თევზაძე გიორგი არტემის ძე (5.VII.1914, ქუთაისი - 23.VIII.1988, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1934). თბილ. ჰიდრომეტეოროლ. ობსერვატორიის დამკვირვებელი, ლაბორანტი (1931-1934); თსუ-ის ასტრონომიის კათედრის ასპირანტი (1934-1937); შეთავსებით აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის უმცროსი მეცნ-თანამშრომელი (1935-1936); საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის თეორ. მექანიკის კათედრა; პარალელურად - ამავე ინ-ტის გეოდეზიისა და სამარქშეიდერო საქმის კათედრა (1942-1988). იგი იკვლევდა ჯერადი სისტემების მდგრადობის საკითხებს. შეიმუშავა ვარსკვლავთა ზოგიერთი ჯერადი სისტემის დაშლის კრიტერიუმები. აბასთუმნის ობსერვატორიაში მუშაობის დროს, ტელესკოპით, ასტრო-ფოტოგრაფიის გზით მან აღმოაჩინა მანამდე უცნობი ორი ახალი კომეტა, რომელთაც ეწოდა - "კომეტა 1942 თევზაძე 1" და "კომეტა 1942 თევზაძე 2" (1942). ეს იყო საქართვ. მთელი ისტორიის მანძილზე პირველი ასტრონ. აღმოჩენა. ამ აღმოჩენის გამო თ.გ. წყნარი ოკეანის ასტრონომიულმა კორპორაციამ სან-ფრანცისკოში დააჯილდოვა "ჟოზეფ დონოჰოეს" მედლით და სამკერდე ნიშნით. მის კალამს ეკუთვნის სამეცნ. მონოგრაფია - "რუსთაველის კოსმოლოგია", სადაც დასაბუთებულია, რომ რუსთაველის "ვეფხისტყაოსანში" გამოთქმული პოეტის ასტრალური წარმოდგენები და შეხედულებები მზის სისტემაზე, გაცილებით სწორი და პროგრესული იყო, ვიდრე მაშინ საყოველთაოდ მიღებული პტოლემეოსის გეოცენტრული სისტემა. ასტრონომი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1964). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1980).