წივწივაძე ნოდარ შოთას ძე
წივწივაძე ნოდარ შოთას ძე

წივწივაძე ნოდარ შოთას ძე (4.VI.1946, თბილ.), ინჟინერ-ჰიდროლოგი, ოკეანოლოგი, ტექ. მეცნ. დოქტორი (1982). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ჯერ სპეციალობით „სასარგებლო ნამარხთა ძებნა-ძიების გეოფიზიკური მეთოდები“ (1969), შემდეგ ოკეანოლოგიის სპეციალობით (1972) და მიიღო ინჟინერ-ჰიდროლოგის კვალიფიკაცია. სტაჟირება გაიარა მოსკოვში (1982), შემდეგ სუონზის უნ-ტის ოკეანოლოგიის კათედრაზე (დიდი ბრიტანეთი, 1984-1985), დაიცვა დისერტაცია თემაზე „ზღვის სანაპირო ზონის ჰიდრავლიკა“ (მოსკოვი, წყალთა მეურნეობის საკავშირო სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, 1982), მიენიჭა ტექნიკის დოქტორის წოდება (1982). მუშაობდა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე სახელშეკრულებო თემის უმცროს მეცნ.-თანამშრომლად (1972-1974), სსრკ ტრანსპორტის სამინისტროს სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ზღვის ნაპირდამცავი ნაგებობების შავი ზღვის განყ-ში ინჟინრად, უფრ. ინჟინრად, უმცროს მეცნ.-თანამშრომლად (1974-1978), თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია და ოკეანოლოგიის კათედრის დოცენტად (1986-2006). ამჟამად არის თსუ-ის ჰიდრომექანიკისა და ოკეანოლოგიის ლაბორ. გამგე (2007-დან). ლექციებს კითხულობდა თსუ-ში სხვადასხვა საგანში: ზღვის სანაპირო ზონის ჰიდროდინამიკა, ზღვის პროგნოზირება, მორფოდინამიკა და საპორტო ნაგებობების მშენებლობა. წ. ნ.-ს მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილ. და საერთაშ. პროექტებში: ბაიკალის ტბის სანაპიროზე გამავალი დროებითი მაგისტრალების, მდ. ნევაზე, ლენინგრადის დამბის,  გრიგორიევსკის პორტის, ჩრდილოეთის ზღვაში დროებითი პორტ-თავშესაფარის, ბალტიის  ზღვაზე თავისუფალი ხელოვნური პლაჟების, შავ ზღვაზე ნაპირდამცავი საშუალებების  პროექტირებაში, აგრეთვე ხელმძღვანელობდა თბილ. წყალკანალის, ფოთის პორტის აპემ და პეის ტერმინალებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე და ეუთოს, გაეროს და  შვედეთის განვითარების სააგენტოს პროექტებში. წ. ნ. არის მსოფლიო ოკეანის შემსწავლელი კომისიის ლითოდინამიკის სამუშაო ჯგუფის წევრი (1982-დან), ეუთოს ექსპერტი ირიგაციისა და სასმელი წყალმომარაგების საკითხებში (2006-დან), კატასტროფების რისკების შემცირებისა და გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობის საქართვ. ეროვნ. კომიტეტის თავ-რის მოადგილე (2008-დან), საქართვ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი ეკოლ. დარგში (2009-დან), გაეროს განვითარების პროგრამის სერტიფიცერებული ექსპერტი კატასტროფების რისკების შემცირების საკითხებში (2009-დან), „ანაკლია პორტის“ პროექტების ექსპერტი საზ. საწყისებზე (2010-დან), მსოფლიო ოკეანის ექსპერტთა ჯგუფის წევრი (2011-დან), შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამეცნ. საბჭოს წევრი ეკოლ. და ენერგეტიკის სფეროში (2011-დან), იუნესკოს სამთავრობათაშორისო ოკეანოგრაფიული კომისიის საქართვ. ეროვნ. ოკეანოგრაფიული კომიტეტის თავ-რე (2013-დან), გაეროს ექსპერტი წყლის რესურსების მართვის საკითხებში (2014-დან), ანაკლია პორტის ეკოლ. მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვ. (2019-დან). წ. ნ. არის მრავალი ადგილ. და საერთაშ. კონფერენციის მონაწილე, მათ შორის საერთაშ. კონფერენციისა და ფორუმის ორგანიზატორი და მოხსენებათა კრებ.-ის რედაქტორი „ნატანის ტრანსპორტი სანაპირო ზონაში“ (თბილისი, 1983). წ. ნ.-ს გამოქვეყნებული აქვს 230-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის მაღალრეიტინგულ  ჟურნალებში, 2 მონოგრაფია „ქარისმიერი ტალღების ჰიდრავლიკა არხებში“, „საქართველოს შავი ზღვის დეფაქტო სანაპიროს პრობლემები და მათი აღმოფხვრის გზები“ (2023) და თანაავტორობით ერთი სახელმძღვანელო „ზღვის ეკოლოგია“ (2009). გამოსაქვეყნად გამზადებული აქვს კიდევ 2 სახელმძღვანელო  უმაღლ. სკოლის სტუდენტებისათვის: „წყლის რესურსების ეკოლოგია" და „წყლის რესურსების ეკონომიკა“, რ-ებსაც ლექციების სახით უკითხავს თსუ-ის მაგისტრანტებს.

თხზ.: წივწივაძე, ნ. (თანაავტორი). (1984). ქარისმიერი ტალღების ჰიდრავლიკა არხებში. უნ-ტის გამ-ბა; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 297, ISBN 9992806982; წივწივაძე, ნ. (თანაავტორი). (2009). ზღვის ეკოლოგია. უნ-ტის გამ-ბა; წივწივაძე, ნ. (2023). საქართველოს შავი ზღვის დე ფაქტო სანაპიროს პრობლემები და მათი აღმოფხვრის გზები. თბ. ISBN ISBN 978-9941-9855-4-6;