თავრიზიშვილი გიორგი ესტატეს ძე
თავრიზიშვილი გიორგი ესტატეს ძე

თავრიზიშვილი გიორგი ესტატეს ძე (13.V.1913, თბილისი -10.III.1994, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1937) და ასპირანტურა (1940). ფილოსოფიის მეცნ. კანდ.,დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,სოლომონ დოდაშვილის ფილოსოფიური შეხედულებანი“ (1940). ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ზნეობრივი ცნობიერების ბუნება და სტრუქტურა“ (1966), პროფესორი (1967). II მსოფლიო ომის მონაწილე (1941–1945). მუშაობდა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტზე სხვადასხვა სამეცნ.-პედაგოგიურ თანამდებობაზე. იყო თსუ-ის დოცენტი, შემდგომ პროფესორი და ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის კათედრის გამგე. თ. გ.-ს სამეცნ. კვლევის სფერო იყო: ეთიკა, ესთეტიკა და ქართ. ფილოსოფიის ისტორია. მან საფუძვლიანად შეისწავლა ზნეობრივი ცნობიერების ბუნება, მორალური ფასეულობების სისტემა და მათი როლი პიროვნების ფორმირებაში. იკვლევდა ქართულ განმანათლებლობას, კერძოდ, ს. დოდაშვილისა და ი. ჭავჭავაძის მსოფლმხედველობას. მის ნაშრომებში გაანალიზებულია ეთიკურისა და ესთეტიკურის დიალექტიკური კავშირი საზ-ებრივ ცხოვრებაში.

თხზ.: თავრიზიშვილი, გ. (1954). სოლომონ დოდაშვილის ფილოსოფიური და სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებანი. თბ., სახელგამი; თავრიზიშვილი, გ. (1961). ზნეობრივი ცნობიერების ბუნებისათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა; თავრიზიშვილი, გ. (1965). ეთიკური ნარკვევები. თბ., ნაკადული; თავრიზიშვილი, გ. (1971). ეთიკის საფუძვლები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; თავრიზიშვილი, გ. (1983). ილია ჭავჭავაძის მსოფლმხედველობა. თბ., მეცნიერება.