-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
წერეთელი პაატა ანდრიას ძე (28. VIII. 1963 - 22.VIII.2022), კომპიუტერული მეცნ. სპეციალისტი, მათემატიკოსი. დოქტორი კომპიუტერულ მეცნიერებაში. თსუ-ის ასოცირებული პროფესორი. სწავლობდა: თსუ-ის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტზე (1980-1985); რუსეთის მეცნ. აკად. ქ. მოსკოვის რიცხვითი მათ. ინ-ტის ასპირანტურაში (1990–1993). იყო: თსუ-ის ლაბორანტი (1984–1988); ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1988–1990); მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის სამეცნ.-გამოთვლითი ცენტრის მთ. პროგრამისტი (1993–1999); საქ. მეცნ. აკად. ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1993-2022). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ში (2000-2022), სადაც კითხულობდა ლექციებს: პარალელურ გამოთვლებში, პარალელური სისტემების არქიტექტურაში, რეალური დროის სისტემებში, ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაში, UNIX სისტემებსა და ა. შ. მისი სამეცნ. მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები იყო: გამოთვლითი ელექტროდინამიკა, პარალელური ალგორითმების ოპტიმიზაცია, მათ. მოდელირება და ალგორითმების სტრუქტურული კვლევა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ელექტრომაგნიტური თავსებადობის (EMC) რთული ამოცანების გადაჭრის ეფექტური რიცხვითი მეთოდების შემუშავებაში. მუშაობდა მომენტთა მეთოდის (MoM) მოდიფიცირებაზე, რაც საშუალებას იძლეოდა მაღალი სიზუსტით გამოთვლილიყო რთული გეომეტრიის მქონე ობიექტების (თვითმფრინავები, ავტომობილები) ანტენების გამოსხივება და ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება. ის მიერ შემუშავებული ჰიბრიდული ალგორითმები (GPU ტექნოლოგიების გამოყენებით) და პარალელური გამოთვლითი სქემები გამოირჩეოდა მაღალი ეფექტურობითა და მეხსიერების ოპტიმიზაციით. მის მიერ შექმნილი პროგრამული გადაწყვეტები დანერგილია ისეთი საერთაშ. კომპანიების საინჟ. კვლევებში, როგორებიცაა „Apple“, „Audi“ და ა. შ. აქტიურად მონაწილეობდა ინტერდისციპლინურ კვლევებშიც, მათ შორის რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის მათ. მოდელირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში, რაც ექიმებს ოპტიმ. სამკურნალო სქემის შერჩევაში ეხმარება. ავტორია 20-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა და მონოგრაფიის: “გამოთვლითი კლასტერი - სუპერკომპიუტერის ალტერნატივა” (2009); “Development Of Tools For Visualization Of Parallel Program Execution Process” (2017).
თხზ.: Церетели, П. (1981). Исследование и освоение процесса прокати прямоугольных труб больших размеров на агрегате 400 РМЗ Тб.; Церетели, П. (თანაავტორი). (2005). Рассказы об информатике: Учебное пособие. Баку, Чашыоглу.