-
ავტორი
- კატეგორიები: ხელოვნებათმცოდნე პროფესორი
ციციშვილი მაია ირაკლის ასული (13.III.1953, თბილისი - 23.V.2020, თბილისი, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში), ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1975). საქართვ. მეცნ. აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნ. ისტორიის ინ-ტის ასპირანტურა (1992). ამავე ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1976-1998); უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1998-2020). ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1993). თსუ-ის ხელოვნების ისტ. და თეორიის კათედრის დოცენტი (1999-დან). თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტ. და თეორიის ფაკ-ტის პროფესორი (2004-2006). კონკურსის წესით არჩეული იყო თსუ–ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის სრულ პროფესორად (2006-2009). თსუ–ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2010-2020). საქართვ. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, მოძრავი ძეგლების საექსპერტო კომისიის თავ-რე (2000-2020). თსუ-ის ჰუმატინტარულ მეცნ. ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი. გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტ. და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრის სამეცნ. საბჭოს წევრი. თსუ-ში კითხულობდა სამაგისტრო და საბაკალავრო კურსებს: “ახალი ქართული სახვითი ხელოვნება”; “მხატვრული ნაწარმოების ანალიზი”; “ხელოვნებათმცოდნეობის შესავალი”; “ქართული მოდერნიზმი ევროპულ და რუსულ სახვით ხელოვნებასთან მიმართებით”. აქტიურად იყო ჩართული სამეცნ. კვლევის სფეროში. მისი კვლევითი საქმიანობა მოიცავდა ახალ და თანამედროვე ქართ. და ევრ. ხელოვნების შესწავლას (XIX-XXI სს.). არის ავტორი რამდენიმე მონოგრაფიისა და სტატიის. მონოგრაფიულად შეისწავლა ქართ. მხატვრობის განვითარების ეტაპები და დაჰყო რამდენიმე პერიოდად. ნაშრომში “XVIII-XIX საუკუნეების ქართული პორტრეტული ფერწერა“ შეისწავლა „ტფილისური პორტრეტული სკოლა“ გამიჯნა რამდენიმე ეტაპი და ყურადღება გაამახავილა აღნიშნული სკოლის ჩამოყალიბების გზაზე(1997). ავტორმა გამოავლინა სკოლის შექმნის უშუალო წინმსწრები ოთხი ნიმუშისაგან შემდგარი ჯგუფი: დ. თარხნიშვილის, გრ. ჩოლოყაშვილის, გრ. ყარანგოზაშვილის და ალ. ჩოლოყაშვილის პორტრეტები, რ-ებიც XIX საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს შესრულებული. მათში გამჟღავნებული რიგი ნიშნებით ისინი XVIII ს-ის მეორე ნახევრის ქართულ პარადულ პორტრეტებს უკავშირდებიან და აგრეთვე იმ თვისებების მატარებელიც არიან, რ-ებიც შემდგომ ამ სკოლის ნიმუშებში უფრო მკვეთრად გამოვლინდება. XIX ს-ს 20-30-იანი წლებიდან 60-70-იან წლებამდე „ტფილისური პორტრეტული სკოლა“ უკვე სრულად ჩამოყალიბებულ მხატვრულ მოვლენად გვევლინება და განაგრძობს განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ერთიანი სტილისტური ნიშნებით ხასიათდება, მის ფარგლებში მოქმედებენ განსხვავებული ხელწერისა და შემოქმედებითი ბუნების მხატვრები. სწორედ ამ მრავალფეროვნების შედეგად შესაძლებელია პორტრეტული ნამუშევრების დაჯგუფება ცალკეულ კატეგორიებად, რომელთაც საერთო სტილისტური ან თემატური ნიშნები აერთიანებს. გამოჰყო ამ სკოლის რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის ოჯახური, ჯგუფური პორტრეტი, სამხ. პირთა პორტრეტები, ერთ ჯგუფში გაერთიანებულია ოთხი პორტრეტი საერთო ხასიათით და სხვ. XIX ს-ის პირველი ნახევრის „ტფილისური პორტრეტული სკოლის“ ნაწარმოებებში ვხედავთ მეტ საერთოს იმ ქვეყნების პორტრეტულ მხატვრობასთან, რომელთა ყოფა-ცხოვრება ქართულს ჰგავს. ქართ. მოდერნიზმის შესახებ დაწერილ წიგნში „ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია: XVIII-XX საუკუნეები“ ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას და აღნიშნავს რომ, ქართ. მოდერნიზმი არ წარმოადგენს დასავლური მოდელების პირდაპირ გადმოღებას (2013). იგი ჩამოყალიბდა რ-ც ადგილ. ტრადიციებისა და ევრ. მოდერნისტული იდეების სინთეზით, სადაც ერთობლივად თანაარსებობს ეროვნ. იდენტობისა და ფორმის ძიება და ახალი ესთეტიკური ცნობიერება. მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქართ. მოდერნიზმი მრავალშრიანია - მოიცავს, რ-ც მხატვრობასა და არქიტექტურას, ისე ლიტერატურასა და კულტურულ დისკურსს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თბილ., რ-ც კულტ. ცენტრის როლს მოდერნისტული პროცესების განვითარებაში და ხაზს უსვამს ინდივიდ. ავტორების, ჯგუფებისა და ინტელექტუალური წრეების წვლილს. არაერთი ნაშრომი და პუბლიკაცია მიუძღვნა ხელოვნების სასახლეში დაცულ კოლექციებს, მათ შორის ვ. სიდამონ-ერისთავის ნამუშევრებს. ამავე სასახლეში გაიხსნა ც.მ.-ს სახ. საგამოფენო დარბაზი.
თხზ.: ციციშვილი, მ. (2004). თბილისი ქართველი და უცხოელი მხატვრების შემოქმედებაში =Tbilisi in the Works of Georgian and Foreign Artists: [ალბომი]. ISBN:9994001426; ციციშვილი, მ. (2006). თეატრის მხატვრობა= Театрально-декорационное искусство= Scene painting. კ. მარჯანიშვილის სახელ. თეატრის კოლექცია: ალბომი. თბ., ISBN:9994067443; ციციშვილი, მ. (2006). ქართული მოდერნიზმი = Georgian Modernism, 1910-1930. თბ., გოეთეს ინ-ტი; ციციშვილი, მ. (2008). თეატრის მხატვრობა=Scene painting, 1920-1950. შოთა რუსთაველის სახელ. თეატრის კოლექცია. თბ., ISBN: 9789941006081; ციციშვილი, მ. (2017). სიმბოლიზმი გიგო გაბაშვილის შემოქმედებაში. თბ., სეზანი. ISBN: 9789941276118.