-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი
ტერელაძე ალექსანდრე (ალიოშა) კონსტანტინეს ძე (18. IV. 1922, ბათუმი-1. III. 1976, თბილ.), გეოგრ. მეცნ. კანდ., დოცენტი (1965). სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. პედაგოგიურ ინ-ტში (1943-1945), შემდეგ სწავლა გააგრძელა თსუ-ის გეოგრ.-გეოლოგიის ფაკ-ტზე გეოგრ. სპეციალობით (1945-1948). გაიარა ასპირანტური კურსი პროფ. ბ. დობრინინის ხელმძღვანელობით (1948-1952). მუშაობდა თსუ-ის ფიზ. გეოგრ. კათედრაზე. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „აჭარისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“ (1962). მასში მოცემულია იმ დროისათვის ნაკლებად შესწავლილი აჭარისა და ანატოლიის (აზიური თურქეთის) ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის ლანდშაფტური დახასიათება. სამუშაო შესრულდა საველე დაკვირვებებისა და ლიტერატურულ წყაროების ანალიზისა და განზოგადოების საფუძველზე. ტ. ა. ასევე იკვლევდა საქართვ. ნოტიო სუბტროპიკებისა და სამხრეთ საქართვ. ვულკანური მთიანეთის ბუნებრივ პირობებს. მას ეკუთვნის ამ რეგიონებისადმი მიძღვნილი 40-მდე ნაშრომი, რომელთა დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია: „აღმოსავლეთი ჭანეთის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათებისათვის“ (თსუ-ის შრომები1959, ტ. 72); “კოლა-არტანიის ვულკანური მთიანეთის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათებისათვის” (თსუ-ის შრომები, 1963, ტ. 90); “ჭოროხის შუა წელის აუზის ფიზიკურ გეოგრაფიული დახასიათებისათვის” (თსუ-ის შრომები, 1967, ტ. 122); “არსიანის ქედის ლანდშაფტის ძირითადი ტიპები” (თსუ-ის შრომები, 1972)
თხზ.: ტერელაძე ა. (1953). დასავლეთ ევროპის ფიზიკური გეოგრაფია. თბ., უნ-ტის გამ-ბა;
ლიტ.: ხარაძე, კ. (თანაავტორი). (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება, ISBN 9992806982.