ტოროშელიძე მალაქია გიორგის ძე
ტოროშელიძე მალაქია გიორგის ძე

ტოროშელიძე მალაქია გიორგის ძე (15.III.1880,  სოფ. სხვავაში- 9.VII.1937, თბილისი), დაამთავრა თბილ. სას. სასწავლებელი (1897) და იმავე  წელს ჩააბარა თბილ. სას. სემინარიაში, საიდანაც შემდეგ გარიცხეს (1901). სემინარიაში სწავლის პერიოდში იყო არალეგალური წრის წევრი, რომელსაც ს. დევდარიანი და ი. ჯუღაშვილი ხელმძღვანელობდნენ. მასწავლებლად დაიწყო მუშაობა სოფ. სნოში (1902), შემდეგ გადავიდა ბათუმში (1903), სადაც როტშილდის ქარხანაში დაიწყო მუშაობა და ჩართული იყო მუშათა არალეგალური წრეების საქმიანობაში; მალევე გადავიდა მანთაშევის ქარხანაში და აქაც ჩართული იყო მუშათა გაფიცვებში. იგი ა. სვანიძესთან ერთად გაემგზავრა გერმანიაში (1903). ცხოვრობდა ჟენევაში (1903-1905), სადაც გაეცნო ლენინს და დადიოდა მის ორგანიზებულ წრეებში. ამიერკავკასიაში აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოვლენებში (1905-1906). მუშაობდა ბათუმში, თბილისში, კახეთში და ბაქოში. მეუღლესთან და ს. ორჯონიკიძესთან ერთად კვლავ გაემგზავრა ჟენევაში (1906), სადაც დაამთავრა ჟენევის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1910). თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო ვოლგო-კამენსკის ბანკის ტფილისის განყ–ბაში (1910). ამავე დროს ჩართული იყო რევოლუციურ საქმიანობაში. იყო ბოლშევიკური გაზეთების: „ბრძოლისა“ და „კავკაზსკი რაბოჩის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. სამტრედიის კოოპერაციულ საზ–ბაში მუშაობდა და პარალელურად პარტიულ და პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა (1913-1916). თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობას იწყებს საქართვ. სას.-სამ. კოოპერაციაში ინსტრუქტორად და აირჩიეს ხელმძღვანელთა კოლეგიის წევრად (1916). იყო საინსტრუქტორო ნაწილის გამგე (1917), სადაც „ბოლშევიკური“ საქმიანობის გამო დააპატიმრეს (1920). საბჭ. რუსეთის მე-11 წითელი არმიის თავდასხმის შემდეგ, საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის ჯარების უკანდახევისას, სხვა დაპატიმრებულ ბოლშევიკებთან ერთად გადაიყვანეს ბათუმის ციხეში, საიდანაც შემდეგ გაათავისუფლეს (17.III.1921). იყო ბათუმის რევკომის წევრი (1921). შემდგომ წლებში იყო საქართვ. სსრ-ს სახ. მეურნეობის უმაღლ. საბჭოს თავ-რე და საქართვ. კომუნისტური პარტიის ცენტრ. კომიტეტის წევრი. დაინიშნა ცეკავშირის გამგეობის თავ–რედ (1922-1924), თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გადაიყვანეს მოსკოვში „ცენტროსოიუზში“, სადაც მუშაობდა საორგანიზაციო განყ-ბის გამგედ და თავ–რის მოადგილედ. ტ. ვ. კვლავ დაბრუნდა თბილისში და აღადგინეს ცეკავშირის გამგეობის წევრად (1925). იყო თსუ-ის მეოთხე რექტორი (1928-1930). იყო საქართვ. სსრ საგეგმო კომიტეტის თავ-რე და სახ. კომისართა საბჭოს თავ–რის მოადგილე (1931-დან); მარქს-ენგელს-ლენინის ინ-ტის თბილ. ფილიალის დირექტორი და საქართვ. სსრ მწერალთა კავშირის თავ–რე (1934-1935); განათლების სახალხო კომისარი (1936). დააპატიმრეს (9.X.1936) და საქართვ. სსრ უმაღლესმა სასამართლომ „საქართველოს მემარჯვენე ტროცკისტული ცენტრის“ წევრობის ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯა, რ–იც იმ ღამესვე სისრულეში იქნა მოყვანილი (9.VII.1937). რეაბლიტირებულია სსრკ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ (1956).