ტყებუჩავა როლანდ სერგის ძე
ტყებუჩავა როლანდ სერგის ძე

ტყებუჩავა როლანდ სერგის ძე (15.VII.1946 - 05.VIII. 2006). მათემატიკოსი. თსუ-ის პროფესორი. დაამთავრა: თბილ. 39-ე საშ. სკოლა, ოქროს მედალზე (1964), თსუ–ის კიბერნ. და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტი, წარჩინებით (1969). ჯერ კიდევ სტუდენტი, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კურსის გამოცდის ჩაბარების დროს პროფესორებმა: ა. ტორონჯაძემ და გ. მანიამ სათანამშრომლოდ მიიწვიეს თსუ–ის გამოყენებითი მათ. ინს-ტში. აქვე (უნ–ტის სრული კურსის დასრულების შემდეგ) გახდა ჯერ უმცრ., შემდგომ კი უფრ. მეცნ. თანამშრომელი. იყო  მ. ვ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ასპირანტი (1971-1974). დაიცვა დისერტაცია კიევის ტ. შევჩენკოს სახ. ეროვნ. უნ-ტში (1990).  იყო თსუ–ის მექან.-მათ. და საინჟ. ეკონ. ფაკ–ტების ჯერ დოცენტი, მერე კი პროფესორი (1990-2006). პარალელურად, ტემპუსის პროგრამით, სიცოცხლის ბოლომდე (2006) თანამშრომლობდა პარიზის უნ-ტთან. ლექციებს კითხულობდა სორბონის უნ-ტში. ფრანგ კოლეგებთან თანაავტორობით გამოცემული აქვს 6 სახელმძღვანელო, 2 მონოგრაფია და არაერთი  სამეცნ. სტატია ალბათურ-სტატისტიკურ პრობლემებზე. თსუ-ის გამომცემლობაში გამოიცა მისი სახელმძღვანელო - „ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა“(2002), რ–იც მეცნიერის გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ, უცხოელი კოლეგების ინიციატივითა და თანადგომით ხელმეორედ გამოიცა და ითარგმნა რამდენიმე ენაზე (2018). ორიგინალურობით გამოირჩა პროფ. ტ. რ.-ს მიერ  გამოცემული „სარკინიგზო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი“ (2002).

თხზ.: ტყებუჩავა, რ. (2003). სადაზღვევო მათემატიკის საწყისები: ლექციათა კურსი, უნ-ტის გამ-ბა.