- კატეგორიები: მათემატიკოსი
ციცქიშვილი ავთანდილ (30.IV.1925 ხაშურის რ-ის სოფ. ქაშვეთში - 2012 ქ. თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი, მექანიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი წარჩინებით (1952), სსრკ მეცნ. აკად. მოსკოვის მექან. პრობლემების ინ-ტის ასპირანტურა (1954-1956). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვში, სსრკ მეცნ. აკად. მექან. პრობლემების ინ-ტში (1958), იქვე დაიცვა სადოქტორი დისერტაცია (1982). ც. ა. მუშაობდა ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში, ჯერ უმცროსი, შემდეგ უფრ. და წამყვანი მეცნ. თანამდებობებზე (1957-2012). პარალელურად კითხულობდა ლექციებს ჰიდროდინამიკაში თსუ-ში. მოღვაწეობდა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის თეორ. მექან., დიფერენციალური და ინტეგრალური განტ. კათედრებზე, ასევე სას.-სამ. ინ-ტის კათედრაზე (1961-დან). იყო სტუ თეორ. მექან.ს კათედრის პროფესორი (1985-2002). ც. ა. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ც. ა.-ს სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულება შეეხება ჰიდრომექანიკის ამოცანების მოდელირების, კერძოდ, ფილტრაციის თეორიის ბრტყელი, სტაციონარული, არაწრფივი, ნაწილობრივ უცნობსაზღვრიანი ამოცანების ამოხსნის მეთოდების შექმნას. მან შექმნა ახალი მიმართულება და სამეცნიერო კვლევის ისეთი მეთოდები, რომელთა დახმარებით შესაძლებელი გახდა ანალიზურ ფუნქციათა თეორიის მძლავრი მათემატიკური აპარატის გამოყენებით ისეთი კლასის ამოცანების ამოხსნა, რომელთა ამოხსნა მანამდე ვერ ხერხდებოდა. კერძოდ, ახალი მეთოდებით მან ამოხსნა ფილტრაციის ამოცანები სხვადასხვა ფორმის მიწის კაშხალებისათვის და არხებისათვის. ცნობილი მეცნიერი პ. პოლუბარინოვა-კოჩინა თავის ნაშრომში „წრიული პოლიგონების შესახებ ფილტრაციის თეორიაში“, რ-იც გამოქვეყნდა სამეცნ. კრებ. „მათემატიკისა და მექანიკის პრობლემები“, აღნიშნავდა: „ბოლო წლების განმავლობაში ა. ციცქიშვილი ატარებდა დეტალურ კვლევებს, რ-იც საშუალებას იძლეოდა მიეღო სრული გადაწყვეტა იმ ამოცანისა, რ-იც ეხება სასრული რაოდენობის წვეროების მქონე წრიული მრავალკუთხედის კონფორმული ასახვის ამონახსნის აგებას ნახევარსიბრტყეზე. კონკრეტული ამოცანის განხილვა საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რამდენად რთულია წრიული მრავალკუთხედის ნახევარსიბრტყეზე კონფორმული ასახვის ზოგადი ამოცანა, რომლისთვისაც, საბოლოოდ, ა. ციცქიშვილმა თავის ნაშრომებში მიუთითა მისი გადაჭრის ზოგადი გზა“. ც. ა. არის 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის და ერთი მონოგრაფიის ავტორი.
თხზ.: Tsitskishvili, A. (2010) General Solutions of Differential Schwartz Equations for Conformally apping Functions of Circular Polygons, Their Connection with Boundary Value Problems of Filtration and of Axially Symmetric Flows, Proc. A. Razmadze Math. Inst. 153, 148 pp. ISSN 1512-0007.
ლიტ.: მახვილაძე, ნოდარ. (2016). საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები. თბ., ISBN 9789941086571.