ცხადაძე ედიშერ გიგას ძე
ცხადაძე ედიშერ გიგას ძე

ცხადაძე ედიშერ გიგას ძე (14.V.1958, აბაშა), ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1980). ც. ე.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდიდატისა და დოქტორის ხარისხები სადისერტაციო ნაშრომებზე: „დიმიუონებთან ასოცირებული ნაწილაკების დაბადება πC → μ+ μ- +X რეაქციაში „რისკ“ ექსპერიმენტზე“ (1993) და „დრეიფული კამერების სისტემების შემუშავება და შექმნა მაღალი ენერგიების ფიზიკის ექსპერიმენტებისათვის“ (2005). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტში და სსრკ უდიდეს სამეცნ. ცენტრებში (დუბნა, სერპუხოვი, 1980-1997). დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტის ხელშეწყობით (JINR, რუსეთი), საქართვ. მეცნიერთა ჯგუფი გახდა LHC-დიდ ადრონულ კოლაიდერზე დაგეგმილი ATLAS - საერთაშ. თანამშრომლობის წევრი (CERN, შვეიცარია, 1994-დან), ქართვ. მეცნიერებთან ერთად ც. ე. მონაწილეობდა ექსპერიმენტის დანადგარების შექმნაში. ასევე, იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა იტალიის ბირთვული კვლევის ნაციონალურ ინ-ტთან (INFN-Istituto Nazionale di Fisica Nucleare); მუშაობდა ქ. ფრასკატის ლაბორატორიაში (იტალია, 2009-2017), რაც მრავალწლიან საინტერესო თანამშრომლობაში გადაიზარდა. ც. ე. წლების მანძილზე მუშაობდა იტალიელ კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან პროექტებზე, რაც დღემდე გრძელდება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ც. ე.-მა განაგრძო მუშაობა ჯერ ფიზიკის ინ-ტში, შემდეგ თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში ლაბორ. ხელმძღვანელად (2020-დან). კოლეგებთან ერთად ც. ე.-ს მიღებული აქვს ადგილ და საერთაშ. რამდენიმე სამეცნ. ფონდების (ISF, ISTC)  გრანტი, არის ATLAS ექსპერიმენტის მონაწილე და კოლეგებთან ერთად ასეულობით სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ნაშრომთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალ-რეიტინგულ საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში და განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში:„Construction and test of the cylindrical-GEM detectors for the KLOE-2 Inner Tracker“ (Nuclear Inst. and Methods in Physics Research, A732, 2013); „A cylindrical GEM Inner Tracker for the BESIII experiment“ (Nuovo  Cim. C39, no.1, 2016);  „High space resolution 𝜇-RWELL for high particle rate“ (Methods in Physics Research A, 958, 2020). ქართველ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, ც. ე.-ს მიენიჭა დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტის პრემია „ATLAS ექსპერიმენტის დეტექტორების შექმნაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ (2001). ც. ე.-ს კოლეგებთან ერთდ (ი. მინაშვილი, ა. შარმაზანაშვილი, ჯ. ხუბუა) გადაეცა საქართვ. ეროვნ. პრემია ფიზ.-მათ. დარგში ნაშრომთა ციკლისთვის "დიდ ადრონულ კოლაიდერზე დაგეგმილ ATLAS ექსპერიმენტში ადრონული კალორიმეტრისა და მიუონური სისტემის ცენტრალური ნაწილების და დანადგარის მაკონტროლირებელი სისტემის შექმნა" (2010); როგორც ATLAS თანამშრომლობის მონაწილე, ც.ე. კოლეგებთან ერთად, გახდა საერთაშ. პრემია/პრიზის “ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის” ლაურეატი ფიზიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩენებისა და კვლევებისთვის (2025). სამეცნ. საქმიანობასთან ერთად, აღსანიშნავია ც. ე.-ს მიერ შექმნილი ე. წ. ტურისტული მეგზურები (ელექტრონული ვერსიები). გაყიდვაშია მისი რამდენიმე ინტერნეტ-წიგნი, რ-ებიც დიდ დახმარებას უწევენ საქართველოდან იტალიაში ჩასულ ტურისტებს რომის ისტორიულ-კულტ. ადგილების გასაცნობად.