ტოლედო-მანრიკე ალეხანდრო სელესტინო
ტოლედო-მანრიკე ალეხანდრო სელესტინო

ტოლედო-მანრიკე ალეხანდრო სელესტინო (Toledo Manrique Alejandro Celestino, (Spanish: [aleˈxandɾo toˈleðo]), 28.III.1946, კაბანა, პერუ), პერუს რესპუბლიკასა და საქართვ. შორის ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართვ. სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მხარდაჭერისთვის, ეკონ. და განათლების მეცნიერებებში შეტანილი ღვაწლისთვის ცნობილ პოლიტიკოსსა და საზ. მოღვაწეს, სტენფორდის უნ-ტის (აშშ) დოქტორს, პერუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, მიენიჭა თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება (23.VI.2011).

ტ. ა.-მ საშ. განათლება სან-პედროს სახელმწ. სკოლაში მიიღო. მოსწავლეობიდანვე დაინტერესებული იყო ლიტერატურითა და ჟურნალისტიკით. სტიპენდიის ფარგლებში (მშვიდობის კორპუსი, აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი ფედერალური სააგენტო) სან-ფრანცისკოს უნ-ტში შეისწავლა ეკონ. მეცნიერებები და მიიღო ბაკალავრის დიპლომი (1970). ტ. ა. სტენფორდის უნ-ტში  ადამიანური რესურსების ეკონ. (1971)  და ეკონომიკის  ლიცენციატი გახდა (1972), შემდეგ  კი მოიპოვა დოქტორის ხარისხი (1976).

ტ. ა.-ს აკადემიური თანამდებობები ეკავა შემდეგ დაწესებულებებში: გაერო, მსოფლიო ბანკი, აშშ-ის საერთაშ. განვითარების სააგენტო, ეკონ. თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ჰარვარდის უნ-ტის ინტერნაციონალური განვითარების ინ-ტი და  ვასედას  უნ-ტი (ტოკიო), ეკონ. განვითარების ინ-ტი (ლიმა).

ტ. ა. იყო პერუს პრეზიდენტი (2001-2006). ქვეყნის ეკონ. აღმასვლის გარდა, მისი ძირითადი დამსახურებაა სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამის „ერთად“ შემუშავება და განხორციელება. მისი ინიციატივით აშშ-თან გაფორმდა ხელშეკრულებები, რომელთაგან უმთავრესი იყო ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის დარეგულირება.