თოფურიძე ელენე ივანეს ასული
თოფურიძე ელენე ივანეს ასული

თოფურიძე ელენე ივანეს ასული (22.V.1922, ბათუმი - 29.IX.2004, თბილისი), ფილოსოფოსი, ხელოვნებათმცოდნე, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1945) და მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ასპირანტურა (1950). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ხელოვნების პრობლემისათვის თეოდორ დრაიზერის შემოქმედებაში“ (1950), ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ბენედეტო კროჩეს ესთეტიკა“ (1971). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას შ. რუსთაველის სახ. თეატრალურ ინ-ტში (1951-დან), სადაც იყო პროფესორ-კონსულტანტი (1998-2004) პარალელურად იგი მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტში (ახლანდ. ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტი), სადაც ხელმძღვანელობდა ესთეტიკის განყ-ებას (1961-2004). თ. ე. აქტიურად მონაწილეობდა საერთაშ. სამეცნ. ცხოვრებაში, მათ შორის ესთეტიკის საერთაშ. კონგრესებში უფსალასა (1968) და ბუქარესტში (1972). მისი სამეცნ. კვლევის სფერო მოიცავდა: ესთეტიკა და ხელოვნების ფილოსოფიას. მის ნაშრომებში საფუძვლიანადაა შესწავლილი თ. დრაიზერის, ბ. კროჩეს, ჯ. ჯენტილეს, მ. დე უნამუნოსა და ლ. პირანდელოს ფილოსოფ.-ესთეტ. კონცეფციები. იკვლევდა იტალიური რომანტიზმის დრამის თეორიასა და ანტიკურ ტრაგედიას. ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობას იტალიურიდან და ქართულიდან რუსულ ენაზე (მათ შორის თარგმნა გ. თევზაძის „იმანუელ კანტი“, 1979). დაჯილდოებული იყო „ღირსების ნიშნის“ ორდენით (1976).

თხზ.: თოფურიძე, ე. (1960). Элеонора Дузе. Тб., Искусство; თოფურიძე, ე. (1967). Эстетика Бенедетто Кроче. Тб., Мецниереба (იაპონ. ენაზე - ტოკიო, 1978); თოფურიძე, ე. (1971). Эстетическая концепция Луиджи Пиранделло. Тб., Мецниереба; თოფურიძე, ე. (1984). Человек в античной трагедии. Тб., Мецниереба; თოფურიძე, ე. (2009). რჩეული ნაშრომები მსოფლიო თეატრის ისტორიაში, ტ. I. თბ., კენტავრი, ISBN: 9789941906947.