თიკანაძე გურამ (გიორგი) ვასილის ძე
თიკანაძე გურამ (გიორგი) ვასილის ძე

თიკანაძე გურამ (გიორგი) ვასილის ძე (12.IX.1932, სოფ. კვირიკეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპ. – 27.VII.1963, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი (1956). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში (1956-1959). გატაცებული იყო სპორტის სხვადასხვა სახეობით. კრივში პირველი თანრიგოსანი იყო  (1956). ფოტოგრაფიას მეშვიდე კლასიდან მოჰკიდა ხელი თბილ. პიონერთა და მოსწავლეთა  სასახლის ფოტოწრეში ცნობილი ფოტოგრაფების ნ. საღარაძისა და ს. ახვლედიანის ხელმძღვანელობით, რ–იც შემდეგ მის სახელს ატარებდა (1975-დან). თ. გ.–ს პირველი წარმატება მოუტანა ნამუშევარმა „წყლის სიმღერა“ (1958). შემდეგ მუშაობა დაიწყო ჟურნალ „დროშას” ფოტოკორესპონდენტად (1959). ამავე წელს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშ. ფესტივალზე ვენაში დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით ფოტოსთვის "ოლე", რაც პირველი საერთაშ. ჯილდოა ქართ. ფოტოგრაფიის ისტორიაში. გახდა საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის თბილ. ორგანიზაციის ფოტოსექციის თავ-რე (1962). იმავე წელს მიენიჭა ბრინჯაოს მედალი მოდენას საერთაშ. ფოტოკონკურსზე ნამუშევრისთვის "თბილისის ზღვა". მისი ფოტოები იბეჭდებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში, იტალიაში, ჰონგ-კონგში, მონაწილეობდა საერთაშ. ფოტოგამოფენებში. მისი ცნობილი ფოტოებია: „ტკბილი ნესვი“; „აისი მთაში“; „უტევს მესხი“; „თეთნულდი — სვანეთის პატარძალი“; „უშბა“; „თენსინგ ნორგეი“, „წვიმის პარადოქსი“; „ძველი თბილისი" და სხვა. თავის შემოქმედებაში იგი პუბლიცისტურობას პოეტურ აზროვნებასთან ათავსებდა. მისი შემოქმედება საბჭ. დროის ე.წ. „დათბობის“ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ახალგაზრდა ფოტოგრაფები შეგნებულად უარს ამბობდნენ ინსცენირებული ფოტოგრაფიის კანონებზე და თამამად ამკვიდრებდნენ რეპორტაჟულ ფოტოს. თ. გ.–მ დიდი გავლენა მოახდინა ქართ. ფოტოგრაფიის განვითარებაზეც. მან შექმნა ერთგვარი კულტურულ-გენეტ. ტრადიცია ქართულ ფოტოგრაფიაში. სტუდენტობისას გაიტაცა ალპინიზმმა. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ორმოცამდე მწვერვალი დალაშქრა. მისი პირველი მწვ. იყო „სპარტაკი“ (1952). ადიოდა მეხუთე კატეგორიის მწვერვალებზე (1957-დან). პირველი ასეთი მწვ. იყო ,,ღარმოს პიკი“ პამირზე. განახორციელა სარეკორდო 14 მწვერვალის ტრავერსი ფასის მთიდან თეთნულდამდე და გახდა საბჭ. კავშირის ჩემპიონატის ვერხლის პრიზიორი (1958). ხელმძღვანელობდა უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსს (1961). სპორტულ ჯგუფთან ერთად, რ–საც თავად ხელმძღვანელობდა, დალაშქრა თეთნულდი (1963). ჯგუფი ავიდა შხარაზე (21.VIII.1963).  დაიღუპა მთიდან დაშვებისას (27.VIII.1963). მან თავად ჩაარჭო კლდის ნაპრალში პალო, დაკიდა თოკი და დაიწყო დაშვება, მაგრამ პალო ნაპრალიდან ამოვარდა. მისი ცხედარი მთასვლელთა ჯგუფმა ბ. ხერგიანის და ჭ. ჩართოლანის მეთურობით ჩამოასვენა მთიდან. სვანეთში, სოფ. ლატალში ადგილ. მოსახლეობის ინიციატივითა და ძალისხმევით გაიხსნა გ. თიკანაძის სახ. სპორტ. კომპლექსი და მუზეუმი ცენტრი (1980). ამავე წელს, აქვე, დაარსდა ზეიმი „გურამობა", რ-იც აღინიშნება 12 სექტემბერს. თ.გ.–ს სახელი ეწოდა ერთ-ერთ მწვერვალს აღმოსავლეთ საქართვ. მთიანეთში. მის დაღუპვას ლექსი მიუძღვნა მ. ლებანიძემ.