცია თემაზე: "უჯრედშორისი ურთიერთქმედებათა როლი ქსოვილთა ზრდის რეგულაციაში" (1964). მუშაობდა: ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პედ. (1952-1954) და ცხინვალის სახელმწ. პედ. ინ-ტში უფროს მასწავლებლად (1954-1955); იყო საქართვ. მეცნ. აკად. ფიზიკის ინ-ტის ბიოფიზიკის განყ-ბის გამგე (1957-1965); ექსპერ. მორფოლ. ინ-ტის განვითარების ბიოლოგიის განყ-ბის ხელმძღვ. (1965-1981); თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტის დეკანი (1981-1986); თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტის ციტოლოგიის, ჰისტოლ. და ემბრიოლოგიის კათედრის გამგე (1983-2001). თ.-მა საქართველოში პირველმა წამოიწყო გამოკვლევები განვითარების ბიოლოგიაში. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: უჯრედის გამრავლებისა და დიფერენცირების მარეგულირებელი მექანიზმები; გენების აქტივობის რეგულირება; უჯრედის ულტრასტრუქტურა განვითარების სხვადასხვა ეტაპზე; შეისწავლა ზრდის შემაჩერებელი ფაქტორების ბირთვული ლოკალიზაცია და ზრდის მასტიმულირებელი ფაქტორების ციტოპლაზმური ლოკალიზაცია; ცხოველთა ორგანოების რეგენერაციის კანონზომიერებათა მექანიზმები; აღმოაჩინა გულის კეილონები და შექმნა უჯრედის დიფერენცირების ორიგინ. თეორია. თ. გრ. წლების განმავლობაში იყო „ცხოველთა ინდივიდური განვითარებისა და ონტოგენეზის მართვის პროცესების" საკავშირო საკოორდინაციო საბჭოს წევრი (1972-დან); ამავე საბჭოს თავ-რე (2002-დან); „საქართველოს მწვანეთა" მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ლიდერი; „მწვანეთა" ეკოლ. ასოციაციის პრეზიდენტი (1988); მეცნ. და ტექნოლ. დეპარტამენტის ზოგადი ბიოლ. საექსპერტო საბჭოსა და საქართვ. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის ექსპერტკონსულტანტი (1992-2000). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 4 სამეცნ. მონოგრაფია, 1 სახელმძღვანელო და 1 მეთოდური მითითება. აირჩიეს რეგენერაციის შემსწავლელთა საერთაშ. ასოციაციის პრეზიდენტად (1997). თ. გრ. მიღებული აქვს სსრ კავშირის უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1985); საქართვ. „წლის მეცნიერის“ წოდება მამაკაცთა შორის (1998); დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997, 2000); ივ. ჯავახიშვილის მედლით (1986); იყო საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მწვანეების პარტია“  (1992-1995); ამავე მოწვევის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის წევრი (1993-1995); რეგენერაციის შემსწვალელთა საერთაშ. ასოციაციის (IARR) პრეზიდენტი; საქართვ. WWF ორგანიზაციის სამეცნ.-საკონსულტაციო საბჭო წევრი; საქართვ. ადამიანი და ბიოსფეროს (MAB) ეროვნ. კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი.

თხზ.: თუმანიშვილი, გრ. (1979). უჯრედების დიფერენცირება. თბ., მეცნიერება; თუმანიშვილი, გრ. (1991). ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგია : მეთოდ. მითითებანი ბიოლოგიის ფაკ. სტუდ. თბ., უნ-ტის გამ-ბა; თუმანიშვილი, გრ. (1991). ცოცხალი სისტემების ონტოგენეზური თეორია. თბ., უნ-ტის გამ-ბა,   ISBN: 5511004855; თუმანიშვილი, გრ. (თანაავტორი). (1998). ბიოლოგია: მე-7 კლასის სახელმძღვ.   თბ., განათლება, 1998, ISBN: 5505022235; თუმანიშვილი, გრ. (1998). ელემენტარული ციტოლოგია : სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. ბიოლოგი და მედიკოსი სტუდენტებისათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა.

ლიტ.: ვინ ვინაა საქართველოში: 1998-1999: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 1999, ISBN: 9992852380;  ყიფიანი, თ. (2001). წიგნი ღირსებისა: ტ. 2: 1997. თბ., ISBN: 9992801549; მირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ., ISBN: 9789941081422.