-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ტყებუჩავა ფელიქსი (07.XII.1941, გაგრა). ჩაირიცხა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1958). მესამე კურსიდან გადავიდა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში. აქვე ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო(1968) და სადოქტორო (1978) დისერტაციები ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინ-ტში. იყო თსუ-ის ფაკ-ტის დეკანი (1980-1983). დაინიშნა თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის დირექტორის მოადგილედ (1984). დაინიშნა სოხუმის სახელმწ. უნ-ტის რექტორად. ეთნიკური და პოლიტ. დაძაბულობის პირობებში შეძლო ქართ. უნ-ტის გადარჩენა გაუქმებისგან, რასაც იმ დროისთვის მნიშვნელობა ჰქონდა საქართვ. სახელმწ. მთლიანობისთვის (1989). 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მოიფიქრა ტექ. სქემა თუ როგორ შეიძლებოდა საქართვ. გამოყვანა ინფორმაციული იზოლაციისგან, რ-იც ქვეყანა იმყოფებოდა კომუნისტური მართველობის დროს. იმ დროს ჯერ არ არსებობდა ინტერნეტი და მობილური ქსელი, ხოლო პრიმიტიულ სატელეფონო ქსელს აკონტროლებდა მოსკოვიდან უშიშროების სამსახური. დაინიშნა საქართვ. კავშირგაბმულობის მინისტრად (1990). მოსკოვისგან დამოუკიდებლად და მისი წინააღმდეგობის მიუხედავად საქართველო პირველად საბჭ. რეჟიმის პირობებში დაუკავშირდა თავისუფალ მსოფლიოს ევროპის სატელიტის საშუალებით (1991). რადგანაც ამ შემთვევაში თბილ. სატელეფონო ნომრები წარმოადგენდნენ ქ. ვენის ნომრებს, ეს ფაქტიურად იყო როუმინგის პირველი მაგალითი რომელიც დღეს საყოველთაოდ გამოიყენება საერთაშ. მობილურ კაშირგაბმულობაში. ეროვნ. ხელისუფლების დამხობის შემდეგ უარი თქვა მთავრობაში დარჩენაზე და წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჰარვარდის უნ-ტის (ნობელის პრემიის ლაურეატი პროფ. გლეშოუ,) ლოს ალამოსის ბირთვული ცენტრის (პროფ. მიშკე) და რამდენიმე სხვა უნ-ტის მხარდაჭერით პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციამ უზრუნველყო აშშ-ი მისი მუდმივი ცხოვრების და მუშაობის პირობები. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი შრომა ველის კვანტურ თეორიაში და ზოგადად ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკაში. მისი თეორიული შედეგები საფუძვლად დაედო მთელ რიგ ექსპერიმენტებს აშშ-ი და ევროპაში. ნაწილაკების ფოტო და ელექტროდაბადების რეაქციებში მის მიერ აღმოჩენილმა კომპენსაციის ეფექტმა შესაძლებელი გახადა ნუკლონების ფორმფაქტორების გაზომვა გადაცემული იმპულსის დროისმაგვარ არეში. მან დაამტკიცა რომ ზღურბლის თეორემა სამართლიანია არა მხოლოდ რეალური, არამედ ვირტუალური ფოტონების შემთხვევაშიც. ამ შედეგებთან დაკავშირებით მიწვეული იყო რომის უნ-ტში სადაც ელექტროდაბადების რეაქციების გამოკვლევებში ხელმძღვანელობდა თეორიულ მიმართულებას. ამერიკის ლოს ალამოსის ნაციონალურ ლაბორატორიაში მისი თეორიული მოდელის გამოყენებამ შესაძლებელი გახადა პიონებისა და კაონების იშვიათი დაშლის პროცესების სათანადო სიზუსტით დაკვირვება. მან აგრეთვე აჩვენა რომ ნუკლონთა იზობარების შესწავლისას ეფექტური კვარკების მოდელებში აუცილებელია ტალღური ფუნქციის რელატივისტური ბუნების გათვალისწინება სპეც. პროცედურით. მის სამეცნ. შედეგებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პიმეზონებისა კამეზონებისგან შედგენილ ატომებს, რომელთა არსებობის შესაძლებლობაზე მან ჯერ კიდევ საკანდიდატო დისერტაციაში მიუთითა და გამოიყვანა მათი დაშლის ფორმულა. ამ შედეგმა ფაქტიურად დასაბამი დაუდო შვეიცარიაში CERN-ში შესაბამისი ექსპერიმენტის დაგეგმვას და ორი ათეული წლის შემდეგ ფიზიკოსთა საერთაშ. კოლაბორაციამ აღმოაჩინა ეს ეგზოტიკური დიმეზოატომები. ამ ატომებთან დაკავშირებულ კირალური სიმეტრიისა და ზოგადად კვანტური ქრომოდინამიკის საკითხების მნიშვნელობის გამო მათი შესწავლა CERN-ში დღემდე გრძელდება.