ცომაია თინათინ ივანეს ასული
ცომაია თინათინ ივანეს ასული

ცომაია თინათინ ივანეს ასული (2.IV.1912, თბილ. – 30.I.1975, თბილ), კლიმატოლოგი, გეოგრაფი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი (1956).  დაამთავრა თსუ-ის პედ. ინ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტი გეოგრ. სპეციალობით (1934). ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მუშაობა დაიწყო გეოგრ. კათედრაზე. დაამთავრა ასპირანტურა აკად. ალ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით (1937). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „ფიონები რიონის ხეობაში“ (1952), სადაც დეტალურადაა დახასიათებული მთიანი ქვეყნებისათვის ტიპური მეტად უჩვეულო, დაღმავალი, მშრალი და თბილი, ხშირად ცხელი ქარის კლიმატური თავისებურებანი, მათი სახალხო-სამეურნეო და კლიმატური მნიშვნელობა. ც.თ. მუშაობდა თსუ-ის ჰიდროლოგიისა და კლიმატოლოგიის კათედრაზე (1938-დან). კითხულობდა ლექციებს კლიმატოლოგიაში, მიკროკლიმატოლოგიაში, სსრ კავშირის კლიმატოგრაფიაში, რეგიონულ კლიმატოლოგიასა და სხვ. შეადგინა სასწ. პროგრამა მეტეოროლოგიასა და კლიმატოლოგიაში გეოგრ. სპეციალობის სტუდენტებისათვის (1955). მას ეკუთვნის 40-მდე სამეცნ. შრომა, რომელთა მხოლოდ ნაწილია გამოქვეყნებული.

თხზ.:ხარაძე, კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნებისმკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 287, ISBN 9992806982.