-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე მთარგმნელი ირანისტი პროფესორი
თოდუა მაგალი არეს ძე (19.I.1927, მარტვილი, სოფ. სალხინო – 3.V.2016, თბილისი. დაკრძალულია თაბორის მონასტრის ეზოში), აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, მთარგმნელი, ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1971), გელათის მეცნ. აკად. დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი (1995-2008), გელათის მეცნ. აკად. აკადემიკოსი. მ.თ. ჩაირიცხა სტალინის სახ. უნ-ტის ფილოლოგიის ფაკ-ტზე, შემდეგ სწავლა განაგრძო ახლად დაარსებულ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე ირან. ფილოლოგიის სპეციალობით (1944-1945). სწავლის დასრულების შემდეგ (1949), მუშაობდა თსუ–ის ირან. ფილოლოგიის კათედრაზე უფრ. ლაბორანტად (1950-53) და უფრ. მასწავლებლად (1954-61). იყო: საქართვ. სსრ მეცნ. აკად. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ირან. ფილოლოგიის განყ-ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1961-1966), შემდეგ ამავრ განყ–ების გამგე (1966-91, 2006-16); ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნ-ტის რექტორი (1990-95); ირანისტიკის კათედრის დამაარსებელი და გამგე (1992-2004). თ.მ. ფართო დიაპაზონისა და მრავალმხრივი სამეცნ. ინტერესების მქონე მკვლევარი იყო. მან დააფუძნა დიალექტოლოგიის სამეცნ.-კვლევითი ცენტრი. თ.მ.-მ სპარს. ლიტერატურის ისტ. და ქართ.-სპარს. ლიტ. ურთიერთობების საკითხებს მიუძღვნა ასზე მეტი სამეცნ. სტ. და ოცდაათამდე მონოგრაფია ქართ., სპარს. და რუს. ენებზე. სტატიების უმეტესობა გაერთიანდა ქართ.-სპარს. ეტიუდების სამტომეულში. ირანში სამეცნ. მივლინებების დროს, ირანის ხელნაწერთა საცავებში მან მიაკვლია ირანში მოღვაწე ქართ. წარმომავლობის პოეტებს, მეცნიერებსა და საზ. მოღვაწეებს, აღმოაჩინა და გამოაქვეყნა XII სს ქართვ. მეფეებისა და სახელმწ. მოღვაწეების მიმოწერა ირანელ დიდგვაროვნებთან მეცნიერმა შეკრიბა და ორ ტომად გამოკვლევითა და კომენტარებით გამოსცა საქართვ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ეროვნულ არქივში დაცული ირანელ მეფეთა ფირმანები, რ-ებიც წარმოაჩენს ქართ.-სპარს. მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის არაერთ ასპექტს. მნიშვნელოვანია თ.მ.-ს წვლილი ტექსტოლ. კვლევების მიმართულებით. სპარს. ლიტერატურის ძეგლების: „ვის ო რამინის“; „ქილილა და დამანას“; „შაჰ-ნამეს“ და მათი ქართ. თარგმანების ურთიერთშედარებისა და შეჯერების საფუძველზე, დაადგინა ამ თხზულებების აკად. ტექსტი. ალ. გვახარიასა და მ. თოდუას მიერ შემუშავებული გორგანის „ვის ო რამინის“ მეცნ.-კრიტ. ტექსტი ირანში გამოქვეყნდა და დღემდე ამ პოემის ყველაზე სრულ აკად. გამოცემად ითვლება (1970). დიდია თ.მ.-ს რ-ც მთარგმნელის დამსახურება. მას თარგმნილი აქვს როგორც სპარსელი კლასიკოსების, ისე თანამედროვე ირანელი პოეტების ლექსები და პოემები, რ–ებიც გაერთიანდა „სპარსული პოეზიის შედევრების“ ორტომეულში(2010). აღსანიშნავია თ.მ.-ს სარედაქტორო საქმიანობა. იგი არაერთი ჟურნალის დამფუძნებელი და მთ. რედაქტორია, მათ შორის: ,,ქართველური მემკვიდრეობის“ (1996), „გელათის აკადემიის ჟურნალის“ (2002), ,,ქართველოლოგიის“ (2007), ,,არმაღანის“ (2016). მისი თაოსნობით გამოვიდა კრებ. „არმაღანის“ ოთხი ტომი, რ-იც აერთიანებს აღმოსავლური მწერლობის ქართულ თარგმანებს (1965-1988). თ.მ.-ს ღვაწლი სათანადოდ დაფასდა რ-ც საქართველოში, ისე ირანში. ქართულ ლიტერატურასა და ირანისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის იგი არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელია: დაჯილდოვბულია ღირსების ორდენით (1998); მინიჭებული აქვს საქართვ. ეროვნ. პრემია (2008); პრემია „საგურამო“ (2008); ირანის ისლამური რესპ. პრეზიდენტის პრემია „მსოფლიოს საუკეთესო ირანისტი“ (2008); სრულიად საქართვ. საპატრიარქოს დ. აღმაშენებლის სახ. პრემია; ი. ჭავჭავაძის სახ. პრემია (2010); შ. რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია (2013).
თხზ.: თოდუა, მ. (თანაავორი). (1964). ვისრამიანი. თბ., გამომც. ლიტერატურა და ხელოვნება; თოდუა, მ. (1967). „ქილილა და დამანას“ საბასეული ვერსია. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომც.; თოდუა, მ. (1971). ქართულ-სპარსული ეტიუდები. თბ., გამომც. მეცნიერება; თოდუა, მ. (1975). ქართულ-სპარსული ეტიუდები, II. თბ., გამომც. მეცნიერება; თოდუა, მ. (1979). ქართულ-სპარსული ეტიუდები, III. თბ., გამომც. მეცნიერება; თოდუა, მ. (1989). სპარსული ფირმანების თბილისური კოლექცია, ტ. 2. ქუთაისის უნ-ტის გამომც.; თოდუა, მ. (1993). ვეფხვის ნახტომი ანუ რითი სჯობს რუსთველი შექსპირსა და გოეთეს. ქუთაისის უნ-ტის გამომც.; თოდუა, მ. (1995). სპარსული ფირმანების თბილისური კოლექცია, ტ.1. თბ., საქ. საარქ. სამმართვ. გამომც.; თოდუა, მ. (1995). ფირდოუსი და მისი „შაჰ-ნამე“. ქუთაისის უნ-ტის გამომც.; თოდუა, მ. (2009). „ქილილა და დამანას“ ვახტანგ მეფისეული ქართული თარგმანის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ მისი ორიგინალის ტექსტის დადგენის საქმეში (245 ადგილის გასწორება). თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN9789941129810; თოდუა მ. (თანაავტორი). (2012). „შაჰ-ნამეს“ ქართული თარგმანების მნიშვნელობა მათი სპარსული ორიგინალის აკადემიური ტექსტის დადგენისათვის. თბ., ილიას სახ. უნ-ტის გამომც., ISBN9789941180828; თოდუა მ. (თანაავტორი). (2012). „ვის ო რამინის“ ბომბეური ხელნაწერის მნიშვნელობა ამ ძეგლის აკადემიური ტექსტის დადგენისათვის. თბ., ილიას სახ. უნ-ტის გამომც., ISBN9789941180842.