-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი სპელეოკლიმატოლოგი
წიქარიშვილი კუკური დიმიტრის ძე (12.VIII.1948, ბორჯომი), გეოგრაფი, სპელეოკლიმატოლოგი, გეოგრაფიის აკადემიის დოქტორი (1985), თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის მთ. მეცნიერი. დაამთავრა თსუ (1973). აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „საქართველოს კარსტის მღვიმეების კლიმატი მათ მორფოლოგიურ და რეგიონის ლანდშაფტურ თავისებურებებთან დამოკიდებულებით“ (1984), რამაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში გეოგრ. მეცნიერების ახალ მიმართულებას-სპელეოკლიმატოლოგიას. მრავალწლიანი კვლევის შედეგებით დადგინდა საქართვ. მთიანი კარსტების მღვიმეების კლიმ. რეჟიმის ძირით. კანონზომიერებანი. დადგინდა კარსტულ მღვიმეთა თერმული რეჟიმის მჭიდრო კავშირი ადგილის გეოგრაფიის განედთან, მთის მასივების ფერდობების ექსპოზიციასთან და თვით მღვიმეების მორფოლოგიასთან. მეცნიერულად დასაბუთდა საქართვ. ბუნ. რესურსების (მღვიმეები, კარსტული წყლები, მღვიმური ყინული) დაცვის და რაციონალ. ათვისების ღონისძიებანი. ჩამოყალიბდა კონცეფცია მღვიმეთა კლიმატზე ჰიფსომეტრიული ფაქტორის გავლენის შესახებ. კვლევის შედეგებმა ავტორს საშუალება მისცა მეტეოელემენტების ადგილის ჰიფსომეტრიულ სიმაღლესთან დამოკიდებულების ემპირიული ფორმულით გამოესახა, რაც ნებისმიერ ჰიფსომეტრიული ზონის მღვიმისათვის (სპეციალ. დაკვირვების გარეშე) ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის პროგნოზის საშუალებას იძლევა. მიღებული შედეგების საფუძველზე დამუშავდა კარსტული მღვიმეების სპელეოტურისტული, სპელეოთერაპიული, სას.-სამ. და რიგი სხვა დარგების საჭიროებისათვის მღვიმეების გამოყენების პრაქტიკული რეკომენდაციები. წ. კ. არის „საქართველოს მღვიმეების მკვლევართა საზოგადოების“ (2012) და „საქართველოს სპელეოლოგთა კლუბის“ (2016) თანათავმჯდომარე და დამფუძნებელი, რ-ბიც მღვიმეთა პოპულარიზაციისა და ახალგაზრდობის სპელეოლოგიური მეცნიერებით დაინტერესების საქმეს ემსახურება. მისი ნაშრომები „საყმაწვილო ენციკლოპედია (საქართველოს ბუნებრივი საოცრებები) (2008); „საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი“ (2009), „საქართველოს კარსტული მღვიმეები (მოკლე ცნობარი)“ (2013), „ახალი ათონის მღვიმე, ბუნების იშვიათი ძეგლი“ (2016), გამოირჩევა ორიგინალური და საკვანძო საკითხების ახლებურად გაშუქებით, რამაც გარკვეული გავლენა იქონია ახალგაზრდობის სპელეოლოგიური მეცნიერებით დაინტერესების საქმეში. წ. კ.-მ განსაკუთრებულილ წვლილი შეიტანა ყოფილი სსრკ-ის უდიდესი კარსტული მღვიმეებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიული მასალების შეგროვებაში, დაზუსტებასა და სპელეოლოგიურ გამოკვლევებში (Крупные карстовые полости СССР. Спелеологические провинции Большого и Малого Кавказа. Киев, 1987). დიდია წ. კ.-ის დამსახურება საქართვ. კარსტული ზოლის დაბალი, საშუალო და მაღალმთიანი კირქვული მასივების 400-ზე მეტი რთული მორფომეტრიის მქონე კარსტული ობიექტების, მათ შორის მანამდე სრულიად უცნობი, საუკუნოვანი წყვდიადით მოცული, გიგანტური ზომის (1,5 მლნ. მ3 მოც.) ახ. ათონის მიწისქვეშა სიცარიელის კვლევის საქმეში (1970-1988), რასაც უშუალოდ მისი ორგანიზებით მოჰყვა 18-წლიანი სამეცნ.-კვლ. სამუშაოები მღვიმის კლიმატური თავისებურებების დეტალური შესწავლის მიზნით. მოგვიანებით (1984-დან დღემდე), დიდი წვლილი შეიტანა გეოგრაფიის ინ-ტის სპელეოლ. ექსპედიციების მიერ აღმოჩენილი „პრომეთეს“ (წყალტუბოს) მღვიმური სისტემის სამეცნ. კვლევით სამუშაოებში (სპელეოკლიმატოლოგიის თვალსაზრისით), რ-იც დღეს ევროპის ერთ-ერთ პოპულარულ და თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილ სპელეოტურისტულ ობიექტადაა აღიარებული. წ. კ.-ს მიერ შესრულებული სპელეოლოგიური კვლევის შედეგები წარმატებით დაინერგა და ამჟამადაც ინერგება მეურნეობის სხვადასხვა დარგში – მღვიმური ტურიზმი („სათაფლია“, „ნავენახევი“), სპელეოთერაპია („საწურბლია“) და ღვინის სადემონსტრაციო დარბაზი („თეთრა მღვიმე“), ნაწილობრივ გადაიჭრა დას. საქართვ. ზოგიერთი დიდი ქალაქისა და დასახლებული პუნქტის წყალმომარაგების პრობლემები, შემუშავდა კარსტული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის პრაქტ. ღონისძიებები (ჭიათურა) და სხვ. წ. კ.-ს მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშ. (დიდი ბრიტან., სლოვაკ.) და შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებულ სამეცნ. გრანტებში, რ-ბიც საქართვ. კარსტული მღვიმეების კვლევას, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის და ადგილ. მოსახლეობის გარემოსდაცვითი თვითშეგნების ამაღლებას ისახავდა მიზნად. არის 200-ზე მეტი სამეცნ. სტატიის და 15 მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი. წ. კ.-მ დიდი ამაგი დასდო ქართ. სპელეოლოგიური ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს. დიდია მისი დამსახურება საქ-ში ლექსიკოგრაფიული მუშაობის განვითარების საქმეში; არის პირვ. ქართულენოვანი „კარსტულ-სპელეოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონის“ თანაავტორი (2019), რ-შიც ანბანის მიხედვითაა დალაგებული თანამედ. სპელეოლიტერატურაში გამოყენ. 1625 ტერმინი და ცნება. წ. კ.-ის რედაქტორობით გამოიცა ზ. ლეჟავას მონოგრაფიული ნაშრომი „ზემო იმერეთის პლატოს და მიმდებარე რაიონების კარსტი“ (2015). თანაავტორებთან ერთად შექმნა ფუნდამენტური ნაშრომი „Platform Karst of Georgia“ (2021), რაც გამოჩენილი ქართვ. გეოგრაფის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. პრემიით აღინიშნა (2024).
თხზ: წიქარიშვილი, კ. (2013). საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., უნ-ტის გამ-ბა; წიქარიშვილი, კ. (2016). წყალტუბოს (პრომეთეს): მღვიმური სისტემა, უნ-ტის გამ-ბა; წიქარიშვილი, კ. (2016). ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტული მღვიმეები. თბ., უნივერსალი; Tsikarishvili, K. (2017). Tskaltubo (Prometheus) Cave System, LAMBERT Academic Publishing; Tsikarishvili, K. (2017). Ecological Investigation of Karst Waters in the Central Part of Georgia, LAMBERT Academic Publishing; წიქარიშვილი, კ. (2022). მიგარიას კირქვული მასივის კარსტი და მღვიმეები. თბ., უნივერსალი.
მასზე: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. განათლება; ლომიძე, ვ. (2024). კ. წიქარიშვილი, ბორჯომელი მეცნიერის აღიარება. ორმოცდაათი წელი მიწისქვეშეთში. გაზ. ბორჯომი.