-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი
ცხაკაია სერგი გიორგის ძე (22. III. 1880, კოკი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიც. – 20. XI. 1966, თბილისი), გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი (1950), თანამედროვე ქართ. კარტოგრაფიის ფუძემდებელი. დაამთავრა თბილ. სამიწათმომწყობო სასწავლებლის კურსი (1900-1904), პეტერბურგის სამხ.-ტოპოგრაფიული სასწავლებელი (1904). ც. ს.-მ ჩაატარა ტოპოგრაფიული აგეგმვა რუსეთის საზღვარზე პოლონეთთან, ჩინეთთან (რუკები დაიბეჭდა 1906-1908 წლებში). ანალოგიური სამუშაოები მან ჩაატარა სამხრეთ კავკასიაშიც, მათ შორის ისტორიულ საქართვ.-შიც – კოლაში, არტაანში, პონტოს სამხრეთ ფერდობზე (მასშტაბი 1:2100, რუკები დაიბეჭდა 1909-1917 წლებში). ც. ს. მუშაობდა საქართვ. ტოპოგრაფიულ განყ-ბაში ჯერ ტრიანგულიატორად (1917), შემდეგ ამ განყოფილების ხელმძღვანელად (1919). ალ. ჯავახიშვილის მიწვევით, ც. ს.-მ მუშაობა გააგრძელა თსუ-ის ზოგადი გეოგრაფ. და ანთროპოლოგიის კათედრაზე, შემდეგ ამ კათედრასთან შექმნილ გეოგრ. კაბინეტის (1922), მოგვიანებით კარტოგრაფიის ინ-ტის დირექტორის მოადგილედ(1933). აღნიშნული ინ-ტის ბაზაზე შეიქმნა და გამოიცა საქართვ. ზოგადგეოგრ. და თემატური რუკები. მათ შორისაა 1:200,000 მაშტაბის 12-ფურცლიანი რუკა (ალ. ჯავახიშვილთან ერთად). კარტოგრაფიის ინ-ტში შექმნილი ყველა რუკის რედაქტორი იყო ალ. ჯავახიშვილი, ხოლო თვით რუკების შედგენასა და გამოცემას ც. ს. ხელმძღვანელობდა. ც. ს. იყო ამიერკავკასიის გეოდეზიის სამმართველოს კარტოგრაფიული განყ-ბის ხელ-ი (1929-1932), ამიერკავკასის კარტოგრაფიული ტრესტის ტექნიკური დირექტორი (1932-1936), ამიერკავკასიის ტოპოგრაფიული ტექნიკუმის სამეცნ. ხელმძღვ. (1936). ამიერკავკასის კარტოგრაფიული ტრესტში მუშაობის პერიოდში მონაწილეობა მიიღო ამიერკავკასიის 45-ფურცლიანი ტოპოგრაფიული რუკის შედგენასა და გამოცემაში (1932-1938). ც. ს. მუშაობდა თსუ-ის ფიზ. გეოგრ. კათედრაზე დოცენტად (1934-დან), შემდეგ 1936 წელს შექმნილ ტოპოგრაფია-კარტოგრაფიის კათედრის გამგედ. იგი შეთავსებით მუშაობდა ამიერკავკასიის გეოდეზიის სამმართველოში კარტოგრაფიული განყ-ბის ხელმძღვანელად (1929-დან). მისი ინიციატივით სამმართველოში შეიქმნა კურსები, რ-იც მოგვიანებით ამიერკავკასიის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმად გადაკეთდა და რომლის სამეცნ. ხელმძღვ. თვითონ იყო (1936). მანვე შექმნა ამიერკავკასიის გეოდეზიური სამმართველოს კარტოგრაფიული განყ-ბის რუკების საამქრო, რაც შემდგომში კარტოგრაფიული ფაბრიკის დაარსების წინაპირობად იქცა. ც. ს.-ს გამოკვლეული აქვს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის გეოდეზიური და კარტოგრაფიული შესწავლილობის ისტორია, შექმნა და განავითარა კარტოგრაფიისა და გეოდეზიის ტექნიკური ბაზა. შექმნა რამდენიმე ორიგინალური სახელმძღვ. უმაღ. სასწავლებლებისათვის. იგი ლექციებს კითხულობდა გორის, სოხუმის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ცხინვალის პედ. ინ-ტებსა და სასწავლებლებში. ც. ს.-მ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „რუკათმცოდნეობა ტოპოგრაფიის საფუძვლებით“ (1947). ც. ს. საქართვ. გეოგრ. საზ-ბის დაარსების აქტიური მონაწილეა, შემდგომ – პრეზიდიუმის წევრიც (1924). იგი ასევე მონაწილეობდა საქართვ. გეოგრ. საზ-ის მიერ ორგანიზებულ ალპინისტურ ასვლაში მყინვარწვერზე. გ. ქავთარაძესთან ერთად იყო მყინვარწვერის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობის ტოპოგრაფიული აგეგმვის ხელმძღვ. ც. ს. ასევე ვ. ბაგრატიონის გეოგრ. ინ-ტის ერთ-ერთი დამმაარსებელია და ხელმძღვანელობდა ამ ინ-ტის კარტოგრაფიულ განყ-ბას, სადაც მომზადდა „საქართვეოს სსრ ატლასი“ (1964).
სახელმძღვ.:ცხაკაია, ს. (1946, 1951). რუკათმცოდნეობა ტოპოგრაფიის საფუძვლებით (მოკლე კურსი), უმაღლ. პედ. სასწავლებლებისათვის, საქ. სსრ. განათლების სამინისტროს უმაღლ. სკოლის სამმართვ.; ცხაკაია, ს. (1951). გეოდეზიის სახელმძღვანელო, უნ-ტის გამ-ბა; ცხაკაია, ს. (1962). კარტოგრაფია [ზოგადი კარტოგრაფიის კურსის სახელმძღვ.]. თბ. უნ-ტის გამ-ბა; ასლანიკაშვილი, ა., ჯავახიშვილი, შ. (1980, №3, გვ. 24-26). თანამედროვე ქართული კარტოგრაფიის ფუძემდებელი – ს. ცხაკაიას დაბადების 100 წლისთავის გამო. მეცნიერება და ტექნიკა; ბერუჩაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი, თბ.: უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941133640.