წერეთელი სავლე ბენედიქტეს ძე
წერეთელი სავლე ბენედიქტეს ძე

წერეთელი სავლე ბენედიქტეს ძე (1907, სოფ. ჭვარისა, ამბროლაურის რ-ნი – 1966, თბილისი), ფილოსოფოსი, ლოგიკოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1958), პროფესორი (1958). საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწე (1957). დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1925-1930) და ასპირანტურა. იგი ბრწყინვალედ იცავს საკანდიდატო დისერტაციას თემაზე: „რედუქციული დასკვნა-დასაბუთების მეთოდები“ (1938). მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (1941–1946). მისი აკად. საქმიანობა სრულად უკავშირდება თსუ-სა და საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტს. წლების განმავლობაში განაგებდა თსუ-ის ფილოსოფიის ისტორიის კათედრას (1948-1958). იყო ფილოსოფიის ინ-ტის დირექტორი (1948–1953; 1957–1966). წ. ს. სამართლიანად მიიჩნევა თბილ. ლოგიკური სკოლის ფუძემდებლად და მე-20 ს. ერთ-ერთ უდიდეს მოაზროვნედ. წ. ს.-ს მთავარ მეცნ. დამსახურებას წარმოადგენს ორიგინალური დიალექტიკურ-ლოგიკური სისტემის შექმნა, რ-იც ცნობილია „უსასრულო დასკვნის თეორიის“ სახელწოდებით. მან ჩამოაყალიბა ამ თეორიის პრინციპები (1947), ხოლო დასრულებული სახით გადმოსცა ფუნდამენტურ მონოგრაფიაში „დიალექტიკური ლოგიკა“ (1965). ს. მიიჩნევდა, რომ ლოგიკა მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს — დიალექტ., რ-ის დაბალ საფეხურს ფორმალური ლოგიკა წარმოადგენს. ლოგიკასთან ერთად, წ. ს. სიღრმისეულად იკვლევდა ფილოსოფიის ისტორიას, განსაკუთრებით ანტ. ფილოსოფიასა და გერმანულ იდეალიზმს. ნაშრომში „რაციონალური მარცვალი ჰეგელის დასკვნის თეორიაში“ (1959), მან კრიტიკულად გადაიაზრა ჰეგელისეული ლოგიკა და გამოყო ის ელემენტები, რ-ებმაც საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე დიალექტიკას. იგი ლოგიკას ასე განსაზღვრავდა: „ლოგიკა არის მეცნიერება აზრის მოძრაობა-განვითარების ობიექტურ ფორმათა შესახებ“.ვწ. ს.-მ უდიდესი როლი შეასრულა საქართველოში ფილოსოფიის ინ-ტის სამეცნ. პოტენციალის ზრდაში. მისი დირექტორობის პერიოდში ინ-ტში ჩამოყალიბდა ახ. დარგები და განყ-ბები, გამოიცა ინ-ტის შრომები და აღიზარდა მეცნიერთა მთელი თაობა. მისი სამეცნ. მემკვიდრეობა საფუძვლად დაედო ქართ. ლოგიკური აზრის საერთაშ. აღიარებას. წ. ს.-ს მოღვაწეობამ თბილ. ფილოს. სკოლა მსოფლიო მნიშვნელობის ინტელექტუალურ ცენტრად აქცია. დაჯილდოებული იყო სახელმწ. ორდენებითა და მედლებით. მისი ღვაწლი ფასდაუდებელია როგორც მოაზროვნისა, რომელმაც ლოგიკური დასაბუთების საწყისად უსასრულო დასკვნა გამოაცხადა და მასზე მთელი სისტემა ააგო.

თხზ.: წერეთელი, ს. (1955). მეცნიერების კანონთა ბუნების შესახებ. თბ., სახელგამი; წერეთელი, ს. (1956). ლოგიკური კავშირის დიალექტიკური ბუნების შესახებ. თბ., სახელგამი; წერეთელი, ს. (1957). ფილოსოფიის ისტორიის საკითხები. თბ., ; წერეთელი, ს. (1959). რაციონალური მარცვალი ჰეგელის დასკვნის თეორიაში, თბ., საქართვ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა; წერეთელი, ს. (1960). ჭეშმარიტების ლენინური გაგების ზოგიერთი საკითხი. თბ.; დასაბუთების საწყისი, თბ., (1963); წერეთელი, ს. (1965). დიალექტიკური ლოგიკა, თბ., მეცნიერება; წერეთელი, ს. (1968). ანტიკური ფილოსოფია, თბ., უნ-ტის გამ-ბა; წერეთელი, ს. (1973). ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, ტ. 1: ანტიკური ფილოსოფია. თბ. უნ-ტის გამ-ბა; წერეთელი, ს. (1986).  ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, ტ. II: შუა საუკუნეების, ახალი და თანამედროვე ფილოსოფია. თბ. უნ-ტის გამ-ბა.

მასზე: ავალიანი, ს. (1987). სავლე წერეთელი და დიალექტიკური ლოგიკა. თსუ-ის შრომები, ტ. 215; თევზაძე, გ. (1998). სავლე წერეთელი და ქართული ფილოსოფიური სკოლა. თბ., ფილოსოფიური ძიებანი, №2; თევზაძე, გ. (2003). სავლე წერეთელი. ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, . 4. თბ., ელფი; ბერძენიშვილი, ა. (2005). სავლე წერეთლის უსასრულო დასკვნის თეორია. კრებულში: „ქართველი ფილოსოფოსები“; ირემაძე, თ. (2010). ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. თბ.