თულაშვილი ივანე ნიკოლოზის ძე
თულაშვილი ივანე ნიკოლოზის ძე

თულაშვილი ივანე ნიკოლოზის ძე (21.VIII.1863, თბილისი- 20.II.1930, თბილისი), საშ. განათლება მიიღო თბილ. სამხ. გიმნაზიაში (1882-დან კადეტთა კორპუსი). დაამთავრა პეტერბურგის სამხ.-საინჟ. სასწავლებელი და ნიკოლოზის სამხ.-საინჟ. აკადემია (1890). დიდხანს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში, ეწეოდა პედ. საქმიანობას. პარალელურად ასრულებდა პრაქტიკულ სამშ. და არქიტექტურულ სამუშაოებს. მსახურობდა მოსკოვის სამხ. ოლქში (1892-1895), მუშაობდა ქალაქის მმართველობის ინჟინრად (1896-1903), მოსკოვის უნ-ტის კლინიკების არქიტექტორად (1904-1908). კერძო დაკვეთით აშენებდა საცხოვრებელ სახლებს (1895-1918). ასწავლიდა ფორტიფიკაციასა და სამშ. საქმეს მოსკოვის ალექსანდრეს სამხ. სასწავლებელში (1895- 1918), ინჟ. პრიოროვის სამშ. კურსებსა (1904-1914) და ქალაქის სამშ. კურსებზე (1905-1909). ივ. ჯავახიშვილის მოწვევით ჩამოვიდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო თსუ-ში პოლიტექ. ფაკ-ტის დაარსებაში (1921). არჩეულ იქნა დოცენტად და ფაკ–ტის მდივნად (1922). კითხულობდა სამშ. სამუშაოთა, სამოქალაქო ხუროთმოძღვრების, ფუძე-საძირკვლების, სახუროთმოძღვრო გეგმარების თეორ. საფუძვლებისა და გათბობა-ვენტილაციის კურსებს. ფაკ-ტის ბაზაზე საქართვ. სახელმწ. პოლიტექ. ინ-ტის (ამჟამად საქართვ. ტექნ. უნ-ტი) დაფუძნების შემდეგ, თ. ი. იყო ინ-ტის არქიტექტურის კათედრის პირველი გამგე (1928-1930). მას თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის  საქართველოში  ხუროთმოძღვრული დარგის ორგანიზაციასა და პირველ ინჟინერ-მშენებელთა აღზრდაში.