-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აკადემიკოსი
ციციშვილი გიორგი ვლადიმერის ძე (24.X.1915, თბილისი - 10.VII.2012), ქიმიკოსი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1937) და გაიარა ასპირანტურა სსრკ მეცნ. აკადემიის ბ. კარპოვის სახ. ფიზიკურ-ქიმიურ ინ-ტში (ქ. მოსკოვი, 1938-1940). ქიმ. მეცნ. კანდ. (1940), ქიმ. მეცნ. დოქტორი (1947), საქართვ, მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1950) და ნამდვილი წევრი - აკადემიკოსი (1960), ქიმიისა და ქიმ. ტექნოლ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი (1963-1988), პრეზიდიუმის მრჩეველი (1988-დან). იყო თსუ-ის ქიმ. ფაკ-ტის უფრ. მასწავლებელი (1940-1941), II მსოფლიო ომის დროს ასრულებდა სახელმწ. დავალებებს ქვეყნის თავდაცვითი უნარიანობის ასამაღლებლად, იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზ. ქიმიის ლაბორ. თანამშრომელი (1941, 1945-47), ხელმძღვ. (1947-89), ინ-ტის დირექტორი (1947-89), საპატიო დირექტორი (1989-დან). იყო თსუ-ის ფიზ. ქიმიის კათედრის დოცენტი (1945-დან), შემდეგ პროფესორი (1949-დან), კითხულობდა ლექციების კერსებს კვანტურ ქიმიასა და მოლეკულების აღნაგობაში. მჭიდროდ თანამშრომლობდა სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი სამეცნ.-კვლ. ცენტრების მეცნიერებთან, აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა სამეცნ. ფორუმების ორგანიზებასა და მუშაობაში, იყო საერთაშ. ცეოლითების ასოციაციის საბჭოს წევრი (1977). ძირითადი სამეცნ. მიღწევები: ჩამოაყალიბა მნიშვნელოვანი ამოცანა მოლეკულებს შორის განზიდვაზე პოლარობის გავლენის შესახებ და შეიმუშავა მისი გადაწყვეტის კვანტურ-ქიმ. მეთოდი; მონტმორილონიტური თიხების კვლევის საფუძველზე მიიღო მონაცემები მჟავური აქტივაციის პროცესის, ფორიანობის ბუნების, სორბციული ჰისტერეზისის, ორთქლთა სორბციის კინეტიკისა და ულტრაფორიანობის შესახებ; შეიმუშავა ცეოლითური მოლეკულური საცრების, ადსორბენტების, იონმიმომცვლელებისა და კატალიზატორების ახალი კათიონმიმოცვლითი ფორმების მიღების მეთოდი, მოამზადა და შეისწავლა სხვადასხვა მეტალების შემცველი ცეოლითები, დაადგინა ცეოლითების თვისებებზე მათი ტიპის, კათიონების ბუნებისა და ჩანაცვლების ხარისხის გავლენა; დაადგინა სინთეზური მაღალსილიციუმიანი ცეოლითების ადსორბციული, ქრომატოგრაფიული და სპექტრული თვისებების თავისებურებანი. იყო წარმოებასა და სოფლის მეურნეობაში ბუნებრივი დანალექი ცეოლითების გამოყენებასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა და ჩატარებული სამუშაოების ინიციატორი. აკადემიკოს მიხეილ დუბინინის შეფასებით, “გიორგი ვლადიმერის ძე ციციშვილმა შექმნა ქართული ადსორბციული სკოლა”. ც. გ. იყო ქართ. ენციკლოპედიის მთ. რედაქციის წევრი (1966), საქ. მეცნ. აკადემიის „მაცნე“-ს ქიმიის სერიის დამაარსებელი და პირველი რედ. (1975-დან). მიღებული აქვს საქ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის (1965) და ა. თვალჭრელიძის (1987) სახ. პრემიები, საქ. მეცნ. ეროვნ. აკადემიამ დააწესა გიორგი ციციშვილის სახ. პრემია (2018). მიენიჭა საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწეს წოდება (1987), სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1990), ჯორჯ სოროსის საერთაშ. სამეცნ. ფონდის საპატიო პროფესორის წოდება (1994), დაჯილდოვდა მედლებით „კავკასიის დაცვისათვის“ (1944), „სამამულო ომში შრომიტი მამაცობისათვის“ (1946), „მამაცური შრომისათვის“ (1956), „ხალხთა მეგობრობის“ ორდენით (1985), საქართვ. „ღირსების“ ორდენით (1995).
თხზ.: ციციშვილი, გ. (1959) სორბციული პროცესები. თბ.; Tsitsishvili, G. (თანაავტორი). (1992). Natural Zeolites. Chichester (UK), Ellis Horwood, ISBN 0136120377; Tsitsishvili, G. (თანაავტორი). (1999). Natural zeolites of Georgia: occurrences, properties, and application, In: Studies in Surface Science and Catalysis, v. 125, Amsterdam, Elsevier, ISBN 9780444502445; ციციშვილი, გ. (1996). კვანტური ქიმია, თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 5511006882; Tsitsishvili, G. (თანაავტორი). (2008). Natural Zeolites: Potential Application. In: Chemistry of Advanced Compounds and Materials, New-York, Nova Science Publishers. ISBN-10:160456671X; ციციშვილი, გ. (რედაქტორი). (2004). ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონი: რუსულ-ქართულ-ინგლისურ-გერმანული ქიმიური ლექსიკონი. თბ., უნივერსალი, ISBN 9994032186.