ცხოვრებაშვილი შოთა
ცხოვრებაშვილი შოთა

ცხოვრებაშვილი შოთა ალექსანდრეს ძე (1.V.1920, ხაშური – 15.VII.2021, თბილ.), გეოგრაფ-გეომორფოლოგი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1989), თსუ-ის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი, თსუ-ს ემერიტუს-პროფესორი (2011-2021), ღირსების ორდენის კავალერი (2015), საქართვ. გეოგრ. საზ-ის წევრი (1940), საქართვ. უმაღლ. სკოლის დამს. მუშაკი (1983). დაამთავრა ხაშურის 1-ლი საშ. სკოლა, შემდეგ წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი გეოგრაფ.-გეომორფოლოგის კვალიფიკაციით (1942). ალ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით აქვე გაიარა ასპირანტურის კურსი (1942-1945). ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე გეომორფოლოგიისა და ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრებზე ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად (1947-დან), უფრ. მასწავლებლად, დოცენტად (1949-დან), პროფესორად (1989-2006). იყო გეომორფოლოგიის კათედრის გამგე (1970-1981). შეთავსებით მუშაობდა გორის ნ. ბარათაშვილის სახ. პედ. ინ-ტში (1946-1947). კითხულობდა ლექციებს შემდეგ საგნებში: ზოგადი დედამიწათმცოდნეობა და გეომორფოლოგია. ც. შ.-მ მოამზადა და გამოაქვეყნა პროგრამები სხვადასხვა საგანში: გეომორფოლოგიის საველე კვლევით მეთოდებში (1984), დინამიკურ გეომორფოლოგიაში (1989), ზოგად დედამიწისმცოდნეობაში (1991) და სხვ. ც. შ.-მ დაიცვა ჯერ საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „შიდა ქართლის ბარის დასავლეთი ნაწილის გეომორფოლოგია“ (1947), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია თემაზე „აჭარა-თრიალეთის მთაგრეხილის გეომორფოლოგია“ (1967). სალექციო მუშაობის გარდა, ც. შ. აქტიურ სამეცნ.-კვლ. საქმიანობას ეწეოდა. მას გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნ. სასწ. და სამეცნ.-პოპულარული ნაშრომი, რომელთაგან 9 ცალკე წიგნადაა გამოცემული. მათში სამეცნ.-კვლ. მუშაობა ორი მიმართულებითაა – საქართვ. გეომორფოლოგიური შესწავლისა და გეომორფოლოგიური კვლევის მეთოდების დამუშავების ხაზით. აღსანიშნავია, აჭარა-იმერეთისა და თრიალეთის ქედების გამყინვარების, მოსწორებული ზედაპირების კვლევა სტატისტ. მეთოდის გამოყენებით, აჭარა-იმერეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე ჰუმიდური ჰავის პირობებში გეომორფოლოგიური „პარადოქსისა“ და გენეზისის ახსნა, ამავე ქედის მაღალი მთების მორფოლოგიური ასიმეტრიის ფაქტის დადგენა და მისი მიზეზების ახსნა, ბორჯომის ხეობის გენეზისის, შიდა ქართლის ფარგლებში მტკვრის ხეობის განვითარების ისტორიის ახლებური გაშუქება და სხვ. მას გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე სამეც.-პოპულ. ნაშრომები მუდმივი მზრალობის, დედამიწის ქერქის რხევითი მოძრაობის, მეოთხეული გამყინვარების, პაპანელთა დრეიფისა და სხვათა შესახებ. ც. შ. იყო თსუ-ის გეოგრ.-გეოლოგ. ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს, საქართვ. გეოგრ. საზ-ბის პრეზიდიუმისა და საბჭოს წევრი. ეწეოდა სამეცნ.-საექსპერტო მოღვაწეობასაც.

თხზ.:ცხოვრებაშვილი, შ. (1953). მუდმივი მზრალობა, თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად., საქ. სსრ გეოგრ. საზ-ბა; ცხოვრებაშვილი, შ. (1955). ზოგადი ფიზიკური გეოგრაფიის პრაქტიკუმი: სავარჯიშო მასალების კრებული პრაქტიკულ-სემინარული მუშაობისათვის, თბ.; ცხოვრებაშვილი, შ. (1963). არქტიკის ყინულოვან უდაბნოში, თბ.; ცხოვრებაშვილი, შ. (1978). აჭარა-თრიალეთის მთაგრეხილის გეომორფოლოგია, ნაწ. I, უნ-ტის გამ-ბა.; ცხოვრებაშვილი, შ. (1980). ზოგადი გეომორფოლოგიის მოკლე კურსი. უნ-ტის გამ-ბა; ცხოვრებაშვილი, შ. (1997). ზოგადი გეომორფოლოგია, თბ.; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 290-291, ISBN 9992806982; ბოლაშვილი ნ., გორდეზიანი თ., დავითაია ე., დონაძე ც., ელიზბარაშვილი ნ., ლაღიძე ლ., მაჭავარიანი ლ., მგალობლიშვილი ქ., ნანობაშვილი თ., ნიკოლაიშვილი დ., სალუქვაძე ე., სართანია დ., სეფერთელაძე ზ., ტრაპაიძე ვ. (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ. ფოტოალბომი. უნ-ტის გამ-ბა, გვ. 22, ISBN 978-9941-13-364-0.