თიკანაძე ივანე ელიშუქის ძე
თიკანაძე ივანე ელიშუქის ძე

თიკანაძე ივანე ელიშუქის ძე (1868 ან 1867, მაკვანეთი, ოზურგეთის მაზრა-23. XI. 1943, თბილისი). ქართვ. მეან-გინეკოლოგი, ქართ.  მეანობის ფუძემდებელი, მედ. მეცნ. დოქტორი (1897), პროფესორი (1919). დაამთავრა ჯერ  ოზურგეთის საქალაქო სასწ., ხოლო შემდეგ ქუთ. გიმნაზია (1888);  სწავლობდა ვარშავის უნ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტზე; პეტერბურგის სამხ.-სამედ. აკადემიაში (1894); ბოლო კურსზე, პროფ. შიდლოვსკის საჰიგიენო ლაბორატორიაში აწარმოებდა კვლევებს, რ-ის შესახებაც პეტროგრადში „ჯანმრთელობის დამცველი საზოგადოების“ სხდომაზე   წაიკითხა მოხსენება, თემაზე: ,,ღომის ქიმიური შემადგენლობისა და მის კვებით მნიშვნელობაზე“. მასენის ხელმძღვ. მუშაობდა „გავანის“ სამშობიარო თავშესაფარში (I-VI. 1895); დაიცვა დისერტაცია თემაზე: "Материалы о влиянии тиреоидина на всасываемость жира в здоровом организме" (1897), რ-იც შემდეგ გამოიცა (1899).  საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ოზურგეთის ამბულ. ექიმად (1897-1906); მეან-გინეკოლოგიაში დახელოვნების მიზნით იგი კვლავ გადადის საცხოვრებლად პეტერბურგში (1907); პირველი მსოფლიო ომის წლებში მსახურობდა მოქმედ არმიაში. ომის შემდეგ იგი იყო თბილ. სამხ. ჰოსპიტალის უფრ. ორდინატორი,  კონსულტანტი და შემდგომ მეან-გინეკოლოგიის განყ-ების გამგე და ჰოსპიტლის მთ. ექიმი (1911-დან); იყო ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ების ტუაფსეს წარმომადგენლობის წევრი“; ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); კიევის მეან-გინეკოლოგთა საზ-ების საპატიო წევრი; ჟურნ. "საბჭოთა მედიცინის" სარედ. კოლეგიის წევრი; საქართვ. მეან-გინეკოლოგთა სამეცნ. საზ-ების თავ-რე; ხარკოვის მეან-გინეკოლოგთა საზ-ების საპატიო წევრი;  საქართვ. მეცნ. დამსახ. მოღვაწე; თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის მეან-გინეკოლოგიის კათედრის დამაარსებელი და პირველი გამგე, რ-საც სიცოცხლის ბოლომდე იყო მისი ხელმძღვ. (1919). თ. ი, როგორც პრაქტიკოსი მეცნიერი სწავლობდა სასქესო ორგანოების ანომალიებს და ოპერაციული გზით მათი მკურნალობის წესებს, სასქესო ორგანოების სიმსივნეების ეტიოგენეზსა და მკურნალობას, ორსულთა ტოქსიკოზს, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებით პროცესებს, უნაყოფობის პრობლემასა და სხვ. საშვილოსნოდან ატონიური სისხლდენის წინააღმდეგ დღესაც ფართოდ იყენებენ მის მიერ შემუშავებულ მეთოდს. საქართველოში დანერგა მრავალი მეან-გინეკოლოგიური ოპერაცია: გ. ღამბარაშვილთან ერთად პირველმა გამოიყენა რენტგენის სხივები მეანობაში; ნ. კახიანთან და გ. მუხაძესთან ერთად საქართველოში პირველმა გააკეთა ხელოვნური საშოს შექმნის ოპერაცია და სხვ.; იგი აქტიურად თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნ. „ჯეჯილსა“ და „ნაკადულში“; ბეჭდავდა სამეცნ.-პოპულ. წერილებს; უფასოდ ასწავლიდა ჰიგიენას განათლებას სკოლაში. მისი თაოსნობით თბილ. გაიხსნა ბავშვთა სახლი; გ. ღამბარაშვილთან ერთად საქართვ. ექიმთა საზ-ებასთან დააარსა მეანობა-გინეკოლოგიის სექცია, რ-იც შემდეგ გადაკეთდა სამეანო-გინეკოლოგიურ საზ-ებად; აირჩიეს ამ საზ-ების თავ-რედ. 

თხზ.: თიკანაძე, ი. (1931).  მშობიარობის შემდეგ ატონიური სისხლის დენა და მასთან ბრძოლის საშუალებანი: კლინიკური მონოგრაფია. ტფ., სახელგამის გა-მა; თიკანაძე, ი. (1937). შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები და მათი მნიშვნელობა ქალის სასქესო სფეროს პათო-ფიზიოლოგიაში: ექიმთა და სტუდენტთათვის. თბ., საქბიომედგამის გამ-ბა; თიკანაძე, ი. (1920). სამეცნიერო ტერმინოლოგიის მასალები. ტფ.; თიკანაძე, ი. (1914).  წვეთი სისხლის მოგზაურობა, ტფ.

ლიტ.: გიგინეიშვილი მ. (1979). თიკანაძე ივანე ელიშუქის ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4. თბ., გვ. 682; თიკანაძე ივანე ელიშუქის ძე. თბილისი: ენციკლოპედია. თბ., 2002, ISBN 9992820322; თიკანაძე ივანე ელიშუქის ძე. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 4. თბ., 2018, გვ. 69; იმედაშვილი, ი. (2021). ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801-1952: ტ. 2: ე-ლ. თბ.