ცხაკაია ქსენია ეფრემის ასული
ცხაკაია ქსენია ეფრემის ასული

ცხაკაია ქსენია ეფრემის ასული (28. IX. 1900, სოფ. პლასტუნკა, რუსეთის იმპერიის შავიზღვისპირეთის გუბერნია, ახლანდელი ქ. სოჭის ხოსტის რაიონი - 17. VI. 1982, 81 წლის ასაკში, ქ. თბილისი, დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე), გამოჩენილი ქართვ. პედაგოგი  და მეცნიერი, მცენარეთა ფიზიოლოგი, მცენარეთა ფიზიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, თსუ-ის მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრის გამგე (1938-1982), პროფესორი (1962), მეცნიერების დამს. მოღვაწე (1965). ქუთ. წმინდა ნინოს სახ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, თსუ-ის რექტორის ივ. ჯავახიშვილის განკარგულებით ჩაირიცხა აგრონომიულ ფაკ-ტზე (1921) (ერთ-ერთი ცნობით,  ც. ქ. გახლდათ თსუ-ის პირველი სტუდბილეთის მფლობელი). მალევე, მეორეკურსელი სტუდენტი გადაიყვანეს საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის მცენარეთა ფიზიოლ. და ანატ. კათედრაზე, პრეპარატორად (1922) და სრულიად ახალგაზრდას დაევალა სტუდენტთა ჯგუფისთვის ქართულ ენაზე პრაქტიკუმების ჩატარება მცენარეთა ფიზიოლოგიაში. მოგვიანებით, დაინიშნა კათედრის უფრ. ასისტენტად (1927); ასევე, თსუ-ის პედსაბჭოში მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრის წარმომადგენლად (1928); ლექციებს კითხულობს აგრონომიულ ფაკ-ტზე (1929), ხოლო შემდგომ საკავშირო სუბტროპიკულ და ამიერკავკასიის სატყეო ინ-ტებში (1930); მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება (1932); მოგვიანებით, ბიოლოგიურ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა წინაშე დამსახურებისთვის, დისერტაციის დაუცველად, მიენიჭა მეცნ. კანდ. ხარისხი (1935); მიწვეულ იქნა საქართვ. სას.-სამ. ინსტ-ტის ბოტანიკის კათედრის გამგედ (1936), შემდეგ კი მის მიერვე დაარსებული მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრის გამგედ (1938-1951); იმავდროულად დაინიშნა თსუ-ის მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრის გამგედ (1938-1982). ც. ქ.-მ მთელი თავისი ცოდნა და ენერგია მშობლიურ უნ-ტს მოახმარა (1951). ც. ქ.-ს ლექციები გამოირჩეოდა მაღალი მეცნ. დონით, დახვეწილობით, არაჩვეულებრივი გადმოცემის უნარით, მეტყველების მაღალი კულტურით და მრავალფეროვანი მეთოდოლოგიით; საინტერესოდ აშუქებდა მცენარეში მიმდინარე რთულ სასიცოცხლო პროცესებს, რომელთაც მცენარის ნატიფ სტრუქტურას უკავშირებდა. ლექციებს ამდიდრებდა ადგილობრივ და უცხოელ მეცნიერთა ნაშრომებისა და მონაცემების გამოყენებით, ასევე, საკუთარი და მოწაფეების კვლევების შედეგებით. ლექციებს ახლდა უმაღლ. დონეზე შესრულებული ორიგინ. თვალსაჩინო მასალა. ც. ქ. დიდი ენთუზიაზმით ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სამეცნ. წრეების მუშაობას. კათედრასთან არსებულ ამ სამეცნ. წრეებში ბევრმა ახალგაზრდამ შეიძინა დამოუკიდებელი კვლევის უნარი და შემდგომში ცნობილი მეცნიერები გახდნენ: ნ. ალექსიძე, ე. კეცხოველი, რ. ჟორდანია, გ. სანაძე, თ. ჭკუასელი და სხვ. ც. ქ.-მ დიდი ღვაწლი დასდო ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების შექმნა-გამოცემას. ნ. ანელთან თანაავტორობით, მან შეადგინა სახელმძღვანელოები ბიოლოგიის დაუსწრებელი სწავლების სტუდენტებისათვის - 2 განაკვეთი: „უჯრედი“ და „ქსოვილები“ (ცხაკაია, ანელი, 1935-1936); მის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ნ. მაქსიმოვის სახელმძღვანელო „მცენარეთა ფიზიოლოგიის მოკლე კურსი“: (აგრონომებისათვის) (1932) და „მცენარეთა ანატომია“ (1932-1946). ქართულ ენაზე პირველად გამოვიდა ც. ქ.-ს სახელმძღვანელო „მცენარეთა ანატომია“ (ცხაკაია, მირიანაშვილი, 1957), რომელმაც უნ-ტის პრემია დაიმსახურა. ილუსტრირებულ წიგნში შეტანილია საქართველოსთვის დამახასია­თებელი მცენარეები, ნახატების უმრავლესობა ორიგინალურია. ც. ქ.-ს ეკუთვნის 2 თავი - „მცენარის სიცოცხლე“ და „მცენარის მნიშვნელობა“ საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის სტუდენტთა სახელმძღვანელოში „მიწათმოქმედების საფუძვლები“. ც. ქ. დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდა კვალიფიციური კადრების აღზრდას, მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია კათედრის თანამშრომლებისა და სხვა უმაღლ. სასწავლებლების წარმომადგენელთა ათეულობით საკანდიდატო დისერტაცია. ხშირად უწევდა კონსულტაციებს სადოქტორო დისერტაციების ავტორებსაც. პედ. მუშაობასთან ერთად, ც. ქ. დიდ დროს უთმობდა სამეცნ.-კვლ. მუშაობას. ც. ქ.-ს გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნ. სტატია. მისი ძირითადი ნაშრომები ეხება მცენარეთა ანატომიის, ფიზიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის საკითხებს. დიდი წვლილი მიუძღვის სას.-სამ. კულტურების შესწავლაში, რამაც გამოყენება ჰპოვა პრაქ. საკითხების გარკვევაში. აღსანიშნავია მისი მუშაობა ვაზის ფესვთა სისტემის ანატომიაზე, რ-იც ფილოქსერაგამძლეობასთანაა დაკავშირებული, ისინი საფუძვლად დაედო ფილოქსერაგამძლე ვაზის ჯიშების გამოყვანას. აღსანიშნავია მისი ძიებანი ერთლებნიანი მცენარეების (ხორბალი, სიმინდი) ღეროში კამბიუმის მოქმედებისა და ღეროს გამსხვილების შესახებ. მცენარეთა შინაგანი სტრუქტურის შესწავლის საფუძველზე, მის კვლევას გარკვეულობა შეაქვს ერთლებნიანთა ფილოგენეზის სადავო საკითხებში. ც. ქ.-ს უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით თსუ-ის მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრის თანამშრომლების მიერ შესრულებულია ნაშრომები აგროკულტურების შედარებით ანატომიაში, ფიზიოლ. და მიკრობიოლოგიაში. ც.ქ. მრავალმხრივ საზ-ებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. გამოდიოდა სამეცნ.-პოპ. მოხსენებებით, ხელმძღვანელობდა თსუ-ის „ცოდნის“ პირველად ორგანიზაციას, იყო უმაღლ. და სპეცგანათლების სამინისტროს სამეცნ.-ტექნ. საბჭოს ბოტან. სექციის თავ-არე, თსუ-ს, სას.-სამ. ინ-ტისა და თსსი-ის ხარისხების მიმნიჭებელი სპეც. საბჭოს წევრი, საქართვ. ბოტანიკური საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი და მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის სექციის თავმჯდომარე. დაჯილდოებული იყო ივანე ჯავახიშვილის მედლით, ლენინის ორდენით და სხვა მრავალი ჯილდოთი. იგი ეკუთვნოდა თსუ-ს იმ დიდი პედაგოგების რიცხვს, რ-თაც საფუძველი ჩაუყარეს ქართულ მეცნიერებას და ეროვნ. მაღალ­კვალიფიცირებული კადრების აღზრდას.

 თხზ.: Цхакая К. (1927). О некоторых изменениях в проводящей системе стебля под влиянием обрезивания элементов узла. Ж. РБО, т.12; ცხაკაია ქ., ანელი ნ. ა. (1935-1936). მცენარეთა ანატომია  I და II განაკვეთი, თბ.; ცხაკაია ქ. (1945). ერთლებნიანი მცენარის ფესვის შინაგანი აგებულების შესწავლისათვის. საქ. სას.-სამ. ინსტ. შრომები. ტ.XXIII-XXIV; ცხაკაია ქ. (1953). ბამბუკის ზოგიერთი სამრეწველო სახეობის შედარებითი ანატომია. საქ.სას.-სამ. ინსტ. შრომები. ტ. 39-40; ცხაკაია ქ., მირიანაშვილი ე. (1957). მცენარეთა ანატომია. თბ.,  უნ-ტის გამ-ბა.

ლიტ.: ცხაკაია ქსენია ეფრემის ასული. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11,1987-გვ. 247; ქსენია ცხაკაიას ხსოვნის კრებული (2000), თბ., გვ. 3-26.